დონალდ ტრამპის იმპიჩმენტი

ტრამპმა სენატში იმპიჩმენტის პროცესისთვის 2 ახალი ადვოკატი აიყვანა

დონალდ ტრამპი

აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ორი ადვოკატი დაასახელა, რომლებიც მისი დაცვის გუნდს შეუერთდებიან. დევიდ შოენი და ბრუს კასტორი იქნებიან ტრამპის მთავარი დამცველები საიმპიჩმენტო სასამართლო პროცესზე, რომელიც სენატში 9 თებერვლიდან დაიწყება.

შოენი ტრამპის ყოფილი მრჩევლის, როჯერ სტოუნის ადვოკატიც იყო. სტოუნი 2019 წლის ნოემბერში დამნაშავედ ცნეს, პრეზიდენტობის ბოლო დღეებში კი ტრამპმა შეიწყალა.

კასტორი პენსილვანიის ოლქის პროკურორი იყო. 2005 წელს მან მიიღო გადაწყვეტილება არ წაეყენებინა ბრალი მსახიობ ბილ კოსბისთვის, როდესაც ქალი მას სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებდა. კოსბი 2018 წლიდან დაპატიმრებულია და 10-წლიან სასჯელს იხდის 2004 წელს ჩადენილი გაუპატიურებისათვის.

გასულ კვირას ტრამპის დაცვის გუნდი ორმა ადვოკატმა, ბუჩ ბოუერსმა და დებორა ბარბერიმ დატოვა.

ტრამპი უკვე გახდა პირველი პრეზიდენტი, რომელსაც წარმომადგენელთა პალატამ იმპიჩმენტი ორჯერ გამოუცხადა.

ამბოხებისაკენ მოწოდების ბრალდებით, ტრამპის იმპიჩმენტის მომხრე იყო ყველა დემოკრატი კანონმდებელი, ასევე 10 რესპუბლიკელი კონგრესმენი, ჯამში - 232 კონგრესმენი. წინააღმდეგ წავიდა რესპუბლიკური პარტიის 197 წარმომადგენელი. იმპიჩმენტის რეზოლუციის მისაღებად საჭირო იყო, სულ მცირე, 218 კანონმდებლის მხარდაჭერა.

25 იანვარს წარმომადგენელთა პალატის 9 ბრალმდებელმა დონალდ ტრამპის წინააღმდეგ წაყენებული ამბოხებისაკენ მოწოდების ბრალი სენატს წარუდგინეს.

აშშ-ს სენატში, წარმომადგენელთა პალატიდან დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის საქმის გადაცემის შემდეგ, პროცედურული კენჭისყრა გაიმართა. კენჭისყრაზე 50 რესპუბლიკელი სენატორიდან 45-მა იმპიჩმენტის პროცესის გაგრძელებას და სასამართლოს გამართვას მხარი არ დაუჭირა.

55 სენატორს შორის, რომლებიც სასამართლო პროცესის გამართვას მხარს უჭერენ, 50 დემოკრატი და 5 რესპუბლიკელი სენატორია. რესპუბლიკელი სენატორები, რომლებმაც პროცესს მხარი დაუჭირეს, არიან სიუზენ კოლინზი, ლიზა მარკოვსკი, მიტ რომნი, ბენ სასი და პატ ტუმი. რომნი ერთადერთი რესპუბლიკელი სენატორია, რომელმაც ტრამპის პირველ იმპიჩმენტს დაუჭირა მხარი.

მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე რესპუბლიკელების წინააღმდეგობა იმპიჩმენტის პროცესს ვერ შეაჩერებს, ცხადი გახდა, რომ ტრამპის გამამტყუნებელი განაჩენის დადგომა, რასაც 67 სენატორის მხარდაჭერა სჭირდება, ნაკლებად მოსალოდნელია.

ტრამპი პირველი ყოფილი პრეზიდენტი იქნება, რომლის იმპიჩმენტის საკითხზე სენატში სასამართლო პროცესი გაიმართება. მიუხედავად იმისა, რომ მან პრეზიდენტის თანამდებობა უკვე დატოვა, სენატი შეძლებს იმპიჩმენტის პროცესი გამოიყენოს იმისათვის, რომ ტრამპს მომავალში საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრა აეკრძალოს. მან უკვე გამოთქვა 2024 წლის არჩევნებში კენჭისყრის სურვილი.

კომენტარები