ირანი

ირანი: ურანის 60%-მდე გამდიდრება ნათანზის კომპლექსში საბოტაჟზე პასუხია

ჰასან როუჰანი

ირანის პრეზიდენტის, ჰასან როუჰანის თანახმად, ურანის 60%-მდე გამდიდრება ნათანზის ბირთვულ კომპლექსში მოწყობილ საბოტაჟზე ირანის პასუხია. როუჰანიმ აღნიშნა, რომ ირანი არ გეგმავს ბირთვული იარაღის შექმნას.

კვირას ნათანზის ბირთვულ კომპლექსში ელექტროგაყვანილობის პრობლემა შეიქმნა, რამაც აფეთქება გამოიწვია. ინციდენტში ირანი ისრაელს ადანაშაულებს. როუჰანის თანახმად "ზიონისტების დანაშაულზე" პასუხი კომპლექსში ახალი, თანამედროვე ცენტრიფუგების გამოყენება და ურანის 60%-მდე გამდიდრება იქნება.

"რა თქმა უნდა, უშიშროებისა და დაზვერვის წარმომადგენლებმა უნდა წარადგინონ საბოლოო ანგარიშები, მაგრამ როგორც ჩანს, ეს არის ზიონისტების დანაშაული და თუ ზიონისტები იმოქმედებენ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, ჩვენ პასუხს გავცემთ". - თქვა როუჰანიმ

"ჩვენი პასუხი მათ ბოროტ განზრახვაზე არის დაზიანებული ცენტრიფუგების თანამედროვე ცენტრიფუგებით ჩანაცვლება და ნათანზის კომპლექსში ურანის 60%-ით გამდიდრების დაწყება". - თქვა ირანის პრეზიდენტმა.

ირანის ოფიციალურმა პირებმა ნათანზის კომპლექსში მომხდარ ინციდენტს "ბირთვული ტერორიზმი" უწოდეს. ისრაელს მომხდართან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია.

მარტის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ ირანმა ნათანზის მიწისქვეშა ბირთვულ ლაბორატორიაში ურანის გამდიდრება დაიწყო. 2020 წლის იანვარში ირანის მთავრობაში განაცხადეს, რომ 20%-ით გამდიდრებული ურანის წარმოება დაიწყეს. ბოლო პერიოდში ირანი ურანს 4.5%-მდე ამდიდრებდა. შეთანხმებით კი ლიმიტი 3.67% იყო. ბირთვული იარაღის შესაქმნელად 90%-მდე გამდიდრებაა საჭირო. გარდა ამისა ირანი 2021 წლის პირველ ნახევარში ამდიდრებდა ურანის ლითონს და ასევე შეცვალა საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოსთან არსებული პირობები და ვალდებულებები.

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ განაცხადა, რომ ირანის გეგმის შესახებ ინფორმირებულია.

ირანის გადაწყვეტილების შემდეგ საფრანგეთმა თქვა, რომ საპასუხო მოქმედებებს მსოფლიო ძალებთან, მათ შორის აშშ-სთან კოორდინირებულად განიხილავდა. ვაშინგტონმა ირანის ნაბიჯს "პროვოკაციული" უწოდა და აღნიშნა, რომ აშშ-ს ადმინისტრაცია შეშფოთებულია ირანის ქმედებებით და კითხვა უნდა დაესვას, რამდენად სერიოზულადაა განწყობილი ირანი ბირთვულ საკითხებზე მოლაპარაკებების მიმართ.

გასულ კვირას ვენაში დაიწყო მოლაპარაკებები 2015 წლის ბირთვული შეთანხმების შენარჩუნებისთვის, რომელშიც ირანი მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანასთან ერთად მონაწილეობს. მას შემდეგ რაც აშშ-ს ხელისუფლების სათავეში ჯო ბაიდენი მოვიდა, ეს შეთანხმების შენარჩუნების პირველი დიდი მცდელობაა. მოლაპარაკებებს დაესწრებიან აშშ-ს, ირანის, საფრანგეთის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, რუსეთის, ჩინეთისა და ევროკავშირის წარმომადგენლები. მოლაპარაკებები ამერიკულ და ირანულ მხარეს შორის პირისპირ არ შედგება.

ვენის მოლაპარაკებების მიზანი იქნება შედგეს ორი სახის შეთანხმება, ერთი ირანისთვის, მეორე აშშ-სთვის. მათი მეშვეობით უნდა გადაწყდეს, თუ როგორ დაუბრუნდებიან მხარეები 2015 წლის ბირთვული შეთანხმების შესაბამისობას და რა ნაბიჯების გადადგმა დაევალებათ მათ. ევროკავშირის წარმომადგენლების თქმით, მოლაპარაკებების მიზანია, რომ 2 თვეში მიაღწიონ შეთანხმებას.

მოლაპარაკებები შეეხება აშშ-ს მიერ ირანისთვის დაწესებულ სანქციებსაც, რომლებიც იმ შემთხვევაში შეიძლება მოიხსნას, თუკი ირანი ნაკისრ ვალდებულებებს შეასრულებს.

2015 წლის ბირთვული შეთანხმების მიხედვით ირანს სანქციების მოხსნის სანაცვლოდ უარი უნდა ეთქვა ბირთვული იარაღის წარმოებაზე. თუმცა მას შემდეგ, რაც ირანი ხელშეკრულების გარკვეული პუნქტების დარღვევაში დაადანაშაულეს, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით 2018 წელს აშშ-მ შეთანხმება დატოვა.

აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენი მხარს უჭერს 2015 წლის ბირთვულ შეთანხმებაში დაბრუნებას, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ირანი დაიწყებს შეთანხმების პირობების შესრულებას. თებერვალში ბაიდენმა თქვა, რომ ირანისათვის დაწესებულ ეკონომიკურ სანქციებს არ მოხსნიან, სანამ ქვეყანა 2015 წლის ბირთვული შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას არ დაიწყებს. მარტის დასაწყისში კი ბაიდენმა ირანისთვის ეკონომიკური სანქციების კიდევ ერთი წლით გახანგრძლივებას მოაწერა ხელი.

თავის მხრივ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობდა, რომ ირანი არ აპირებს შეამციროს თავისი ბირთვული პროგრამა, სანამ აშშ ირანისთვის დაწესებულ სანქციებს არ მოხსნის.

კომენტარები