ალექსეი ნავალნის საქმე

"ჩვენი მეგობრული საკონცენტრაციო ბანაკი" – ნავალნი გამოსასწორებელ კოლონიაში გადაიყვანეს

ალექსეი ნავალნი
Meduza

ალექსეი ნავალნიმ თავის ოფიციალურ Facebook-გვერდზე ახალი პოსტი გამოაქვეყნა. ეს მისი პირველი პოსტია პოკროვში № 2 კოლონიაში გადაყვანის შემდეგ.

პოსტში ნავალნი აღნიშნავს, რომ რუსეთის პენიტენციურმა სისტემამ მისი გაოცება შეძლო.

"ვერ წარმომედგინა, რომ შეიძლებოდა მოსკოვიდან 100 კილომეტრის დაშორებით ნამდვილი საკონცენტრაციო ბანაკის მოწყობა". – წერს ნავალნი.

"არანაირი ძალადობა და მისი ნიშნებიც კი ჯერ არ შემიმჩნევია, თუმცა მსჯავრდებულთა დაძაბული პოზით, როცა გამართულები დგანან და ეშინიათ ზედმეტად თავის გატრიალების, მარტივად მჯერა იმ მრავალრიცხოვანი ისტორიების, რომ აქ, № 2 გამოსასწორებელ კოლონია "პოკროვში", ადამიანებს სიკვდილამდე სცემდნენ ხის "მოლოტკამი". ახლა მეთოდები შეცვალეს და გულწრფელად ვიტყვი, ვერ ვიხსენებ ისეთ ადგილს, სადაც ყველა ასე ზრდილობიანად და რაღაც მხრივ გულღიად ლაპარაკობენ". – წერს პოლიტიკოსი.

ნავალნი აღნიშნავს, რომ კოლონიაში ზედმიწევნით ემორჩილებიან "დაუსრულებელ წესებს". პოლიტიკოსის თქმით, კოლონიაში ყველაგან ვიდეოკამერებია დაყენებული, ყველაფერს აკვირდებიან და მცირე დარღვევის შემთხვევაშიც ანგარიშს წერენ.

თუმცა ალექსეი ნავალნი წერს, რომ თუ ადამიანი სიტუაციას იუმორით მიუდგება, "ცხოვრება შეიძლება" და აღნიშნა, რომ მთლიანობაში ყველაფერი არც ისე ცუდადაა.

"ჩვენი მეგობრული საკონცენტრაციო ბანაკი - ჩემთვის ასე ვეძახი ჩემს ახალ სახლს". – წერს პოლიტიკოსი.

პოკროვის გამოსასწორებელი კოლონია № 2 ე.წ წითელი კოლონიაა, ანუ გამოსასწორებელი დაწესებულება, რომელშიც ადმინისტრაცია სრულიად აკონტროლებს პატიმრებს. მარტში ალექსეი ნავალნის ანტიკორუფციულმა ფონდმა გამოუშვა ვიდეო, რომელშიც საუბარია, რომ კოლონიაში პატიმრებს სცემენ, მათ შორის კოლონიაში მოყვანისთანავე.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ალექსეი ნავალნი პოკროვში გამოსასწორებელ კოლონიაში გადაიყვანეს პირველად თებერვლის ბოლოს წყაროებზე დაყრდნობით სხვადასხვა მედიებმა გაავრცელეს. სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახური ამ დრომდე ოფიციალურად არ ადასტურებდა, რომ ნალავნი კოლონიაში გადაიყვანეს. Facebook-ზე პოსტის გამოქვეყნების შემდეგ ნავალნის ადვოკატებმა თქვეს, რომ პოლიტიკოსს შეხვდნენ და ის ამჟამად კარანტინშია.


ალექსეი ნავალნი რუსეთში გერმანიიდან 17 იანვარს დაბრუნდა, ის ქვეყანაში ჩასვლისთანავე დააკავეს. გერმანიაში ის ნოვიჩოკის ჯგუფის ნერვული აგენტით მოწამვლის შემდეგ მკურნალობდა.

რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახური ნავალნის "ივ როშეს" საქმეზე გამოსაცდელი ვადის დარღვევაში ედავებოდა და პირობითი სასჯელის რეალურით შეცვლას ითხოვდა. 

2 თებერვალს ნავალნის სასამართლომ 2 წლითა და 8 თვით პატიმრობა მიუსაჯა "ივ როშეს" საქმეზე. აღსანიშნავია, რომ ნავალნის თავდაპირველად 3 წლითა და 6 თვით მიუსაჯეს პატიმრობა, თუმცა მის სასჯელს აკლდება შინაპატიმრობაში გატარებული 10 თვე.

2014 წელს ალექსეი ნავალნი და მისი ძმა ოლეგი დამნაშავედ ცნეს თაღლითობაში. გამოძიების ვერსიით, მათ დაარწმუნეს კომპანია "ივ როშე", გაეფორმებინათ არახელსაყრელი კონტრაქტი. რუსეთის სასამართლოს ალექსეი ნავალნის 3.5 წლით პირობითი სასჯელი და 5 წლით გამოსაცდელი ვადა, ხოლო მის ძმას 3.5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მოგვიანებით ალექსეი ნავალნის გამოსაცდელი ვადა ერთი წლით გახანგრძლივდა და, შესაბამისად, 2020 წლის 30 დეკემბერს ამოიწურა.

2017 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ალექსეი ნავალნის და მის ძმას არ ჰქონდათ სამართლიანი სასამართლოს უფლება და განჩინება დაგმო, როგორც "უკანონო და თვითნებური" და "პოლიტიკურად მოტივირებული". რუსეთის ფედერაციამ ნავალნის კომპენსაცია გადაუხადა, თუმცა განაჩენი არ გაუუქმებია.

ალექსეი ნავალნის დაპატიმრებას რუსეთში ხალხმრავალი საპროტესტო აქციები მოჰყვა.

კომენტარები