პოლიტიკური კრიზისი

"მოვედი ხელის მოსაწერად" – არმაზ ახვლედიანი EU-ს წარმომადგენლობის ოფისში მივიდა

ევროპული საქართველოს საარჩევნო სიის წევრი, არმაზ ახვლედიანი შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელის მოსაწერად ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში მივიდა. 

"მე მოვედი ხელის მოსაწერად. მოვედი იმიტომ, რომ რაც აქამდე გაკეთდა დიდი ძალისხმევით ოპოზიციის, სამოქალაქო აქტივისტების, ეს არის მხოლოდ დასაწყისი. დასასრულებელია ეს ბრძოლა და უნდა მოხდეს არანორმალური სისტემის სრული დემონტაჟი, რომელიც შეიქმნა ამ წლების განმავლობაში. თუ ეს ასე არ მოხდა, ეს ქაღალდი, რაზეც ხელი უნდა მოვაწერო, იქნება ფარატინა ქაღალდი. მე მზად ვარ ბრძოლისთვის". – თქვა ახვლედიანმა TV პირველთან ინტერვიუში.

არმაზ ახვლედიანის თქმით, გადაწყვეტილება პარტიასთან არ შეუთანხმებია. 

"მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველა პარტია, მათ შორის, ევროპული საქართველოც, მალე შეუერთდება ამ ოპოზიციურ ერთობას, რომელიც დრეს იწყებს რეალურად ბრძოლის ახალ ეტაპს ქართული ოცნების წინააღმდეგ". – ამბობს ის.

დოკუმენტზე ხელის მოწერას აპირებს ევროპული საქართველოს სიის კიდევ ერთი წევრი - შალვა შავგულიძეც. პარტიის ყოფილმა წევრი, ელენე ხოშტარია კი დოკუმენტზე ხელის მოწერას არ აპირებს.

პრეზიდენტის სასახლეში ოპოზიციური პარტიების ნაწილმა და ქართულმა ოცნებამ ხელი მოაწერეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის დოკუმენტს - საქართველოს წინსვლის გზა.

ოპოზიციური პარტიებიდან ხელი მოაწერეს ლელომ (ბადრი ჯაფარიძე, მამუკა ხაზარაძე), სტრატეგია აღმაშენებელმა (გიორგი ვაშაძე), გირჩმა (ვახტანგ მეგრელიშვილი), გირჩი-მეტი თავისუფლებამ (ზურაბ ჯაფარიძე), მოქალაქეებმა (ალეკო ელისაშვილი), რესპუბლიკურმა პარტიამ (ხათუნა სამნიძე), ასევე, ინდივიდუალურად მოაწერეს ხელი არჩეულმა დეპუტატმა დავით ბაქრაძემ და ენმ-ის წევრმა სალომე სამადაშვილმა.

ქართული ოცნებიდან ხელი მოაწერეს არჩილ თალაკვაძემ და შალვა პაპუაშვილმა.

შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი არ მოაწერეს ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ, ევროპულმა საქართველომ და ლეიბორისტულმა პარტიამ. ენმ-ს განცხადებით, მოლაპარაკების სივრცის გასახსნელად აუცილებელია ნიკა მელიას უპირობოდ, გირაოს გარეშე გათავისუფლება.

ევროპული საქართველოს ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით კი,  "ჩვენს სიტყვას აქვს ფასი, როცა რაღაცას ვამბობთ, იმას ვაკეთებთ". მან აღნიშნა, რომ თვითმმართველობის არჩევნების შედეგებზე ვადამდელი არჩევნების მიბმა არასწორია და ეს საკითხი გამოსასწორებელია. 

კომენტარები