პოლიტიკური კრიზისი

რიში: კომპრომისის ნახვა პირველი ნაბიჯი იყო, შეთანხმების გამძლეობის ტესტი განხორციელებაა

ჯიმ რიში
Bloomberg

აშშ-ს სენატორი რესპუბლიკური პარტიიდან, ჯეიმს რიში, საქართველოში პოლიტიკურ პარტიებს შორის 19 აპრილის შეთანხმებას გამოეხმაურა. განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"ორშაბათის პოლიტიკური შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ოპოზიციური პარტიის ლიდერებს შორის მნიშვნელოვანი ნაბიჯია პოლიტიკური კრიზისის გადასაჭრელად, რამაც ქვეყანა თვეების განმავლობაში მოიცვა. მოხარული ვარ, რომ ვხედავ, შეთანხმება მოიცავს საარჩევნო და სასამართლო რეფორმებს, რეზოლუციას ორი დაპატიმრებულ ოპოზიციონერზე და გარანტიას, რომ ოპოზიცია პარლამენტს შეუერთდება. ორივე მხარემ აჩვენა ლიდერობა და გამბედაობა თავიანთ ძალისხმევაში, რომ კომპრომისზე წავიდნენ თავიანთი ქვეყნისა და ყველა ქართველის სასარგებლოდ და ამ შეთანხმებას შეუძლია საქართველო ევროატლანტიკური ტრაექტორიაზე დააბრუნოს. 

ამ მოლაპარაკებების პროცესში მადლიერი ვარ ევროკავშირის ლიდერობის და ელჩი დეგნანის მეთაურობით აშშ-ს საელჩოს დაუღალავი მუშაობის.

კომპრომისის მოძებნა პირველი ნაბიჯი იყო, მაგრამ შეთანხმების გამძლეობის ნამდვილი ტესტი მისი განხორციელება იქნება. ორივეს – ქართულ ოცნებას და ოპოზიციას აქვს პასუხისმგებლობა, რომ დაიცვას ეს შეთანხმება წერილობით და ასევე სულიერად, და რომ აღადგინოს პოლიტიკური ნდობა. როგორც მრავალჯერ მაქვს ნათქვამი, საქართველომ უნდა გადაუხვიოს პოლიტიკური დევნის [გზიდან] და ძლიერი, წარმატებული საქართველოს მშენებლობისკენ წავიდეს. ეს ქვეყანას ამ მიმართულებით წაიყვანს, თუმცა აშშ, მათ შორის საქართველოს მეგობრები აშშ-ს კონგრესში, დიდი ყურადღებით [ადევნებენ თვალს]".


ოპოზიციური პარტიებიდან შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერეს ლელომ (ბადრი ჯაფარიძე, მამუკა ხაზარაძე), სტრატეგია აღმაშენებელმა (გიორგი ვაშაძე), გირჩმა (ვახტანგ მეგრელიშვილი), გირჩი-მეტი თავისუფლებამ (ზურაბ ჯაფარიძე), მოქალაქეებმა (ალეკო ელისაშვილი), რესპუბლიკურმა პარტიამ (ხათუნა სამნიძე), ასევე, ინდივიდუალურად მოაწერეს ხელი არჩეულმა დეპუტატმა დავით ბაქრაძემ და ენმ-ის წევრმა სალომე სამადაშვილმა და ყოფილმა თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ. დღეს, 20 აპრილს, დოკუმენტს ხელი მოაწერა ევროპული საქართველოს სიის წევრმა, არმაზ ახვლედიანმა და შალვა შავგულიძემ.

შეთანხმების დოკუმენტს ხელი ასევე მოაწერეს გიორგი გახარიას გუნდის წევრებმა და ევროპელმა სოციალიტებმა (დავით ზილფიმიანი).

ქართული ოცნებიდან ხელი მოაწერეს არჩილ თალაკვაძემ და შალვა პაპუაშვილმა.

შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი არ მოაწერეს ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ, ევროპულმა საქართველომ და ლეიბორისტულმა პარტიამ. ენმ-ს განცხადებით, მოლაპარაკების სივრცის გასახსნელად აუცილებელია ნიკა მელიას უპირობოდ, გირაოს გარეშე გათავისუფლება.

დოკუმენტს ხელს არ აწერს ევროპული საქართველოს საარჩევნო სიის წევრი ელენე ხოშტარია

ევროპული საქართველოს ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით კი, "ჩვენს სიტყვას აქვს ფასი, როცა რაღაცას ვამბობთ, იმას ვაკეთებთ". მან აღნიშნა, რომ თვითმმართველობის არჩევნების შედეგებზე ვადამდელი არჩევნების მიბმა არასწორია და ეს საკითხი გამოსასწორებელია. 

კომენტარები