დონალდ ტრამპის იმპიჩმენტი

აშშ-ს სენატის გადაწყვეტილებით, ტრამპის იმპიჩმენტის სასამართლო პროცესი კონსტიტუციურია

დონალდ ტრამპი
USnews.com

9 თებერვალს აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, იმპიჩმენტის მოსმენები დაიწყო. სენატში ხმათა უმრავლესობით - 56 ხმით 44-ის წინააღმდეგ, გადაწყდა, რომ იმპიჩმენტის სასამართლო პროცესი კონსტიტუციურია. 56 სენატორიდან 6 რესპუბლიკელია. ამჯერად, 5 რესპუბლიკელი სენატორის რიცხვს ბილ კესიდი შეუერთდა. 

ტრამპის დაცვის მხარესა და რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელთა ნაწილს მიაჩნიათ, რომ იმპიჩმენტის პროცესი არაკონსტიტუციურია, რადგან ტრამპი პრეზიდენტის პოსტს აღარ იკავებს.

მიუხედავად იმისა, რომ მან პრეზიდენტის თანამდებობა უკვე დატოვა, სენატი შეძლებს იმპიჩმენტის პროცესი გამოიყენოს იმისათვის, რომ ტრამპს მომავალში საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრა აეკრძალოს. მან უკვე გამოთქვა 2024 წლის არჩევნებში კენჭისყრის სურვილი.

პროცესი გრძელდება. ხვალიდან თითოეულ მხარეს ექნება 16 საათი საქმის წარსადგენად. თითოეულ დღეს მხარეებმა წარდგენისთვის 8 საათს არ უნდა გადააჭარბონ და მათ ამისთვის სულ ორი დღე აქვთ. ამის შემდეგ სენატს ექნება 4 საათი, რათა მათ კითხვები დაუსვას. თუ პროკურორები მოწმეებს დაუძახებენ ან მეტ დოკუმენტებს მოითხოვენ, მხარეებს საქმის წარსადგენად 4 საათი ექნებათ. შემდეგ კი თითოეულ მხარეს ექნება 4 საათი დამამთავრებელი არგუმენტების სათქმელად. 

ვარაუდობენ, რომ შესაძლოა, მიმდინარე კვირას კენჭისყრა გაიმართოს.  

ტრამპი პირველი ყოფილი პრეზიდენტია, რომლის იმპიჩმენტის საკითხზე სენატში სასამართლო პროცესი გაიმართა. ის უკვე გახდა პირველი პრეზიდენტი, რომელსაც წარმომადგენელთა პალატამ იმპიჩმენტი ორჯერ გამოუცხადა.

ამბოხებისაკენ მოწოდების ბრალდებით, ტრამპის იმპიჩმენტის მომხრე იყო ყველა დემოკრატი კანონმდებელი, ასევე 10 რესპუბლიკელი კონგრესმენი, ჯამში - 232 კონგრესმენი. წინააღმდეგ წავიდა რესპუბლიკური პარტიის 197 წარმომადგენელი. იმპიჩმენტის რეზოლუციის მისაღებად საჭირო იყო, სულ მცირე, 218 კანონმდებლის მხარდაჭერა.

25 იანვარს წარმომადგენელთა პალატის 9 ბრალმდებელმა დონალდ ტრამპის წინააღმდეგ წაყენებული ამბოხებისაკენ მოწოდების ბრალი სენატს წარუდგინეს. თავად ტრამპმა მის წინააღმდეგ სენატში იმპიჩმენტის სასამართლო პროცესზე ფიცის ქვეშ ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა

27 იანვარს აშშ-ს სენატში, წარმომადგენელთა პალატიდან დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის საქმის გადაცემის შემდეგ პროცედურული კენჭისყრა გაიმართა. კენჭისყრაზე 50 რესპუბლიკელი სენატორიდან 45-მა იმპიჩმენტის პროცესის გაგრძელებას და სასამართლოს გამართვას მხარი არ დაუჭირა.

იმ 55 სენატორს შორის, რომლებიც სასამართლო პროცესის გამართვას მხარს უჭერენ, 50 დემოკრატი და 5 რესპუბლიკელი სენატორია. რესპუბლიკელი სენატორები, რომლებმაც პროცესს მხარი დაუჭირეს, არიან სიუზენ კოლინზი, ლიზა მარკოვსკი, მიტ რომნი, ბენ სასი და პატ ტუმი. რომნი ერთადერთი რესპუბლიკელი სენატორია, რომელმაც ტრამპის პირველ იმპიჩმენტს დაუჭირა მხარი.

მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე რესპუბლიკელების წინააღმდეგობა იმპიჩმენტის პროცესს ვერ შეაჩერებს, ცხადი გახდა, რომ ტრამპის გამამტყუნებელი განაჩენის დადგომა, რასაც 67 სენატორის მხარდაჭერა სჭირდება, ნაკლებად მოსალოდნელია.

კომენტარები