ირანი

ირანი ისრაელს ნათანზის ბირთვულ კომპლექსში საბოტაჟის მოწყობაში ადანაშაულებს

ნათანზის ბირთვული სადგურის ტერიტორია
REUTERS

ირანი ისრაელს ნათანზის ბირთვულ კომპლექსში მომხდარ ინციდენტში ადანაშაულებს. ინფორმაციას ირანის ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით Reuter-ი ავრცელებს. გუშინ, 11 აპრილს ცნობილი გახდა, რომ ნათანზის ბირთვულ კომპლექსში ელექტროგაყვანილობის პრობლემა შეიქმნა, რომელმაც კომპლექსში დენის გათიშვა გამოიწვია.

ორშაბათს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯავად ზარიფმა ღიად დაადანაშაულა ისრაელი.

"ზიონისტებს სურთ შურისძიება სანქციების მოხსნის შემდეგ ჩვენი პროგრესის გამო... მათ საჯაროდ თქვეს, რომ ამას არ დაუშვებდნენ. ჩვენ ვიძიებთ შურს ზიონისტებზე". - ციტირებს ირანული მედია ზარიფს.

ისრაელის მედია წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ მოსადმა ნათანზის კომპლექსში წარმატებით ჩაატარა საბოტაჟის ოპერაცია და პოტენციურად, სამი თვით უკან დაწია სადგურზე ურანის გამდიდრების პროცესი. ინციდენტთან დაკავშირებით ისრაელს ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია.

ელექტროგაყვანილობის პრობლემები, რომლებმაც კომპლექსში დენის გათიშვა გამოიწვია, ნათანზში გუშინ, 10 აპრილს გაჩნდა. ერთი დღით ადრე ცნობილი გახდა, რომ ნათანზის ბირთვულ სადგურზე ურანის გამდიდრებისთვის ახალი ტიპის ცენტრიფუგების გამოყენება დაიწყეს.

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, საიდ ხატიბზადემ მედიასთან საუბრისას ინციდენტი "კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ მოქმედებად" შეაფასა და აღნიშნა, რომ შემთხვევას მსხვერპლი ან რადიოაქტიური დაბინძურება არ გამოუწვევია.

"ჩვენი ექსპერტები აფასებენ ზარალს, მაგრამ შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ირანი ნათანზში ურანის გასამდიდრებელ დაზიანებულ ცენტრიფუგებს გაუმჯობესებული ცენტრიფუგებით ჩაანაცვლებს". - თქვა ხატიბზადემ.

ირანელმა ოფიციალურმა პირებმა ინციდენტი "ბირთვულ ტერორიზმად" შეაფასეს.

პრეზიდენტმა ჰასან როუჰანიმ ნათანზის ბირთვულ კომპლქსში 164 IR-6 ტიპის და 30 IR-5 ტიპის ცენტრიფუგების კასკადი შაბათს, 10 აპრილს გახსნა. IR-5 და IR-6 ტიპის ცენტრიფუგები ურანის უფრო სწრაფად და დიდი რაოდენობით გამდიდრების საშუალებას იძლევა, ვიდრე იმ ტექნოლოგიით, რომელიც ირანს აქამდე ჰქონდა და რომლითაც ურანის გამდიდრება 2015 წლის ბირთვული შეთანხმებით იყო ნებადართული. შეთანხმების მიხედვით, ირანს ურანის გამდიდრება მხოლოდ 3.67%-მდე შეეძლო, ახლა, ახალი ცენტრიფუგების შეუჩერებელი მუშაობით ბევრად მაღალ მაჩვენებელზე ასვლა გახდება შესაძლებელი. ატომური იარაღის დასამზადებლად ურანის 90%-მდე გამდიდრება არის აუცილებელი.

ბოლო ათი წლის განმავლობაში ირანის ბირთვულ კომპლექსებში მომხდარ სხვადასხვა ინციდენტებში ირანი ისრაელს ადანაშაულებს. ისრაელის შეფასებით ირანის ბირთვული პროგრამა მის არსებობას საფრთხეს უქმნის. 2010 წელს გამოაშკარავდა, რომ კომპიუტერული ვირუსმა Stuxnet-ი ნათანზის ბირთვულ კომპლექსზე კიბერთავდასხმისთვის გამოიყენეს, რის შემდეგაც დაზიანდა ცენტრიფუგების კასკადი. მიიჩნევა, რომ კომპიუტერული ვირუსი აშშ-მ და ისრაელმა ერთობლივად შექმნეს. გასული წლის ივლისში ნათანზის კომპლექსში ხანძარი გაჩნდა, რომლის მიზანიც, ირანის შეფასებით, ბირთვული პროგრამის საბოტაჟი იყო. 2020 წლის ნოემბერში ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი და პრეზიდენტი ისრაელს ირანის ბირთვული პროგრამის მთავარი სპეციალისტის, მოჰსენ ფახრიზადეს მკვლელობაში ადანაშაულებდნენ. ისრაელს ფახრიზადეს მკვლელობაზე პასუხისმგებლობა არ აუღია, თუმცა თავისი ჩართულობაც არ უარუყვია.

აღსანიშნავია, რომ 6 აპრილს ვენაში დაიწყო მოლაპარაკებები 2015 წლის ბირთვული შეთანხმების შენარჩუნებისთვის. მას შემდეგ რაც აშშ-ს ხელისუფლების სათავეში ჯო ბაიდენი მოვიდა, ეს შეთანხმების შენარჩუნების პირველი დიდი მცდელობაა. მოლაპარაკებებს დაესწრებიან აშშ-ს, ირანის, საფრანგეთის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, რუსეთის, ჩინეთისა და ევროკავშირის წარმომადგენლები. მოლაპარაკებები ამერიკულ და ირანულ მხარეს შორის პირისპირ არ შედგება.


ვენის მოლაპარაკებების მიზანი იქნება შედგეს ორი სახის შეთანხმება, ერთი ირანისთვის, მეორე აშშ-სთვის. მათი მეშვეობით უნდა გადაწყდეს, თუ როგორ დაუბრუნდებიან მხარეები 2015 წლის ბირთვული შეთანხმების შესაბამისობას და რა ნაბიჯების გადადგმა დაევალებათ მათ. ევროკავშირის წარმომადგენლების თქმით, მოლაპარაკებების მიზანია, რომ 2 თვეში მიაღწიონ შეთანხმებას.

მოლაპარაკებები შეეხება აშშ-ს მიერ ირანისთვის დაწესებულ სანქციებსაც, რომლებიც იმ შემთხვევაში შეიძლება მოიხსნას, თუკი ირანი ნაკისრ ვალდებულებებს შეასრულებს.

2015 წლის ბირთვული შეთანხმების მიხედვით ირანს სანქციების მოხსნის სანაცვლოდ უარი უნდა ეთქვა ბირთვული იარაღის წარმოებაზე. თუმცა მას შემდეგ, რაც ირანი ხელშეკრულების გარკვეული პუნქტების დარღვევაში დაადანაშაულეს, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით 2018 წელს აშშ-მ შეთანხმება დატოვა.

აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენი მხარს უჭერს 2015 წლის ბირთვულ შეთანხმებაში დაბრუნებას, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ირანი დაიწყებს შეთანხმების პირობების შესრულებას. თებერვალში ბაიდენმა თქვა, რომ ირანისათვის დაწესებულ ეკონომიკურ სანქციებს არ მოხსნიან, სანამ ქვეყანა 2015 წლის ბირთვული შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას არ დაიწყებს. მარტის დასაწყისში კი ბაიდენმა ირანისთვის ეკონომიკური სანქციების კიდევ ერთი წლით გახანგრძლივებას მოაწერა ხელი.

თავის მხრივ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობდა, რომ ირანი არ აპირებს შეამციროს თავისი ბირთვული პროგრამა, სანამ აშშ ირანისთვის დაწესებულ სანქციებს არ მოხსნის.

მარტის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ ირანმა ნათანზის მიწისქვეშა ბირთვულ ლაბორატორიაში ურანის გამდიდრება დაიწყო. 2020 წლის იანვარში ირანის მთავრობაში განაცხადეს, რომ 20%-ით გამდიდრებული ურანის წარმოება დაიწყეს. ბოლო პერიოდში ირანი ურანს 4.5%-მდე ამდიდრებდა. შეთანხმებით კი ლიმიტი 3.67% იყო. ბირთვული იარაღის შესაქმნელად 90%-მდე გამდიდრებაა საჭირო. გარდა ამისა ირანი 2021 წლის პირველ ნახევარში ამდიდრებდა ურანის ლითონს და ასევე შეცვალა საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოსთან არსებული პირობები და ვალდებულებები.

კომენტარები