რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ჰიპერი: ისტორიის გადაწერის მცდელობაა, თითქოს ევროკავშირი ბელარუსს ომში ითრევს

ევროკავშირის საგარეო საკითხთა პრესსპიკერი სერგეი ლავროვის განცხადებას გამოეხმაურა მას შემდეგ, რაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მას ბრალი დასდო ზელენსკის "მუქარების" მხარდაჭერაში.

"როცა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი შენს სახელს ახსენებს, ეს, როგორც წესი, იმის ნიშანია, რომ მტკივნეულ წერტილს შეეხე." – წერს ევროკომისიის სპიკერი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ანიტა ჰიპერი, Linkedin-ზე. 

მან ასევე მკაფიოდ უარყო ბელარუსული და რუსული რეჟიმების განცხადებები, რომ ევროკავშირი რუსეთ-უკრაინის ომში მინსკს "ითრევს".

"ფაქტები თავისთავად მეტყველებს. ევროკავშირი მუდმივად განასხვავებს ბელარუსელ ხალხს იმ რეჟიმისგან, რომელიც მათ ჩაგრავს. ჩვენს მიერ შემოღებული ზომები მიმართულია მათ წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებელია რუსეთის უკანონო ომის ხელშეწყობაზე, და არა – ბელარუსელების წინააღმდეგ." – დაწერა ევროკომისიის პრესსპიკერმა. 

ჰიპერის თქმით, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის პირველი დღიდან "ბელარუსულმა რეჟიმმა ხელი შეუწყო მოსკოვის აგრესიას ტერიტორიის, ინფრასტრუქტურის, ლოგისტიკური დახმარებისა და პოლიტიკური მხარდაჭერის სახით." 

"ეს არ არის ნეიტრალიტეტი. ეს თანამზრახველობაა. ასე რომ, როცა ლუკაშენკო ან რუსეთის მთავრობის წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ ევროკავშირი როგორღაც კონფლიქტში ბელარუსს ითრევს, ის ისტორიის გადაწერას ცდილობს." – დაამატა მან. 

ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა 19 ივნისს ბელარუსს 1 კვირა მისცა უკრაინის საზღვრის გასწვრივ განლაგებული რეტრანსლატორების გასათიშად, რომელთა მეშვეობითაც, ზელენსკის თქმით, რუსეთი უკრაინის მოსახლეობაზე ცეცხლის კორექტირებას ახდენდა. 

თავის მხრივ, ლავროვმა 23 ივნისს განაცხადა, რომ რუსეთი მზად იყო ბელარუსის დასაცავად სამოკავშირეო შეთანხმებით გათვალისწინებული ყველა მექანიზმის გამოსაყენებლად. თუმცა, 24 ივნისს ზელენსკიმ თქვა, რომ ბელარუსში განლაგებულმა რეტრანსლატორებმა მუშაობა 22 ივნისიდან შეაჩერეს. 

კიევსა და ლუკაშენკოს შორის დაძაბულობის ფონზე ჰიპერს 22 ივნისს ევროკომისიის ბრიფინგზე ჰკითხეს, უჭერს თუ არა ევროკავშირი მხარს უკრაინის პოზიციას. კითხვაზე პასუხისას ევროკომისიის სპიკერმა გაიმეორა, რომ ბელარუსი განაგრძობს უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის მხარდაჭერას და რომ კიევს აქვს თავდაცვის უფლება. მეორე დღეს კი სერგეი ლავროვმა ჰიპერს "ეს გერმანელი ქალი" უწოდა და მას ბელარუსის წინააღმდეგ ზელენსკის "მუქარების" მხარდაჭერაში დასდო ბრალი. 

"ეს ომი უკრაინას არ აურჩევია, ეს რუსეთმა გააკეთა. ამასობაში ევროპა განაგრძობს ყოველგვარი სამშვიდობო ძალისხმევის მხარდაჭერას, ისევე როგორც უკრაინას – საკუთარი თავის დაცვის უფლების საკითხში." – წერს ჰიპერი Linkedin-ზე გავრცელებულ პოსტში. 

კომენტარები