რუსმა პროპაგანდისტმა, ვლადიმირ პოზნერმა სასტუმრო რუმსი, რომელსაც თანმხლებ პირებთან ერთად სტუმრობდა, დატოვა. აქტივისტების ინფორმაციით, ავტობუსი თბილისის საერთაშორისო აეროპორტისკენ გადაადგილდება. პოზნერი, სავარაუდოდ, საქართველოს დღეს დატოვებს.
პოზნერი, საქართველოში დაბადების დღის აღსანიშნავად ჩამოვიდა, რასაც სტიქიური სამოქალაქო პროტესტი მოჰყვა.
საქართველოში ჩამოსულმა პოზნერმა მთავრობის მიერ დაწესებული რეგულაციების გვერდით ავლით, მეგობრებთან ერთად ისადილა რესტორანში, რომელიც, რეგულაციების მიხედვით, ღია არ უნდა ყოფილიყო. უცნობია ისიც, ჰქონდათ თუ არა მათ ე.წ კომენდანტის საათის დროს გადაადგილებისათვის საჭირო საშვი.
რესტორანთან, სადაც პოზნერი სტუმრებთან ერთად იმყოფებოდა, სამოქალაქო აქტივისტებმა აქცია გამართეს. მათ სასტუმროს ელექტროენერგია გაუთიშეს. მოგვიანებით, ადგილზე მისულმა შრომის ინსპექციამ VINOTEL-ი 10 000 ლარით დააჯარიმა. შსს-ს ცნობით, დაჯარიმდება ვახშამზე მყოფი ყველა ადამიანი.
შრომის ინსპექციის ადგილზე მისვლის შემდეგ რესტორანთან ავტობუსი მიიყვანეს, რომლითაც რუსი სტუმრები სასტუმროში გადაიყვანეს. პოზნერი და მისი მეგობრები ავტობუსამდე პოლიციის დერეფნის გავლით მიიყვანეს. აქტივისტები სასტუმროსთანაც მივიდნენ და 06:00-მდე იმყოფებოდნენ. აქტივისტებმა ავტობუსს, რომელსაც პოლიცია იცავდა, კვერცხები დაუშინეს.





