აშშ-ჩინეთი

ბაიდენი ჩინეთსა და Covid-19-ის წარმოშობაზე: ყველა ფაქტი მაინტერესებს

ჯო ბაიდენი

აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, კორონავირუსის შესახებ ინფორმაციის სრულად არ გასაჯაროების გამო ჩინეთის შესაძლო დასჯის შესახებ კითხვაზე თქვა, რომ მას სურს გაიგოს ყველა ფაქტი. 

ჟურნალისტმა მას ჰკითხა, აქვს თუ არა "რაიმე ინტერესი, დასაჯოს ჩინეთი იმის გამო, რომ გასულ წელს არ იყო გულწრფელი კორონავირუსთან დაკავშირებით", ბაიდენმა კი მას ამგვარად უპასუხა - "მე მაინტერესებს ყველა ფაქტის გაგება". 

მას შემდეგ, რაც ჯანმო-ს წარმომადგენლებმა ჩინეთში ვიზიტი დაასრულეს, ვაშინგტონმა განაცხადა, რომ სურს, შეისწავლოს მონაცემები, რომლებსაც გუნდი იყენებს.

უხანში ჯანმო-ს ჯგუფის თითქმის ერთთვიანი ვიზიტის შემდეგ ჯანმო-ს ჯგუფის ლიდერმა, პიტერ ბან ემბარეკმა, განაცხადა, რომ ვირუსის სავარაუდო წყაროდ ღამურა რჩება, მან ასევე ისიც აღნიშნა, რომ ვირუსის გადაცემა გაყინული საკვებით ვარაუდია, რომელიც შემდგომ უნდა გამოიძიონ, ლაბორატორიიდან ვირუსის გაჟონვის ალბათობაზე კი თქვა, რომ ეს ძალაინ ნაკლებად სავარაუდოა და ამის შემდგომი შესწავლა საჭირო არ არის. 

"შესაძლო გზა ცხოველთა ორიგინალური სახეობებიდან ხუნანის ბაზრობამდე შეიძლებოდა ძალიან გრძელი და ჩახვეული ყოფილიყო და ის საზღვრების მიღმა გადაადგილებასაც მოიცავდეს". - თქვა მან. 

ჩინეთი ხშირად უსვამს ხაზს მოსაზრებას, რომ ვირუსი, შესაძლოა, გაყინული საკვებიდან ადამიანზე გადასულიყო და განუწყვეტლივ აშუქებენ სიახლეებს იმპორტირებული საკვების შეფუთვიდან კორონავირუსის კვალის პოვნის შესახებ. 

შეგახენებთ, რომ არსებული ცნობებით, ახალი კორონავირუსი ცენტრალური ჩინეთის ხუპეის პროვინციის ქალაქ ვუხანში 2019 წლის ნოემბერში ან დეკემბრის დასაწყისში უკვე გავრცელებული იყო, თუმცა ჩინეთი ახალ ვირუსზე ინფორმაციას თვეზე მეტი ხნის განმავლობაში მალავდა, ახშობდა, ექიმებს აჩუმებდა და ა.შ.

აშშ-ს ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ, გასული წლის მაისში თქვა, რომ მრავალი მტკიცებულება არსებობს იმისა, რომ ახალი კორონავირუსი ჩინეთში ვუხანის ლაბორატორიიდან წამოვიდა.

აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 15 აპრილს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისთვის დაფინანსების შეწყვეტა დააანონსა. მან განაცხადა, რომ ჯანმო-ს მოქმედებებმა ხელი შეუწყო ჩინეთის დეზინფორმაციას ახალი კორონავირუსის შესახებ, რამაც დაავადების უფრო მასშტაბური გავრცელება განაპირობა. კორონავირუსის გავრცელების პირველ დღეებში ჩინეთის და ჯანმო-ს ქმედებებზე შეგიძლიათ წაიკითხოთ ტაბულას სტატიაში როგორ გადაიქცა ჯანმო ჩინეთის დაცვის ორგანიზაციად?

მას შემდეგ აშშ-ს ახალმა პრეზიდენტმა დაანონსა, რომ აშშ ჯანმო-ში დაბრუნდება.

კომენტარები