დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

NATO, აშშ, ევროკავშირი გმობს რუსეთის მიერ შავი ზღვის ნაწილების 6 თვით ჩაკეტვის გეგმებს

16 აპრილს NATO-ში განაცხადეს, რომ რუსეთის გეგმები ექვსი თვით შავი ზღვის ნაწილებში საზღვაო მიმოსვლის შეზღუდვის შესახებ სამხედრო მანევრების ჩატარების ფონზე "გაუმართლებელი და დესტაბილიზაციის გამომწვევი იქნება". NATO-მ რუსეთს მოსთხოვა, რომ უკრაინას თავისუფალი ნავიგაციის უფლება არ შეუზღუდოს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ მოსკოვი 24 აპრილიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით უცხოური სამხედრო გემებისთვის და სხვა გემებისთვის შავი ზღვის ნაწილების ჩაკეტვას გეგმავს.

"24 აპრილის 21:00 საათიდან 31 ოქტომბრის 21:00 საათამდე უცხოური სამხედრო გემებისა და სხვა სახელმწიფო გემებისათვის რუსეთის ფედერაციის ტერიტორიული ზღვით გასვლა შეჩერდება" - აცხადებენ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში.

შეზღუდვები შეეხება ყირიმის დასავლეთ ნაწილს, სამხრეთ სანაპირო ზოლს სევასტოპოლიდან გურზუფამდე და ოპუკსკის ნაკრძალის მახლობლად ქერჩის ნახევარკუნძულის "მართკუთხედს". 

NATO რუსეთს მოუწოდებს, დაუყოვნებლივი დეესკალაციის, პროვოკაციების შეწყვეტისა და საერთაშორისოდ ნაკისრი ვალდებულებების პატივისცემისკენ:

"ჩვენ შეშფოთებულნი ვართ ცნობებით, რომ რუსეთი გეგმავს შავი ზღვის და ქერჩის სრუტის ნაწილებზე წვდომის შეზღუდვას... რუსეთის მოვუწოდებთ, რომ უზრუნველყოს აზოვის ზღვაში უკრაინულ პორტებთან თავისუფალი წვდომა და დაუშვას მიმოსვლის თავისუფლება".

NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის სპიკერმა აღნიშნა, რომ რუსეთის მიმდინარე სამხედრო გაძლიერება ყირიმში, შავ ზღვასა და აზოვის ზღვაში საფრთხეა უკრაინის დამოუკიდებლობისთვის და ფართო რეგიონში სტაბილურობას ძირს უთხრის.

 გაეროს კონვენციაში ზღვის კანონის შესახებ აღნიშნულია, რომ რუსეთმა ხელი არ უნდა შეუშალოს ან შეაჩეროს აზოვის ზღვის პორტებში ტრანზიტი საერთაშორისო სრუტით .

რუსეთის გადაწყვეტილება მალევე დაგმეს უკრაინაში, აშშ-სა და ევროკავშირშიც. 

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ, რუსეთის გეგმები უკრაინის სუვერენული უფლებების უზურპაციად შეაფასა. 

პენტაგონი რუსეთს მოუწოდებს შეწყვიტოს რეგიონში ხომალდების შევიწროება და შავ ზღვაში საერთაშორისო საზღვაო ტრანზიტის შეფერხება, განსაკუთრებით ქერჩის სრუტესთან:

"რუსეთს ისტორია აქვს უკრაინული გემების წინააღმდეგ აგრესიული ქმედებების განხორციელების, შავ ზღვაში, განსაკუთრებით ქერჩის სრუტის მახლობლად, საერთაშორისო საზღვაო ტრანზიტის შეფერხების ისტორია აქვს".

ევროკავშირმა რუსეთის პროვოკაციას "ძალიან შემაშფოთებელი" უწოდა და აღნიშნა, რომ მოსკოვმა გემების თავისუფალი მიმოსვლა უნდა დაუშვას. 

"რუსეთის ფედერაციის განზრახვა დახუროს შავი ზღვის გარკვეული ნაწილები 2021 წლის ოქტომბრამდე სამხედრო წვრთნების საბაბით ძალიან შემაშფოთებელია". - განაცხადა ჯოზეფ ბორელმა

მოგვიანებით, რუსეთის სამთავრობო მედიამ, RIA-მ, გაავრცელა ინფორმაცია, რომ დაგეგმილი შეზღუდვები გავლენას არ მოახდენს ქერჩის სრუტეში ან მის შესასვლელ პუნქტებში საზღვაო მიმოსვლაზე. 

შეგახსენებთ, რომ 2018 წელს ქერჩის სრუტეში რუსეთმა სამ უკრაინულ ხომალდს ცეცხლი გაუხსნა და დააკავა. დააკავეს მეზღვაურებიც. მოგვიანებით, რუსეთმა უკრაინას დაკავებული ხომალდები გაფუჭებული დაუბრუნა, მეზღვაურები კი სხვა პატიმრებში გაცვალეს.

აღსანიშნავია, რომ  9 აპრილს გავრცელებული ინფორმაციით, აღმოსავლეთ უკრაინაში დაძაბულობის ფონზე, აშშ შავ ზღვაში 2 სამხედრო გემის გაგზავნას აპირებდა, თუმცა აღარ გაგზავნის.

რუსეთის ფედერაციამ აშშ-ს გემების გამოგზავნის გადაწყვეტილებიდან მალევე, შავიზღვისპირეთში მასშტაბური სამხედრო წვრთნები დაიწყო


აღმოსავლეთ უკრაინაში მდგომარეობა მარტის ბოლოს დაიძაბა. 26 მარტს სოფელ შუმასთან სეპარატისტების მიერ გახსნილი საარტილერიო ცეცხლით 4 უკრანელი სამხედრო დაიღუპა. ბოლო პერიოდში ეს ერთ დღეში უკრაინაული მხარის ყველაზე დიდი დანაკარგია. უკრაინაში ეუთოს სპეციალური მონიტორინგის მისიის ანგარიშის თანახმად, 2 აპრილს დონბასში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევის 1 021 შემთხვევა აღირიცხა, მათ შორის 511 აფეთქება. ეუთოს ანგარიშების მიხედვით, ეს ბოლო ერთი თვის მანძილზე აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევის ყველაზე მეტი შემთხვევაა. შეთანხმების სისტემატური დარღვევის ფონზე აქტიურად ვრცელდება სხვადასხვა ფოტო- და ვიდეომასალა, რომელშიც ჩანს უკრაინის სეპარატისტული ტერიტორიებისკენ ან ქვეყნის საზღვრებისკენ მიმავალი რუსული სამხედრო ტექნიკის ეშელონები და  ჯავშანტექნიკის კოლონები.

უკრაინის შეაიარაღებული ძალების მთავარსარდლის, რუსლან ხომჩაკის თქმით, რუსეთი უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში, რუსეთ-უკრაინის საზღვრისკენ, ბრიანსკის, ვორონეჟის რეგიონებში და ანექსირებულ ყირიმში დამატებით ბატალიონებს, ტაქტიკურ ჯგუფებს გზავნის. ხომჩაკი ამბობს, რომ სამხედრო აქტივობას რუსეთი წვრთნების, “დასავლეთი 2021”-სთვის მზადებით ამართლებს. მთავარსარდლის თქმით, ქვეყნის აღმოსავლეთ საზღვრებთან 28 ტაქტიკური ჯგუფია განლაგებული და უკრაინის სამხედრო ძალების შეფასებით, რუსეთი გეგმავს საზღვართან დამატებით 25 ბატალიონის გადასროლას.

კრემლის სპიკერმა დმიტრი პესკოვმა ფაქტობრივად დაადასტურა უკრაინის საზღვრებთან რუსული სამხედრო ძალების მობილიზება. პესკოვის თქმით, "რუსეთი თავისი შეხედულებისამებრ განსაზღვრავს სამხედრო ძალების გადაადგილებას თავისი ტერიტორიის ფარგლებში, ეს არავის უნდა აწუხებდეს და არავისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს". პესკოვმა ასევე აღნიშნა, რომ რუსულ სამხედრო ძალებს "არასოდეს არ მიუღიათ და არ იღებენ მონაწილეობას" დონბასის კონფლიქტში. მისი თქმით, კრემლს არ სურს, რომ "ომი კვლავ გააქტიურდეს უკრაინის პროვოკაციების შედეგად". პესკოვმა ასევე გამოთქვა შიში, რომ "უკრაინული მხარე შეიძლება წავიდეს პროვოკაციებზე, რომელიც ომამდე მიიყვანს საქმეს.

5 აპრილს სატელეფონო საუბარი შედგა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის და ნატოს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს შორის. სტოლტენბერგმა კიდევ ერთხელ დაადასტურა უკრაინის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა, ხოლო ზელენსკიმ აღნიშნა, რომ დონბასში ომის დასრულების ერთადერთი გზა ნატოა.

დაძაბულობის ფონზე ბაიდენის ადმინისტრაციასა და უკრაინის მთავრობის წევრებს შორის აქტიური სატელეფონო კომუნიკაცია გაიმართა.  2 აპრილს აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ისაუბრეს. ეს მათი პირველი სატელეფონო საუბარი იყო. ბაიდენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა შეერთებული შტატების ურყევი მხარდაჭერა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისადმი დონბასსა და ყირიმში მიმდინარე აგრესიის ფონზე. სატელეფონო საუბრები  გაიმართა აშშ-ს თავდაცვის მდივანს, ლოიდ ოსტინსა და უკრაინის თავდაცვის მინისტრ ანდრეი ტარანს შორისაც. ოსტინმა დაგმო რუსეთის აგრესია და პროვოკაციული ქმედებები. სატელეფონო საუბარი შედგა აშშ-ს სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას შორისაც. ყველა ოფიციალურ საუბარში აშშ თავის აქტიურ მხარდაჭერას უდასტურებს უკრაინას.

კომენტარები