ზაზა გახელაძე

ჰარცელი: ევროკავშირი უკანონოდ დაკავებული გახელაძის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

საგარეო საქმეთა სამინისტრო

საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელიგამოეხმაურა ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლოს მიერ უკანონოდ დაკავებულ საქართველოს მოქალაქის, ზაზა გახელაძისთვის, თორმეტი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთას.  

კარლ ჰარცელის განცხადებით, ევროკავშირი გახელაძის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს. 

"2020 წლის 11 ივლისს მისი უკანონო დაკავების შემდეგ ევროკავშირი დაჟინებით ითხოვს მის სწრაფ გათავისუფლებას, მათ შორის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მართული ცხელი ხაზის მეშვეობით, ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში". - წერს ჰარცელი.

კარლ ჰარცელის განცხადებით, ამ კონტექსტში, ევროკავშირი ასევე შეახსენებს რუსეთს მის პასუხისმგებლობას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2021 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილების შესაბამისად. აღსანიშნავია, რომ 21 იანვარს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე "საქართველო რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ" სარჩელი ძირითადად დააკმაყოფილა – სტრასბურგის სასამართლომ რუსეთის მიერ ადამიანის უფლებათა კონვენციის დარღვევა თითქმის ყველა ძირითად მუხლში ცნო. 

"ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებისა და IPRM შეხვედრების ფარგლებში კონფლიქტის შედეგად დაზარალებული თემების ადამიანის უფლებებისა და უსაფრთხოების მდგომარეობის მოგვარებას გააგრძელებს". - ვკითხულობთ კარლ ჰარცელის  განცხადებაში.

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ უკანონოდ დაკავებულ საქართველოს მოქალაქეს, ზაზა გახელაძეს 12 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.  მათივე ცნობით, ბრალდების მხარე გახელაძესთვის 14 წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვდა.

ზაზა გახელაძე საოკუპაციო ძალებმა 11 ივლისს ფეხში დაჭრეს და დააკავეს. ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმის ცნობით, მის წინააღმდეგ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით აღიძრა. 

გახელაძის უკანონოდ დაკავების შესახებ ოფიციალურ განცხადებას აშშ-ს საელჩო ავრცელებს. აშშ-ს საელჩო თბილისში გმობს უკანონოდ დაპატიმრებული საქართველოს მოქალაქე ზაზა გახელაძისთვის თავისუფლების აღკვეთას თორმეტი წლითა და ექვსი თვით. 

დღეს, 5 თებერვალს, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან სამოქალაქო აქტივისტებმა და ოპოზიციის წევრებმა გახელაძის მხარდასაჭერი აქცია გამართეს და სახელმწიფოს უმოქმედობა გააპროტესტეს.

ამავე დღეს, ზაზა გახელაძის ოჯახმა პროტესტის ნიშნად დასავლეთის ცენტრალური ავტომაგისტრალი გადაკეტა

კომენტარები