აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ პეკინში სახელმწიფო ვიზიტის დროს ჩინეთთან "შესანიშნავი სავაჭრო შეთანხმებები" გააფორმა.
"ეს იყო წარმოუდგენელი ვიზიტი. ვფიქრობ, ამან ძალიან ბევრი კარგი შედეგი მოიტანა. ჩვენ გავაფორმეთ რამდენიმე შესანიშნავი სავაჭრო შეთანხმება, რომლებიც ორივე ქვეყნისთვის ძალიან სასარგებლოა" - თქვა ტრამპმა 15 მაისს.
ტრამპის თქმით, ჩინეთი 200-მდე Boeing-ის სამოქალაქო თვითმფრინავის შეძენას დათანხმდა, ხოლო სი, გავრცელებული ინფორმაციით, "მომხრეა იდეის", რომ შესაძლოა ჩინეთმა ამერიკული ნავთობის შეძენაც დაიწყოს. ამის შესახებ ტრამპმა 15 მაისს Fox News-თან ინტერვიუში ისაუბრა.
ტრამპმა ასევე მიანიშნა ფინანსური მომსახურების სექტორში შესაძლო გარღვევაზე, კერძოდ, ჩინეთში საკრედიტო ბარათების გამოყენების გაფართოებასთან დაკავშირებით.
"მე ვკითხე: ‘რატომ არ შეიძლება Visa-ს გამოყენება ჩინეთში?’ რაღაც მიზეზის გამო ისინი თითქოს შავ სიაში იყვნენ მოქცეულნი, მაგრამ შესაძლოა ეს შეზღუდვა მოიხსნას" - თქვა ტრამპმა.
აშშ-ს სავაჭრო წარმომადგენელმა, ჯეიმსონ გრირმა განაცხადა, რომ აშშ ასევე ელოდება, რომ ჩინეთი მომდევნო სამი წლის განმავლობაში ყოველწლიურად "ათობით მილიარდი დოლარის“ ღირებულების ამერიკულ სოფლის მეურნეობის პროდუქტს შეიძენს.
ასევე, აშშ-ს ფინანსთა მინისტრმა, სკოტ ბესენტმა 14 მაისს CNBC-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ახალი "თანამშრომლური ტონის ინსტიტუციონალიზაციის მიზნით", ორივე ქვეყანა "სავაჭრო საბჭოს" შექმნასაც განიხილავდა, რომელიც "არაკრიტიკულ და არასტრატეგიულ სფეროებში" კომერციულ ურთიერთობებს გამართავდა. გარდა ამისა, განიხილებოდა მსგავსი "საინვესტიციო საბჭოს" შექმნაც, რომელიც ამ სექტორებში კაპიტალის გადინებას გაუწევდა მონიტორინგს.





