აშშ-ჩრდილოეთ კორეა

ჩრდილოეთ კორეა ამერიკელი ჯარისკაცის დაკავებას ადასტურებს

REUTERS

ჩრდილოეთ კორეამ დაადასტურა ამერიკელი ჯარისკაცის, ტრევის კინგის დაკავება. ინფორმაციას BBC ავრცელებს. 

კინგი 2021 წლიდან აშშ-ს არმიაში დაზვერვის სპეციალისტად მსახურობს. ის როტაციის ფარგლებში სამხრეთ კორეაში იმყოფებოდა. 23 წლის ჯარისკაცი 18 ივლისს სამხრეთ კორეიდან ჩრდილოეთ კორეის ტერიტორიაზე გადავიდა. ის უკანასკნელად გამყოფ დემილიტარიზებულ ზონაში იმყოფებოდა, შემდეგ კი მისი ადგილმდებარეობის შესახებ აშშ-ს ინფორმაცია არ ჰქონდა. 

თუმცაღა, არსებობდა ვარაუდი, რომ ჯარისკაცი ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლების მიერ იქნა დაკავებული. აშშ-სა და ჩრდილოეთ კორეას შორის მიმდინარეობდა მოლაპარაკებები. 

რიჩარდსონის გლობალური დიპლომატიის ცენტრის დირექტორი, მიკი ბერგმანი, რომელმაც თითქმის 20 წელი გაატარა აშშ-ს მოქალაქეების მტრული ქვეყნებიდან დაბრუნებაზე მოლაპარაკებებში, ხსნის, რომ პატიმრის გათავისუფლების საუკეთესო შანსი მისი დაკავებისთანავეა, ანუ მაშინ, როცა ის დაკითხვის პროცესში იმყოფება და მისთვის ჯერ ოფიციალურად არ წაუყენებიათ ბრალი ისეთ დანაშაულებში, როგორიც, ხშირ შემთხვევაში, ჯაშუშობაა. 

გარემოება, რომ ამ ორ ქვეყანას არ აქვს ოფიციალური დიპლომატიური ურთიერთობა, მუდამ მთავარ გამოწვევას წარმოადგენდა. ამასთან, ამ პერიოდში რეგიონში სიტუაცია მწვავდება: ჩრდილოეთ კორეამ ზღვაში ორი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა მას შემდეგ, რაც სამხრეტში აშშ-ის ატომური წყალქვეშა ნავი განათავსეს.

საბოლოოდ, გაეროს სარდლობამ, რომელიც აკონტროლებს დემილიტარიზებულ ზონას, ერთობლივი უსაფრთხოების ზონაში მოქმედ ჩრდილოეთ კორეის არმიასთან პირდაპირი სატელეფონო ხაზის გამოყენებით, შეძლო, მიეღო ინფორმაცია კინგის შესახებ. ჩრდილოეთ კორეას ამ დრომდეც მიუღია მსგავსი კითხვა თუ თხოვნა, თუმცა ეს მათი მხრიდან პასუხისა და ინფორმაციის დასასტურების პირველი შემთხვევაა.  

ჩრდილოეთ კორეამ აღნიშნული ინფორმაცია საჯაროდ არ აღიარა.

კომენტარები