მეწყერი

მერია: უხვ ნალექს არანაირი ზეგავლენა არ მოუხდენია მაჭავარიანის ქუჩის მეწყერზე

Facebook/Tea Godoladze

თბილისის მერის მოადგილის, ირაკლი ბენდელიანის თქმით, 30 აპრილის ღამით თბილისში მოსულ უხვ ნალექს ვაშლიჯვრის მეწყრულ ზონაზე ზეგავლენა არ მოუხდენია. მისივე თქმით, უახლოეს დღეებში მეწყრულ ზონაში სამუშაოების მეორე ეტაპი დაიწყება, რაც უშუალოდ მეწყრის გამაგრებას გულისხმობს. 

"სრული პასუხისმგებლობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ გუშინდელ უხვ ნალექს არანაირი ზეგავლენა არ მოუხდენია და იგივე მდგომარეობა გვაქვს. ეს იმას ნიშნავს, რომ კონკრეტული ადგილი არის სრულიად უსაფრთხო. როგორც იცით, პირველი რიგის სამუშაოები უკვე ჩატარებულია. უახლოეს დღეებში გვექნება დეტალური დაექსპერტებული პროექტი, რის მიხედვითაც მეორე ეტაპის სამუშაოებს დავიწყებთ – ეს გულისხმობს უშუალოდ მეწყრის გამაგრებას. შესაბამისად, მოსახლეობა მინდა დავამშვიდო, რომ არანაირი საფრთხე არ არსებობს". – თქვა ბენდელიანმა. 


თბილისის მერიის ინფორმაციით, გასული წლების განმავლობაში მაჭავარიანის ქუჩასა და მიმდებარე ფერდზე "გარკვეული მოქმედებების გამო" მეწყრული პროცესი გააქტიურდა. 17 მარტს მაჭავარიანის ქუჩისა და მიმდებარე ფერდის ფოტოები გავრცელდა, ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად 16 მარტიდან შეიზღუდა.

გეოლოგებისა და სპეციალისტების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ მეწყრის გამომწვევი ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ადგილზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებია, თუმცა თბილისის მერის მოადგილის, ირაკლი ბენდელიანის თქმით, სამშენებლო სამუშაოების შეჩერების მიზეზი არ არსებობს და ადგილზე ხელოვნური ნაგებობები იმისთვის შენდება, რათა მომავალში გადაადგილება უსაფრთხო იყოს. 

მაჭავარიანი-მარშალ გელოვანის ქუჩების დამაკავშირებელი გზის პროექტის სამშენებლო სამუშაოები 2020 წლის ივლისში დაიწყო და 2021 წლის მარტის ბოლოსთვის უნდა დასრულებულიყო, თუმცა, კომპანია "ბლექ სი გრუპმა", რომელიც ამ პროექტს უდგას სათავეში, სამუშაოები დროებით შეაჩერა. პროექტის ღირებულება, დაახლოებით, 15 მლნ ლარს შეადგენს.

20 მარტს დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, თეა გოდოლაძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მაჭავარიანის ქუჩის მიმდებარე მეწყრულ ტერიტორიაზე ახალი ბზარები გაჩნდა.

უცხოელი ინჟინერ-გეოლოგები, რომლებიც თბილისის მერიამ პროცესის შესასწავლად მოიწვია, თბილისში 22 მარტს ჩამოვიდნენ და საქართველო უკვე დატოვეს, ისინი აპრილის ბოლომდე დისტანციურად იქნებიან პროცესში ჩართულნი. მოწვეული გეოინჟინერის, პეტერ ნიუმანის თქმით, საკითხი კომპლექსურია, გადაჭრის ერთი, კონკრეტული გზა არ არსებობს და, შესაძლოა, ეს იყოს საწყისი ეტაპი მასშტაბური მეწყრის ჩამოყალიბებისა.

25 მარტს ცნობილი გახდა გეგმა, თუ რა სამუშაოების ჩატარებას გეგმავს თბილისის მერია. საწყის ეტაპზე იგეგმება დროებითი წინაღობის გაკეთება, უსაფრთხო მისასვლელი გზების მოწყობა და გარკვეულ უბნებზე მიწის მასის მოჭრა, რის მიზანიც არის ის, რომ ფერდს, სადაც მეწყერი პროგრესირებს, დაუბრუნდეს ბუნებრივი მდგომარეობა და ანკერული პრინციპით შეჩერდეს მისი მოძრაობა. გარდა ამისა, კვირის ბოლომდე დამონტაჟდება დამატებითი მონიტორინგის სისტემაც. მერია მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებებში 7 მილიონი ლარის დახარჯვას აპირებს.

კომენტარები