აშშ-ჩრდილოეთ კორეა

"გამარჯობა და წერტილი" - ბაიდენი სეულში ბირთვულ იარაღზე საუბრისას კიმ ჩენ ინს მიესალმა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი

აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენმა იაპონიაში გამგზავრებამდე სამხეთ კორეის დედაქალაქ სეულიდან ჩრდილოეთ კორეის კიმ ჩენ ინს მარტივი გზავნილით მიმართა: "გამარჯობა... წერტილი".

ბაიდენმა თქვა, რომ ჩრდილოეთ კორეის ახალი ბალისტიკური რაკეტების სატესტო ცდები "არ აშფოთებს" ვინაიდან, აშშ ჩრდილოეთ კორეის ნებისმიერი ნაბიჯისთვის მზად არის.

21 მაისს ჯო ბაიდენი და მისი სამხრეთ კორეელი კოლეგა, პრეზიდენტი იუნ სუკ იოლი აშშ-სა და სამხრეთ კორეას შორის სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავებასა და აქტიური სამხედრო წვრთნების წარმართვაზე შეთანხმდნენ. ასევე, საჭიროების შემთხვევაში ჩრდილოეთ კორეისთვის საპასუხოდ, ქვეყნებმა რეგიონში ამერიკული ბირთვული იარაღის შესაძლო განთავსების საკითხზე ისაუბრეს.

იუნმა, რომელმაც საპრეზიდენტო ფიცი გასულ კვირას დადო, აღნიშნა, რომ სამხრეთ კორეის აშშ-სთან პარტნიორობა უსაფრთხოების საკითხებს სცილდება და უფრო მეტ ტექნოლოგიურ და სამრეწველო შეთანხმებას მოიცავს. 

ჩრდილოეთ კორეამ 2022 წელს უკვე 16-მდე რაკეტა გამოსცადა. ასევე, 2017 წლის შემდეგ პირველად კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტაც დაიტესტა. აშშ-ს ოფიციალური პირების ცნობით, ფხენიანი ბირთვული იარაღის გამოცდის განახლების ზღვარზეა.

იუნმა პრესკონფერენციაზე თქვა, რომ აშშ-სა და სამხრეთ კორეის საერთო მიზანი ჩრდილოეთ კორეის ბირთვული პოტენციალის სრული აღმოფხვრაა. პარტნიორების საერთო განცხადებაში განიმარტა, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრასთან დაკავშირებით, ორივე სახელმწიფო "წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს უჭერს მხარს".

კომენტარები