პოლიტიკური კრიზისი

ხოჯევანიშვილი: გახარიას გუნდი დოკუმენტს ხელს მოვაწერთ

ალექსანდრე ხოჯევანიშვილი
ფორმულა

ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატისა და ექსპრემიერის, გიორგი გახარიას გუნდის წევრის, გიორგი ხოჯევანიშვილის თქმით, გახარიას გუნდი შეთანხმების დოკუმენტს ხელს მოაწერს.

"დღეს კრიზისის განმუხტვა მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის მომავალი პერსპექტივისთვის. უკვე დღეს ჩვენი მოქალაქეები, ოჯახები ისეთი მასშტაბური პრობლემების წინაშე დგანან, როგორიც არის ყოველდღიური შემოსავლისა და ჯანმრთელობისთვის ბრძოლა. ამ ფონზე რადიკალიზმის გაგრძელება უბრალოდ შეუძლებელია. ეს არ არის იდეალური შეთანხმება ჩვენი ქვეყნისთვის, ეს არის არსებული კრიზისის განმუხტვის და დაძაბულობის შემცირების შესაძლებლობა, რასაც ჩვენ, რა თქმა უნდა, გამოვიყენებთ და ხელს მოვაწერთ დოკუმენტს. ვთვლით, რომ ხელმოწერასთან ერთად მნიშვნელოვანია, მხარეებმა აიღონ პასუხისმგებლობა შეთანხმებით გათვალისწინებული პუნქტების სრულად და ხარისხიანად შესრულებაზე". – ამბობს გიორგი ხოჯევანიშვილი პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე. 

"გახარიასთან ერთად ერთობლივი გადაწყვეტილებით" ქართული ოცნება 6-მა დეპუტატმა - გიორგი ხოჯევანიშვილმა, ბექა ლილუაშვილმა, ალექსანდრე მოწერელიამ, მიხეილ დაოშვილმა, ანა ბუჩუკურმა და შალვა კერესელიძემ 14 აპრილს დატოვა.  

გუშინ, 19 აპრილს, პრეზიდენტის სასახლეში ოპოზიციური პარტიების ნაწილმა და ქართულმა ოცნებამ ხელი მოაწერეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის დოკუმენტს - საქართველოს წინსვლის გზა.

ოპოზიციური პარტიებიდან ხელი მოაწერეს ლელომ (ბადრი ჯაფარიძე, მამუკა ხაზარაძე), სტრატეგია აღმაშენებელმა (გიორგი ვაშაძე), გირჩმა (ვახტანგ მეგრელიშვილი), გირჩი-მეტი თავისუფლებამ (ზურაბ ჯაფარიძე), მოქალაქეებმა (ალეკო ელისაშვილი), რესპუბლიკურმა პარტიამ (ხათუნა სამნიძე), ასევე, ინდივიდუალურად მოაწერეს ხელი არჩეულმა დეპუტატმა დავით ბაქრაძემ და ენმ-ის წევრმა სალომე სამადაშვილმა. დღეს, 20 აპრილს, დოკუმენტს ხელი მოაწერა ევროპული საქართველოს სიის წევრმა, არმაზ ახვლედიანმა.

ქართული ოცნებიდან ხელი მოაწერეს არჩილ თალაკვაძემ და შალვა პაპუაშვილმა.

შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი არ მოაწერეს ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ, ევროპულმა საქართველომ და ლეიბორისტულმა პარტიამ. ენმ-ს განცხადებით, მოლაპარაკების სივრცის გასახსნელად აუცილებელია ნიკა მელიას უპირობოდ, გირაოს გარეშე გათავისუფლება.

ევროპული საქართველოს ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით კი,  "ჩვენს სიტყვას აქვს ფასი, როცა რაღაცას ვამბობთ, იმას ვაკეთებთ". მან აღნიშნა, რომ თვითმმართველობის არჩევნების შედეგებზე ვადამდელი არჩევნების მიბმა არასწორია და ეს საკითხი გამოსასწორებელია. 

კომენტარები