ირანი

ირანში ნათანზის ბირთვულ კომპლექსში ელექტროგაყვანილობის პრობლემა გაჩნდა

ნათანზის ბირთვული სადგურის ტერიტორია
REUTERS

ირანში ნათანზის მიწისქვეშა ბირთვულ კომპლექსში ელექტროგაყვანილობის პრობლემა შეიქმნა. ინფორმაციას ირანული მედია ავრცელებს

ირანის ატომური ენერგიის ორგანიზაციის წარმომადგენლის, ბეჰრუზ კამალვანდის თანახმად, ინციდენტს მსხვერპლი ან რადიოაქტიული დაბინძურება არ გამოუწვევია. კამალვანდის თქმით, ელექტროგაყვანილობის პრობლემის მიზეზების გამოძიება დაწყებულია.

ნათანზის ბირთვული სადგურს ირანის ბირთვულ პროგრამაში, ურანის გამდიდრებაში წამყვანი ადგილი უჭირავს. სადგური ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ინსპექტორები და გაეროს სადამკვირვებლო ჯგუფი აკვირდებიან.

ელექტროგაყვანილობასთან დაკავშირებულ ინციდენტამდე ერთი დღით ადრე, ცნობილი გახდა, რომ ნათანზის ბირთვულ სადგურზე ურანის გამდიდრებისთვის ახალი ტიპის ცენტრიფუგების გამოყენება დაიწყეს. პრეზიდენტმა ჰასან როუჰანიმ 164 IR-6 ტიპის და 30 IR-5 ტიპის ცენტრიფუგების კასკადი შაბათს, 10 აპრილს გახსნა. გახსნის ცერემონია ირანის ტელევიზიით გადაიცემოდა.

IR-5 და IR-6 ტიპის ცენტრიფუგები ურანის უფრო სწრაფად და დიდი რაოდენობით გამდიდრების საშუალებას იძლევა, ვიდრე იმ ტექნოლოგიით, რომელიც ირანს აქამდე ჰქონდა და რომლითაც ურანის გამდიდრება 2015 წლის ბირთვული შეთანხმებით იყო ნებადართული. შეთანხმების მიხედვით, ირანს ურანის გამდიდრება მხოლოდ 3.67%-მდე შეეძლო, ახლა, ახალი ცენტრიფუგების შეუჩერებელი მუშაობით ბევრად მაღალ მაჩვენებელზე ასვლა გახდება შესაძლებელი. ატომური იარაღის დასამზადებლად ურანის 90%-მდე გამდიდრება არის აუცილებელი.

აღსანიშნავია, რომ 6 აპრილს ვენაში დაიწყო მოლაპარაკებები 2015 წლის ბითვული შეთანხმების შენარჩუნებისთვის. მას შემდეგ რაც აშშ-ს ხელისუფლების სათავეში ჯო ბაიდენი მოვიდა, ეს შეთანხმების შენარჩუნების პირველი დიდი მცდელობაა. მოლაპარაკებებს დაესწრებიან აშშ-ს, ირანის, საფრანგეთის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, რუსეთის, ჩინეთისა და ევროკავშირის წარმომადგენლები. მოლაპარაკებები ამერიკულ და ირანულ მხარეს შორის პირისპირ არ შედგება.


ვენის მოლაპარაკებების მიზანი იქნება შედგეს ორი სახის შეთანხმება, ერთი ირანისთვის, მეორე აშშ-სთვის. მათი მეშვეობით უნდა გადაწყდეს, თუ როგორ დაუბრუნდებიან მხარეები 2015 წლის ბირთვული შეთანხმების შესაბამისობას და რა ნაბიჯების გადადგმა დაევალებათ მათ. ევროკავშირის წარმომადგენლების თქმით, მოლაპარაკებების მიზანია, რომ 2 თვეში მიაღწიონ შეთანხმებას.

მოლაპარაკებები შეეხება აშშ-ს მიერ ირანისთვის დაწესებულ სანქციებსაც, რომლებიც იმ შემთხვევაში შეიძლება მოიხსნას, თუკი ირანი ნაკისრ ვალდებულებებს შეასრულებს.

2015 წლის ბირთვული შეთანხმების მიხედვით ირანს სანქციების მოხსნის სანაცვლოდ უარი უნდა ეთქვა ბირთვული იარაღის წარმოებაზე. თუმცა მას შემდეგ, რაც ირანი ხელშეკრულების გარკვეული პუნქტების დარღვევაში დაადანაშაულეს, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით 2018 წელს აშშ-მ შეთანხმება დატოვა.

აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენი მხარს უჭერს 2015 წლის ბირთვულ შეთანხმებაში დაბრუნებას, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ირანი დაიწყებს შეთანხმების პირობების შესრულებას. თებერვალში ბაიდენმა თქვა, რომ ირანისათვის დაწესებულ ეკონომიკურ სანქციებს არ მოხსნიან, სანამ ქვეყანა 2015 წლის ბირთვული შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას არ დაიწყებს. მარტის დასაწყისში კი ბაიდენმა ირანისთვის ეკონომიკური სანქციების კიდევ ერთი წლით გახანგრძლივებას მოაწერა ხელი.

თავის მხრივ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობდა, რომ ირანი არ აპირებს შეამციროს თავისი ბირთვული პროგრამა, სანამ აშშ ირანისთვის დაწესებულ სანქციებს არ მოხსნის.

მარტის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ ირანმა ნათანზის მიწისქვეშა ბირთვულ ლაბორატორიაში ურანის გამდიდრება დაიწყო. 2020 წლის იანვარში ირანის მთავრობაში განაცხადეს, რომ 20%-ით გამდიდრებული ურანის წარმოება დაიწყეს. ბოლო პერიოდში ირანი ურანს 4.5%-მდე ამდიდრებდა. შეთანხმებით კი ლიმიტი 3.67% იყო. ბირთვული იარაღის შესაქმნელად 90%-მდე გამდიდრებაა საჭირო. გარდა ამისა ირანი 2021 წლის პირველ ნახევარში ამდიდრებდა ურანის ლითონს და ასევე შეცვალა საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოსთან არსებული პირობები და ვალდებულებები.

კომენტარები