2008 წლის აგვისტოს ომი

საქართველო რუსეთის წინააღმდეგ – სტრასბურგის სასამართლომ სარჩელი ძირითადად დააკმაყოფილა

რუსული სამხედრო კოლონა სამხრეთ ოსეთში. აგვისტო 2008
Reuters

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე "საქართველო რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ" სარჩელი ძირითადად დააკმაყოფილა – სტრასბურგის სასამართლომ რუსეთის მიერ ადამიანის უფლებათა კონვენციის დარღვევა თითქმის ყველა ძირითად მუხლში ცნო. 

სასამართლომ წარდგენილი 8 მუხლიდან რუსეთის დარღვევა 6 მუხლში დაადგინა, მათ შორის სიცოცხლის უფლების, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის აკრძალვის, პირადი ან ოჯახური ცხოვრების თავისუფლების პატივისცემისა და საკუთრების უფლების, გადაადგილების თავისუფლებისა და თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლებების ნაწილში. 

რა დაადგინა სასამართლომ?

  • სასამართლომ 16 ხმით 1-ის წინააღმდეგ დაადგინა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემდეგ, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ოლქისა და ასევე რუსეთის მიერ ოკუპირებულ სხვა ტერიტორიებზე არსებობდა რუსეთის სახელმწიფოს იურისდიქცია კონვენციის გაგებით და, შესაბამისად, რუსეთს ეკისრება საერთაშორისო სამართლებრივი პასუხისმგებლობა.
  • 16 ხმით 1-ის წინააღმდეგ სასამართლომ დაადგინა, რომ არსებობდა რუსეთისა და მის კონტროლს ქვეშ მყოფი ძალების მხრიდან ადმინისტრაციული პრაქტიკა, რომელიც ეწინააღმდეგებოდა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლს (სიცოცხლის უფლება), მე-3 მუხლს (წამებისა და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობისა და სასჯელის აკრძალვა), მე-8 მუხლს (პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება) და პირველი დამატებითი ოქმის პირველ მუხლს - საკუთრების უფლება. 
  • დიდმა პალატამ ერთხმად დაადგინა, რომ საქართველოს მოქალაქე სამოქალაქო პირები, რომლებიც სამხრეთ ოსეთის ძალებმა ცხინვალში დაახლოებით 10 და 27 აგვისტოს შორის დააკავეს, ექცეოდნენ რუსეთის ფედერაციის იურისდიქციის ქვეშ, კონვენციის პირველი მუხლის მიზნებისთვის. 
  • სასამართლომ ერთხმად დაადგინა, რომ არსებობდა ადმინისტრაციული მე-3 მუხლის (წამების აკრძალვა) საწინააღმდეგო ადმინისტრაციული პრაქტიკა, 160 ქართველი სამოქალაქო პირის დაკავების პირობებთან მიმართებით. მათ მიმართ განხორციელდა დამამცირებელი მოქმედებები, რომლებმაც გამოიწვია მათი ტანჯვა და, შესაბამისად, სასამართლომ ეს ქმედებები მიიჩნია არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობად.
  • სასამართლომ ერთხმად დაადგინა, რომ 2008 წლის აგვისტოში საქართველოს მოქალაქე სამოქალაქო პირების თვითნებური დაკავება ქმნიდა კონვენციის მე-5 მუხლის (თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება) საწინააღმდეგო ადმინისტრაციულ პრაქტიკას.
  • სასამართლომ ასევე ერთხმად დაადგინა, რომ ცხინვალში 2008 წლის 8-17 აგვისტოს შუალედში სამხრეთ ოსური დაჯგუფებების მიერ ქართველი სამხედრო ტყვეების დაკავება ექცევა რუსეთის ფედერაციის იურისდიქციის ქვეშ კონვენციის მიზნებისთვის.
  • 16 ხმით 1-ის წინააღმდეგ სასამართლომ დაადგინა, რომ ქართველი სამხედრო ტყვეების მიმართ განხორციელდა წამება და ისინი იყვნენ წამების მსხვერპლნი. შესაბამისად, რუსეთი ქმნიდა ადმინისტრაციულ პრაქტიკას კონვენციის მე-3 მუხლის (წამების აკრძალვა) საწინააღმდეგოდ.
  • 16 ხმით 1-ის წინააღმდეგ სასამართლომ დაადგინა, რომ საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც ხელი შეუშალეს, დაბრუნებულიყვნენ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში, მოექცნენ რუსეთის ფედერაციის იურისდიქციის ქვეშ.
  • 16 ხმით 1-ის წინააღმდეგ სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთის ფედერაციამ შექმნა ადმინისტრაციული პრაქტიკა კონვენციის მე-4 დამატებითი ოქმის მე-2 მუხლის (გადაადგილების თავისუფლება) საწინააღმდეგოდ, რომლის საფუძველზეც საქართველოს მოქალაქეებს აღარ შეეძლოთ საკუთარ სახლებში დაბრუნება.

8-12 აგვისტოს შუალედში, როდესაც აქტიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობდა, სასამართლომ არ დაადგინა რუსეთის იურისდიქცია. 11 ხმით 6-ის წინააღმდეგ სასამართლომ მიიჩნია, რომ რუსეთს არ ჰქონდა ეფექტური კონტროლი და, შესაბამისად, არ არსებობდა მისი იურისდიქცია კონვენციის მიზნებისთვის და მას ამ პერიოდისთვის საერთაშორისო პასუხისმგებლობა არ დაეკისრა. 

ეს გამომდინარეობს იქიდანაც, რომ იურისდიქციის დადგენა დამოკიდებულია ეფექტურ კონტროლზე. სასამართლომ კი მიიჩნია, რომ აქტიური საბრძოლო მოქმედებების პირობებში, როდესაც მტრული შეიარაღებული ძალები ერთმანეთს ეჯიბრებიან ასეთი კონტროლისთვის, ქაოსის კონტექსტში, არ შეიძლება ვისაუბროთ ეფექტურ კონტროლზე რომელიმე მხარის მიერ, მანამ, სანამ საბრძოლო მოქმედებები არ შეწყდება რომელიმე მხარის მიერ უპირატესობით მოპოვებით და, შესაბამისად, ეფექტური კონტროლის დამყარებით. 

სასამართლომ ხაზი გაუსვა, რომ ეს მიდგომა შესაძლოა პრობლემური იყოს კონფლიქტის მსხვერპლთა პერსპექტივიდან, თუმცა, მათ აღნიშნეს, რომ ისინი მზად არ არიან, რომ შეცვალონ და განავითარონ საკუთარი იურისპრუდენცია ამ მიმართულებით. სასამართლომ ხაზი გაუსვა იმასაც, რომ აქტიური საბრძოლო მოქმედებებისას, მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი და ადამიანის უფლებათა სამართალი თანადროულად მოქმედებს, უფრო მეტად ასეთ დროს მოქმედია საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის და შედარებით ნაკლებად ადამიანის უფლებათა სამართლის სტანდარტები. 

სწორედ ამ უკანასკნელის გათვალისწინებით და ასევე იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ არის შესაძლო მსხვერპლთა დიდი რაოდენობა, მხარეთა მიერ სადაო ინციდენტების დიდი რაოდენობა და ასევე მაგნიტუდა წარმოდგენილი მტკიცებულებისა იმდენად ართულებს შესაბამისი ფაქტობრივი გარემოებების დადგენას, რომ სასამართლო ვერ კისრულობს პასუხისმგებლობას ამ პირობებში გადადგას შემდგომი ნაბიჯები და განავითაროს საკუთარი პრეცედენტული სამართალი საერთაშორისო შეაიარაღებული კონფლიქტის აქტიური ფაზის მიმდინარეობისას ადამიანის უფლებების სამართლის მიხედვით იურისდიქციის დადგენის სტანდარტებზე. 


საქართველო რუსეთს ადანაშაულებდა კონვენციის მე-2 (სიცოცხლის უფლება), მე-3 (წამებისა და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვა), მე-5 (თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება), მე-8 (პირადი ან ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება) და მე-13 (ეფექტური სამართლებრივი დაცვის საშუალების უფლება) მუხლების დარღვევაში, ასევე ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი (საკუთრების დაცვის) და მე-2 (განათლების უფლების) და მეოთხე დამატებითი ოქმის მე-2 მუხლის (გადაადგილების თავისუფლების) მუხლების დარღვევაში. 

სარჩელი საქართველოს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში 2008 წლის 11 აგვისტოს შეიტანა და სასამართლომ ნაწილობრივ დასაშვებად 2011 წლის 13 დეკემბერს ცნო. 2012 წლის 3 აპრილს სასამართლოს პალატამ საქმის განხილვის იურისდიქცია დაუთმო დიდ პალატას. 

სასამართლომ მტკიცებულებები მოისმინა მოწმეებისა და ექსპერტებისგან 2016 წლის 6-დან 17 ივნისამდე პერიოდში გამართულ მოსმენებზე. საქმეზე ზეპირი მოსმენა 2018 წლის 23 მაისს გაიმართა. 


2020 წლის 7 აგვისტოს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 12 წელი გავიდა. 2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს მრავალწლიანი კონფლიქტი რუსეთის ღია სამხედრო აგრესიაში გადაიზარდა, რასაც ასეულობით ადამიანის მსხვერპლი, ეთნიკური წმენდა და რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაცია მოჰყვა.

რუსული საოკუპაციო ძალების ინტერვენციების შედეგად საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა. საკუთარი საცხოვრებელი 150 ათასმა ადამიანმა დატოვა, საიდანაც ბევრი კვლავ დევნილობაში რჩება.

სამხედრო კონფრონტაცია რუსეთმა საქართველოსთან 2008 წლის გაზაფხულიდან დაიწყო. ვითარება კოდორის ხეობის გარშემო აპრილიდან დაიძაბა. მოსკოვმა აფხაზეთში დამატებითი სამხედრო ძალების და მძიმე ტექნიკის შეყვანა დაიწყო. რუსულმა ავიაგამანადგურებელმა კი ქართული უპილოტო მზვერავი აპარატი ჩამოაგდო. ამას სარკინიგზო ჯარების შემოყვანა მოჰყვა, რომლებმაც სოხუმიდან ოჩამჩირემდე ლიანდაგის აღდგენის ინტენსიური სამუშაოები დაიწყეს. მათი დასრულებისთანავე, ივლისის ბოლოდან ამ რკინიგზით აფხაზეთში სამხედრო ეშელონები დაიძრა.

ამასთანავე, რუსეთის დუმაში უკვე 2008 წლის გაზაფხულზე შევიდა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების კანონპროექტი. ივლისში რუსეთმა საქართველოს საზღვრებთან დიდი სამხედრო მანევრები - კავკაზ 2008 ჩაატარა. წვრთნების შემდეგ სამხედრო ნაწილები  საქართველოს საზღვრებთან რჩებოდნენ. მრავალი წყარო და დოკუმენტი ადასტურებს, რომ ღია კონფლიქტის დაწყების წინ რუსულმა რეგულარულმა ნაწილებმა როკის გვირაბით საქართველოში მალულად შემოსვლა დაიწყეს.

სიტუაცია ცხინვალის გარშემო ივლისის ბოლოდან დაიძაბა. 2 აგვისტოს ქართული პოლიციის მანქანა ააფეთქეს. ამის შემდეგ ორმხრივი სროლები გახშირდა, ქართული სოფლები რეგულარულად იბომბებოდა ცხინვალის მხრიდან. ბევრი ადამიანი დაშავდა. 6 აგვისტოს სოფელ ავნევთან ორი ქართველი მშვიდობისმყოფელი დაიღუპა.

სწორედ ამ დროს რუსეთმა, მასშტაბური სამხედრო წვრთნების შემდეგ, სამხედრო ნაწილების საქართველოს საზღვრებთან ჯარების კონცენტრაცია დაიწყო. მრავალი წყარო და დოკუმენტი ადასტურებს, რომ რუსულმა რეგულარულმა ნაწილებმა როკის გვირაბით საქართველოში მალულად შემოსვლა დაიწყეს.

საპასუხო ცეცხლის გახსნა 7 აგვისტოს, ღამით მას შემდეგ გადაწყდა, რაც ქართული მხარის მიერ ცეცხლის ცალმხრივად შეწყვეტის შემდეგ, ოსურმა და რუსულმა ფორმირებებმა დაბომბვა კიდევ უფრო გააძლიერეს.

ქართული ქვედანაყოფები ცხინვალში შევიდნენ. თუმცა, მალევე კონფლიქტში რუსეთი უკვე ღიად ჩაერია. რუსულმა ავიაციამ ქართული პოზიციებისა და დასახლებული პუნქტების დაბომბვა დაიწყო, ცხინვალისკენ რუსული სახმელეთო ძალები დაიძრა. 11 აგვისტოს ქართულმა ჯარმა თბილისისკენ, უკან დაიხია. კონფლიქტი სარკოზი-მედვედევის შეთანხმების გაფორმებით დასრულდა, რომელსაც რუსეთი დღემდე არ ასრულებს და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას აგრძელებს.

კომენტარები