სამხრეთ კორეის თავდაცვის ოფიციალური პირების თქმით, 21 მარტს ჩრდილოეთ კორეამ დასავლეთ სანაპიროზე გაისროლა მცირე რადიუსის ორი რაკეტა.
ეს არის პირველი საჯაროდ ცნობილი შემთხვევა, როდესაც აშშ-ს ახალი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს ჩრდილოეთ კორეამ რაკეტები გამოცადა.
სამხრეთ კორეის თავდაცვის ოფიციალურ წარმომადგენლებს მცირე რადიუსიანი საკრუიზო რაკეტების გამოცდა უფრო ნაკლებ პროვოკაციად მიაჩნიათ, ვიდრე ბალისტიკური რაკეტის.
რაკეტების გაშვებაზე ბაიდენმა განაცხადა, რომ "ბევრი არაფერი შეცვლილა". ერთ-ერთი ოფიციალური პირის თქმით, ეს ჩვეულებრივი გამოცდა იყო.
18 მარტს აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი სამხრეთ კორეაში სახელმწიფო ვიზიტით ჩავიდნენ, სადაც ბლინკენმა პირობა დადო, რომ ჩრდილოეთ კორეის განიარაღებაზე იმუშავებს და მან ასევე გააკრიტიკა ადამიანთა უფლებების "ფართო და სისტემური" დარღვევები.
ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინის გავლენიანმა დამ, კიმ იო ჯონგმა ბაიდენის ადმინისტრაციას მიმართა და აშშ-სა და სამხრეთ კორეის ერთობლივი წვრთნები გააკრიტიკა. "მინდა გავაფრთხილო აშშ-ს ახალი მთავრობა, რომელიც ცდილობს, რომ ოკეანის გადაღმიდან ჩვენს მიწას დენთის სუნი მოსდოს. თუკი მომდევნო ოთხი წელი მშვიდი ძილი სურთ, უკეთესი იქნება თუ საკუთარი პირველი ნაბიჯებით არ აგვაყროლებენ". – თქვა კიმ იო ჯონგმა.
აშშ-ს მაღალი რანგის ოფიციალურმა პირმა თქვა, რომ ჩრდილოეთ კორეაზე ახალი ადმინისტრაციის პოლიტიკა განხილვის ბოლო ეტაპზეა და მომავალ კვირას მისი განხილვისთვის ისინი იაპონიის და სამხრეთ კორეის ეროვნული უშიშროების მრჩევლებს უმასპინძლებენ.