ჯანმო-ჩინეთი

WSJ: ჩინეთმა ჯანმო-ს უარი უთხრა, Covid-19-ის ადრეული შემთხვევების პირველადი მონაცემების მიცემაზე

დაცვა უხანის ბაზრობასთან. 31 იანვარი, ჯანმო-ს გამომძიებლების ვიზიტის დღე.
GETTY IMAGES

ჩინეთმა უარი განაცხადა, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისთვის მიეწოდებინა პირველადი მონაცემები ადრეულ Covid-19-ის შემთხვევებზე - ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს The Wall Street Journal ჯანმო-ს გამომძიებლებზე დაყრდნობით. 

WSJ წერს, რომ მსოფლიო ჯანდაცვის სააგენტოს წარმომადგენლების განცხადებით, პირველადი პერსონალური მონაცემები მათ, შესაძლოა, დახმარებოდა იმის განსაზღვრაში, თუ როგორ და როდის გავრცელდა კორონავირუსი პირველად ჩინეთში. 

ჯანმო-ს გამომძიებლების თქმით, მათ მწვავე დისკუსია ჰქონდათ დეტალების ნაკლებობის გამო. 

"ჩინეთის ხელისუფლებამ უარი თქვა Covid-19-ის 174 შემთხვევის ისეთი მონაცემების მიწოდებაზე, რომლებიც მათ 2019 წლის დეკემბერში ჩინეთის ქალაქ უხანში დაადგინეს [ვირუსის] გავრცელების ადრეული ეტაპიდან". - წერს WSJ. 

ჯანმო-ს ჯგუფის წევრებმა განაცხადეს, რომ ჩინეთის ოფიციალურმა პირებმა და მეცნიერებმა თავიანთი ვრცელი შინაარსის შეჯამებები და მონაცემთა ანალიზი გააკეთეს ამ შემთხვევების შესახებ.

ჩინეთის წარმომადგენლებმა ასევე მიაწოდეს უხანში ეპიდემიის დადგომამდე რამდენიმე თვით ადრე სამედიცინო ჩანაწერების რეტროსპექტიული ძიების ანალიზი და შემაჯამებელი მონაცემები, სადაც ნათქვამია, რომ მათ ვირუსის არანაირი მტკიცებულება არ დაუდგენიათ.

თუმცა გუნდის წევრებმა თქვეს, რომ WHO-ს გუნდს არ მისცეს უფლება, ენახათ იმ რეტროსპექტიული კვლევების ძირითადი მონაცემები, რომლებიც მათ საშუალებას მისცემს, ჩაატარონ საკუთარი ანალიზი იმისა, თუ რამდენად ადრე და რამდენად ინტენსიურად დაიწყო ვირუსის გავრცელება ჩინეთში. ჯგუფის წევრებმა ასევე აღნიშნეს, რომ წევრი სახელმწიფოები, როგორც წესი, მათ აძლევენ ასეთ მონაცემებს - ანონიმურად, მაგრამ დანაწევრებულად, რათა გამომძიებლებმა დაინახონ ყველა სხვა შესაბამისი დეტალი თითოეულ საქმესთან დაკავშირებით ჯანმო-ს გამოძიების ფარგლებში.

"მათ ჩვენ გვაჩვენეს ორიოდე მაგალითი, მაგრამ ეს იგივე არაა, რაც ყველას [ნახვა], რაც სტანდარტული ეპიდემიოლოგიური გამოძიებაა. შემდეგ, როგორც იცით, ამ მონაცემების ინტერპრეტაცია უფრო შეზღუდული ხდება ჩვენი თვალსაზრისით, მიუხედავად იმისა,  რომ მეორე მხარეს შეიძლება ეს სწორად მიაჩნდეს". - თქვა ჯანმო-ს გუნდის წევრმა, ავსტრალიელმა მიკრობიოლოგმა, დომინიკ დვეიერმა

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო და ჩინეთის ჯანმრთელობის ეროვნული საბჭო WSJ-სთან კომენტარს არ აკეთებს.

WSJ ჯანმო-ს მკვლევრებზე დაყრდნობით ასევე წერდა, რომ უხანში ვირუსის გავრცელების დადგენამდე ორი თვით ადრე ცენტრალურ ჩინეთში იყო დაახლოებით 90 შემთხვევა Covid-19-ის მსგავსი სიმპტომებით. ჩინელმა მაღალჩინოსნებმა ამ ჯგუფზე ერთი წლის შემდეგ ჩაატარეს ტესტები ანტისხეულების შესასწავლად, როდესაც ისინი, შესაძლოა, ამოუცნობ დონემდე დაშვებულიყო. ტესტის ყველა პასუხი უარყოფითი იყო. დროის ასეთი დიდი მონაკვეთის შემდეგ ჩატარებული ტესტები და დაკარგული დრო მკვლევრებს არ აძლევს იმის თქმის საშუალებას, ეს კორონავირუსი იყო თუ, უბრალოდ, მსგავსი რესპირატორული დაავადება. 

"მე მეცნიერი ვარ და მონაცემებს ვენდობი. მე ვენდობი დოკუმენტირებულ მტკიცებულებას, რომელიც მონაცემებს ეყრდნობა, მე არ ვენდობი იმას, რასაც სხვა მეტყვის" - თქვა ჯანმო-ს მკვლევართა გუნდის წევრმა, დანიელმა ეპიდემიოლოგმა, თეა ფიშერმა. 

ფიშერმა თქვა, რომ მან ვერ ნახა შეუსაბამობები მონაცემებში, რომლებიც უხანში მიაწოდეს, მაგრამ უფრო ღრმა ანალიზის ჩატარება ვერ შეეძლო პირველადი მონაცემების უნახავად. 

მისივე თქმით, მათ ჩინეთთან ვერ მიაღწიეს შეთანხმებას პირველადი მონაცემების მოპოვებისთვის თაობაზე მაშინ, როდესაც ჯანმო-მ უკვე დატოვა უხანი

ჯანმო-ს გუნდის წევრმა, ჰოლანდიელმა ვირუსოლოგმა, მარიონ კოპმანსმა, თქვა, რომ გუნდს დრო ცოტა ჰქონდა და, შესაძლოა, ამგვარი ინფორმაცია მოგვიანებით მოიპოვონ. 

ჯანმოს ჯგუფის წევრებმა განაცხადეს, რომ ისინი კვლავ ეძებენ ინფორმაციის სხვა შესაძლო წყაროებს ჩინეთში, მათ შორის სისხლის ბანკებსა და რესპირატორული დაავადებების მქონე პაციენტების შენახულ ნიმუშებში, რომელთა საშუალებითაც შესაძლებელია, გამჟღავნდეს ვირუსის გავრცელება 2019 წლის დეკემბრამდე.

უხანში ჯანმო-ს ჯგუფის თითქმის ერთთვიანი ვიზიტის შემდეგ ჯანმო-ს ჯგუფის ხელმძღვანელმა, პიტერ ბენ ემბარეკმა, განაცხადა, რომ ვირუსის სავარაუდო წყაროდ კვლავ ღამურა რჩება, მან ისიც აღნიშნა, რომ ვირუსის გადაცემა გაყინული საკვებით ვარაუდია, რომელიც შემდგომ უნდა გამოიძიონ, ლაბორატორიიდან ვირუსის გაჟონვის ალბათობაზე კი თქვა, რომ ეს ძალზე ნაკლებად სავარაუდოა და ამის შემდგომი შესწავლა საჭირო არ არის. 

"შესაძლო გზა ცხოველთა ორიგინალური სახეობებიდან ხუნანის ბაზრობამდე შეიძლება ძალიან გრძელი და მიხვეულ-მოხვეული ყოფილიყო და ის საზღვრებს მიღმა გადაადგილებასაც მოიცავდეს". - თქვა მან. 

ჩინეთი ხშირად უსვამს ხაზს მოსაზრებას, რომ ვირუსი, შესაძლოა, გაყინული საკვებიდან ადამიანზე გადასულიყო და განუწყვეტლივ აშუქებენ სიახლეებს იმპორტირებული საკვების შეფუთვიდან კორონავირუსის კვალის პოვნის შესახებ. 

მას შემდეგ, რაც ჯანმო-ს წარმომადგენლებმა ჩინეთში ვიზიტი დაასრულეს, ვაშინგტონმა განაცხადა, რომ სურს, შეისწავლოს მონაცემები, რომლებსაც გუნდი იყენებს. აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, კორონავირუსის შესახებ ინფორმაციის სრულად არ გასაჯაროების გამო ჩინეთის შესაძლო დასჯის შესახებ კითხვაზე თქვა, რომ მას სურს, გაიგოს ყველა ფაქტი. 

შეგახენებთ, რომ არსებული ცნობებით, ახალი კორონავირუსი ცენტრალური ჩინეთის ხუპეის პროვინციის ქალაქ ვუხანში 2019 წლის ნოემბერში ან დეკემბრის დასაწყისში უკვე გავრცელებული იყო, თუმცა ჩინეთი ახალ ვირუსზე ინფორმაციას თვეზე მეტი ხნის განმავლობაში მალავდა, ახშობდა, ექიმებს აჩუმებდა და ა.შ.

აშშ-ს ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ, გასული წლის მაისში თქვა, რომ მრავალი მტკიცებულება არსებობს იმისა, რომ ახალი კორონავირუსი ჩინეთში ვუხანის ლაბორატორიიდან წამოვიდა.

აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 15 აპრილს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისთვის დაფინანსების შეწყვეტა დააანონსა. მან განაცხადა, რომ ჯანმო-ს მოქმედებებმა ხელი შეუწყო ჩინეთს დეზინფორმაციიის გავრცელებაში ახალი კორონავირუსის შესახებ, რამაც დაავადების უფრო მასშტაბური გავრცელება განაპირობა. კორონავირუსის გავრცელების პირველ დღეებში ჩინეთის და ჯანმო-ს ქმედებებზე შეგიძლიათ წაიკითხოთ ტაბულას სტატიაში როგორ გადაიქცა ჯანმო ჩინეთის დაცვის ორგანიზაციად

მას შემდეგ აშშ-ს ახალმა პრეზიდენტმა დააანონსა, რომ აშშ ჯანმო-ში დაბრუნდება.

კომენტარები