აშშ-ჩინეთი-ჯანმო

თეთრი სახლი ჩინეთისგან Covid-19-ზე პირველადი მონაცემების გამჟღავნებას ითხოვს

ჯეიკ სალივანი
NPR

თეთრმა სახლმა ჩინეთს მოუწოდა, რომ Covid-19-ის გავრცელების პირველი დღეებიდან არსებული ინფორმაცია ხელმისაწვდომი გახადოს, ამასთან ერთად, აშშ-მ ღრმა შეშფოთება გამოხატა ჯანმო-ს ანგარიშის გამოც.

"ჯანმო-ს ხელახლა ჩართვა უმაღლესი სტანდარტების ქონას გულისხმობს. ჩვენ ძალზე შეშფოთებულნი ვართ COVID-19-ის გამოძიების ადრეული დასკვნების გამო და გვაქვს კითხვები მათ მისაღებად გამოყენებულ პროცესთან დაკავშირებით". - აღნიშნა თეთრის სახლის ეროვნული უშიშროების მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა.

სალივანის განცხადებით, აუცილებელია, რომ დაცული იყოს ორგანიზაციის სანდოობა. 

"აუცილებელია, [ჯანმო-ს] ეს ანგარიში იყოს დამოუკიდებელი, ექსპერტების მიგნებები თავისუფალი იყოს ჩინეთის მთავრობის ჩარევის ან ცვლილებისაგან". - წერს სალივანი. 

მისივე განცხადებით, იმისათვის, რომ უკეთ გაიგონ ამ პანდემიის შესახებ და შემდეგისთვის მზად იყვნენ, ჩინეთმა ხელმისაწვდომი უნდა გახადოს ადრეული მონაცემები ვირუსის გავრცელების პირველივე დღეებიდან.

განცხადებას უკვე გამოეხმაურა ჩინეთის საელჩოს სპიკერი, რომელმაც თქვა, რომ აშშ-მ ბოლო წლებში დააზიანა მრავალმხრივი კავშირი, ჯანმო და "ხელს არ უნდა იშვერდეს" ჩინეთის და სხვა ქვეყნებისკენ, რომლებმაც "კორონავირუსის პანდემიის დროს ჯანმო-ს მხარი დაუჭირეს".

მისივე თქმით, ჩინეთი ჯანმო-ში აშშ-ს ხელახლა ჩართვას მიესალმება, თუმცა მას "უმაღლესი სტანდარტი უნდა ეკავოს, ნაცვლად იმისა, რომ სხვა ქვეყნების ჰყავდეს მიზანში ამოღებული ".

ჯანმო-ს მკვლევრების განცხადებით, ჩინეთმა უარი განაცხადა, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისთვის მიეწოდებინა პირველადი მონაცემები Covid-19-ის ადრეულ შემთხვევებზე.

"ჩინეთის ხელისუფლებამ უარი თქვა Covid-19-ის 174 შემთხვევის ისეთი მონაცემების მიწოდებაზე, რომლებიც მათ 2019 წლის დეკემბერში ჩინეთის ქალაქ უხანში დაადგინეს [ვირუსის] გავრცელების ადრეული ეტაპიდან". - წერს WSJ. 

უხანში ჯანმო-ს ჯგუფის თითქმის ერთთვიანი ვიზიტის შემდეგ ჯანმო-ს ჯგუფის ხელმძღვანელმა, პიტერ ბენ ემბარეკმა, განაცხადა, რომ ვირუსის სავარაუდო წყაროდ კვლავ ღამურა რჩება, მან ისიც აღნიშნა, რომ ვირუსის გადაცემა გაყინული საკვებით ვარაუდია, რომელიც შემდგომ უნდა გამოიძიონ, ლაბორატორიიდან ვირუსის გაჟონვის ალბათობაზე კი თქვა, რომ ეს ძალზე ნაკლებად სავარაუდოა და ამის შემდგომი შესწავლა საჭირო არ არის. 

"შესაძლო გზა ცხოველთა ორიგინალური სახეობებიდან ხუნანის ბაზრობამდე შეიძლება ძალიან გრძელი და მიხვეულ-მოხვეული ყოფილიყო და ის საზღვრებს მიღმა გადაადგილებასაც მოიცავდეს". - თქვა მან. 

ჩინეთი ხშირად უსვამს ხაზს მოსაზრებას, რომ ვირუსი, შესაძლოა, გაყინული საკვებიდან ადამიანზე გადასულიყო და განუწყვეტლივ აშუქებენ სიახლეებს იმპორტირებული საკვების შეფუთვიდან კორონავირუსის კვალის პოვნის შესახებ. 

მას შემდეგ, რაც ჯანმო-ს წარმომადგენლებმა ჩინეთში ვიზიტი დაასრულეს, ვაშინგტონმა განაცხადა, რომ სურს, შეისწავლოს მონაცემები, რომლებსაც გუნდი იყენებს. აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, კორონავირუსის შესახებ ინფორმაციის სრულად არ გასაჯაროების გამო ჩინეთის შესაძლო დასჯის შესახებ კითხვაზე თქვა, რომ მას სურს, გაიგოს ყველა ფაქტი. 


შეგახენებთ, რომ არსებული ცნობებით, ახალი კორონავირუსი ცენტრალური ჩინეთის ხუპეის პროვინციის ქალაქ ვუხანში 2019 წლის ნოემბერში ან დეკემბრის დასაწყისში უკვე გავრცელებული იყო, თუმცა ჩინეთი ახალ ვირუსზე ინფორმაციას თვეზე მეტი ხნის განმავლობაში მალავდა, ახშობდა, ექიმებს აჩუმებდა და ა.შ.

აშშ-ს ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ, გასული წლის მაისში თქვა, რომ მრავალი მტკიცებულება არსებობს იმისა, რომ ახალი კორონავირუსი ჩინეთში ვუხანის ლაბორატორიიდან წამოვიდა.

აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 15 აპრილს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისთვის დაფინანსების შეწყვეტა დააანონსა. მან განაცხადა, რომ ჯანმო-ს მოქმედებებმა ხელი შეუწყო ჩინეთს დეზინფორმაციიის გავრცელებაში ახალი კორონავირუსის შესახებ, რამაც დაავადების უფრო მასშტაბური გავრცელება განაპირობა. კორონავირუსის გავრცელების პირველ დღეებში ჩინეთის და ჯანმო-ს ქმედებებზე შეგიძლიათ წაიკითხოთ ტაბულას სტატიაში როგორ გადაიქცა ჯანმო ჩინეთის დაცვის ორგანიზაციად

მას შემდეგ აშშ-ს ახალმა პრეზიდენტმა დააანონსა, რომ აშშ ჯანმო-ში დაბრუნდება.

კომენტარები