ალექსეი ნავალნის საქმე

ნავალნის ყურანის კითხვის საშუალებას არ აძლევენ, ის პოკროვის კოლონიას სასამართლოში უჩივის

ალექსეი ნავალნი
Meduza

ალექსეი ნავალნი პოკროვის კოლონიას სასამართლოში უჩივის. პოლიტიკოსი ამბობს, რომ მას ყურანის კითხვის საშუალებას არ აძლევენ.

"ვინ იფიქრებდა, რომ პირველად ჩემს კოლონიას ყურანის გამო ვუჩივლებდი სასამართლოში". - წერს ნავალნი Instagram-ზე.

პოლიტიკოსის თანახმად, მან პატიმრობაში გადაწყვიტა "სიღრმისეულად შეისწავლოს და გაიგოს" ყურანი. 

"ყველა გარშემო დაუსრულებლად განსჯის ისლამს და მუსლიმებს და, რა თქმა უნდა, განმსჯელთა 99%-ს არაფერი ესმის ამაში". - წერს ნავალნი.

კოლონიაში ნავალნიმ ყურანი სხვა წიგნებთან ერთად მიიტანა, თუმცა პოლიტიკოსს წიგნებს არ აძლევენ, რადგან, ისინი ექსტრემიზმზე უნდა "შემოწმდეს". ნავალნი ამბობს, რომ ასეთ შემოწმებას სამი თვე დასჭირდება.

"ჩემს მეგობრულ საკონცენტრაციო ბანაკში წიგნები ეზიზღებათ". - ამბობს ნავალნი.

ნავალნი ამბობს, რომ უკვე ერთი თვეა, ერთი და იგივე დიალოგი იმართება მასა და კოლონიის ადმინისტრაციას შორის.

"-თქვენ ყურანსაც შეამოწმებთ ექსტრემიზმზე? ეს სისულელე და უკანონობაა!

- თითოეული წიგნი უნდა შემოწმდეს ექსტრემიზმზე. თქვენ გაქვთ ტელევიზორი და შეგიძლიათ უყუროთ". - წერს პოლიტიკოსი.

მარტში ალექსეი ნავალნი პოკროვის მეორე გამოსასწორებელ კოლონიაში გადაიყვანეს. კოლონიაში მისი ჯანმრთელობის მგომარეობა გაუარესდა. მას ზურგის ძლიერი ტკივილები აწუხებს და ფეხში გრძნობას კარგავს. 31 მარტს პოლიტიკოსმა შიმშილობა დაიწყო, ნავალნის მთავარი მოთხოვნაა, დაუშვან მასთან ექიმი. ნავალნის თანახმად, მას კოლონიის ადმინისტრაცია იძულებითი კვებით ემუქრება.


ალექსეი ნავალნი რუსეთში გერმანიიდან 17 იანვარს დაბრუნდა, ის ქვეყანაში ჩასვლისთანავე დააკავეს. გერმანიაში ის "ნოვიჩოკის" ჯგუფის ნერვული აგენტით მოწამვლის შემდეგ მკურნალობდა.

რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახური ნავალნის "ივ როშეს" საქმეზე გამოსაცდელი ვადის დარღვევაში ედავებოდა და პირობითი სასჯელის რეალურით შეცვლას ითხოვდა. 

2 თებერვალს ნავალნის სასამართლომ 2 წლითა და 8 თვით პატიმრობა მიუსაჯა "ივ როშეს" საქმეზე. აღსანიშნავია, რომ ნავალნის თავდაპირველად 3 წლითა და 6 თვით მიუსაჯეს პატიმრობა, თუმცა მის სასჯელს აკლდება შინაპატიმრობაში გატარებული 10 თვე.

2014 წელს ალექსეი ნავალნი და მისი ძმა ოლეგი დამნაშავედ ცნეს თაღლითობაში. გამოძიების ვერსიით, მათ დაარწმუნეს კომპანია "ივ როშე", გაეფორმებინათ არახელსაყრელი კონტრაქტი. რუსეთის სასამართლოს ალექსეი ნავალნის 3.5 წლით პირობითი სასჯელი და 5 წლით გამოსაცდელი ვადა, ხოლო მის ძმას 3.5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მოგვიანებით ალექსეი ნავალნის გამოსაცდელი ვადა ერთი წლით გახანგრძლივდა და, შესაბამისად, 2020 წლის 30 დეკემბერს ამოიწურა.

2017 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ალექსეი ნავალნის და მის ძმას არ ჰქონდათ სამართლიანი სასამართლოს უფლება და განჩინება დაგმო, როგორც "უკანონო და თვითნებური" და "პოლიტიკურად მოტივირებული". რუსეთის ფედერაციამ ნავალნის კომპენსაცია გადაუხადა, თუმცა განაჩენი არ გაუუქმებია.

ალექსეი ნავალნის დაპატიმრებას რუსეთში ხალხმრავალი საპროტესტო აქციები მოჰყვა.

ალექსეი ნავალნის მოწამვლისა და დაპატიმრებისთვის ევროკავშირმა და აშშ-მ კოორდინირებულად რუს მაღალჩინოსნებს სანქციები მარტის დასაწყისში დაუწესეს. ბაიდენის ადმინისტრაციის ოფციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა რუსეთის მთავრობის მაღალი რანგის შვიდ წარმომადგენელს.

25 მარტს კანადის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 9 რუს მაღალჩინოსანსა და ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენელს "რუსეთში ადამიანის უფლებების უხეში და სისტემატური დარღვევისთვის" სანქციები დაუწესა.

კომენტარები