ამერიკელი პირი, რომელმაც სამხრეთ კორეისა და ჩრდილოეთ კორეის საზღვარი გადაკვეთა, ამერიკის არმიის ჯარისკაცი აღმოჩნდა.
კორეაში აშშ-ს შეიარაღებული ძალების პრესსპიკერმა პოლკოვნიკმა ისააკ ტეილორმა დაადასტურა, რომ ჩრდილოეთ კორეაში გადასული პირი ჯარისკაცია. პოლკოვნიკის თქმით, სამხედრო სასაზღვრო სოფლებში საორიენტაციო ტურზე იმყოფებოდა, რა დროსაც მან საკუთარი სურვილით და ნებართვის გარეშე გადაკვეთა სამხედრო სადემარკაციო ხაზი.
"ვფიქრობთ, რომ ის ახლა კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის პატიმრობაშია და კორეის სახალხო არმიის კოლეგებთან ვმუშაობთ, რათა ეს შემთხვევა მოვაგვაროთ". - თქვა ისააკ ტეილორმა.
გამოცემა Reuters-ი აშშ-ს მაღალჩინოსან ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ჯარისკაცს აშშ-ს ჯარში დისციპლინური სასჯელი ელოდა.
აშშ-ს სამხედრო სარდლობა ჯერჯერობით ჯარისკაცის სამხრეთ კორეული გამოცემა Dong-a Ilbo daily სამხრეთ კორეის არმიაზე დაყრდნობით წერს, რომ ამერიკელი ჯარისკაცი ტრეივის კინგია. გამოცემამ მოგვიანებით წაშალა ინფორმაცია სამხედროს იდენტობის შესახებ.
CBS News-ის ინფორმაციით, სამხედროს აშშ-ში აბრუნებდნენ დისციპლინური მიზეზებით, თუმცა მან, აეროპორტში უსაფრთხოების შემოწმების გავლის შემდეგ, მოახერხა გაპარვა და სასაზღვრო ტურში ჩართვა.
საორიენტაციო ტურის სხვა მონაწილემ თქვა, რომ სასაზღვრო ზონასთან ამერიკელმა სამხედრომ მოულოდნელად დაიწყო ხმამაღალი სიცილი და გაიქცა შენობებისკენ.