არჩევნები 2020

მელია: ოპოზიცია მზად ვართ, მოლაპარაკების მაგიდასთან განვიხილოთ ახალი არჩევნების საკითხი

ნიკა მელია
ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია ამბობს, რომ ოპოზიცია მზად არის, ფასილიტატორების მონაწილეობით ქართულ ოცნებასთან ერთად მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდეს და ვადამდელი არჩევნების ჩატარების საკითხი განიხილოს. 

"ჩვენ დღესაც ერთგულები ვართ იმ მართლაც გარდაუვალი გასატარებელი ცვლილებებისა, რომლებიც ქვეყანას კრიზისიდან გამოიყვანს. მხოლოდ და მხოლოდ ახალი ვადამდელი არჩევნები მოიყვანს წესრიგში ყველა სფეროს.   

მინდა, გავაკეთო ოპოზიციური პარტიების სახელით განცხადება, რომ მივუჯდეთ მოლაპარაკების მაგიდას რეჟიმის წარმომადგენლებთან, ფასილიტატორების მონაწილეობით და განვიხილოთ საკითხი ახალი არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით, ჩვენი ამოცანა არ არის, არ იყო და არ იქნება ძალადობა, არ იქნება ვიღაცის დაჩაგვრა, იმიტომ, რომ ჩვენ ვართ მართლები". - ამბობს ნიკა მელია.  

გიორგი გახარიამ გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ თანამდებობას ტოვებს. გახარიას თქმით, ნიკა მელიას დაპატიმრებასთან დაკავშირებით გუნდთან ერთობლივ შეთანხმებას ვერ მიაღწია. 

გახარიას გადადგომის შემდეგ განცხადება გამოაქვეყნა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. უწყების ცნობით, პრემიერმინისტრის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამო მელიას დაკავება გადადეს. 

სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით დააკმაყოფილა. ამ დროისთვის, ნიკა მელია ოპოზიციური პარტიების სხვა ლიდერებთან ერთად ერთიანი ნაციონალუირ მოძრაობის ოფისშია. როგორც ოპოზიციონერები ამბობენ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ენმ-ის თავმჯდომარის დაკავების საშუალებას არ მისცემენ და მათ ოპოზიციურ სპექტრის წინააღმდეგ ძალის გამოყენება მოუწევთ. 

მელიასთვის აღკვეთის ღონისძიებად პატირმობის შეფარდებას გამოეხმაურა სენატორი რიში. მისი შეფასებით, საქართველოში პოლიტიკურად მოტივირებული პატიმრობა ხშირ შემთხვევად იქცა. ასევე, მისი განცხადების მიხედვით, გადაწყვეტილება ქართული დემოკრატიისთვის სახიფათოა. 

მელიას საქმეს გამოეხმაურა საქართველოში აშშ-ის ყოფილ ელჩიც, იან კელი. როგორც ის წერს, ისედაც არსებულ დაძაბულ ვითარებას ნიკა მელიას დაკავება კიდევ უფრო გაამწვავებს. 

სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას შეფასებით კი სასამართლოს გადაწყვეტილება "უკიდურესად შემაშფოთებელია". ლომჯარია იმედს გამოთქვამს, რომ ზემდგომი ან საერთაშორისო სასამართლოები გადაწყვეტილებას შეცვლიან.   


16 თებერვალს, პროკურატურის მიმართვის შემდეგ, საქართველოს პარლამენტმა ნიკა მელიას დეპუტატის იმუნიტეტი მოუხსნა. 

მანამდე, საქართველოს პროკურატურამ 5 თებერვალს ნიკა მელიას გირაოს, 40 000 ლარის გადასახდელად ერთკვირიანი ვადა მისცა. ვადა ამოიწურა - მელიამ გირაო არ გადაიხადა. როგორც მელია ამბობს, მას ვერ დააკავებენ, " თუ მუხთარლივით ტომარას ჩამომაცვამთ, ეგ სხვა საქმეა." 

პროკურატურამ ნიკა მელიასთვის გირაოს გაზრდის შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მელიამ პარლამენტთან გამართული აქციის დროს ელექტრონული სამაჯური მოიხსნა და გადააგდო. აქციაზე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებდნენ. 

20 ივნისის საქმეზე ნიკა მელიას ბრალი რამდენიმე დღეში, 25 ივნისს წარუდგინეს. მას აღკვეთის ღონისძიებად 25 000-ლარიანი გირაო შეეფარდა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადებების გაკეთება აეკრძალა. ნიკა მელიას ელექტრონული სამაჯური გაუკეთეს და პროკურატურის ნებართვის გარეშე საცხოვრებელი ადგილის დატოვება შეუზღუდეს.

კომენტარები