უკრაინა-რუსეთი

გაეროს ტრიბუნალი: რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს უკრაინელი მეზღვაურები და გემები

Defence News

საერთაშორისო საზღვაო სამართლის ტრიბუნალის 25 მაისის გადაწყვეტილებით, რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს 2018 წლის 25 ნოემბერს დაკავებული 24 უკრაინელი მეზღვაური და სამი სამხედრო გემი.

ოციდან ცხრამეტმა მოსამართლემ ამ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა. მხოლოდ რუსეთი იყო წინააღმდეგი.

10 მაისს საზღვაო სამართლის საერთშორისო სასამართლომ ამ საქმეზე მოსმენები ჩაატარა, თუმცა სამართალწარმოებაში რუსეთმა მონაწილეობა არ მიიღო.

საერთაშორისო საზღვაო სამართლის ტრიბუნალის პრეზიდენტ ჯინ-იუნ პაიკის თქმით, მოსამართლეთა გადაწყვეტილებით რუსეთმა ქერჩის სრუტეში დაკავებულები უნდა გაათავისუფლოს და მათ უკრაინაში დაბრუნების საშუალება მისცეს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საერთაშორისო საზღვაო სამართალი არ მიესადაგება ქერჩის სრუტეში მომხდარ ინციდენტს, რადგან ტრიბუნალს აქ არ აქვს იურისდიქცია.

საერთაშორისო საზღვაო სამართლის ტრიბუნალის გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, ვერ უზრუნველყოფს აზოვის ზღვაში უკრაინული გემების სრულ წვდომას, თუმცა უკრაინა იმედოვნებს, რომ ტრიბუნალის გადაწყვეტილება მეტ სამართლებრივ წონას შესძენს მის ბრძოლას რუსეთთან.

25 ნოემბერს ქერჩის სრუტეში რუსმა სამხედროებმა უკრაინის სამ სამხედრო კატერს ცეცხლი გაუხსნეს და ხომალდები დაატყვევეს. კიევის ცნობით დაიჭრა ექვსი უკრაინელი სამხედრო. კიევის განცხადებით, ორი ბრონირებული კატერი და ბუქსირი ოდესიდან მარიუპოლში მიცურავენ, რის შესახებაც რუსები ინფორმირებული იყვნენ. მოსკოვი ამტკიცებს, რომ უკრაინელებმა საზღვარი დაარღვიეს. ვლადიმირ პუტინმა მომხდარს უკრაინის ხელისუფლების მხრიდან პროვოკაცია უწოდა.

კომენტარები