დონალდ ტრამპის იმპიჩმენტი

45 რესპუბლიკელი სენატორი სენატში ტრამპის იმპიჩმენტის პროცესის გაგრძელებას ეწინააღმდეგება

სენატორი რენდ პოლი, სენატორი მიტ რომნი

აშშ-ს სენატში, წარმომადგენელთა პალატიდან დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის საქმის გადაცემის შემდეგ, პროცედურული კენჭისყრა გაიმართა. კენჭისყრაზე 50 რესპუბლიკელი სენატორიდან 45-მა იმპიჩმენტის პროცესის გაგრძელებას და სასამართლოს გამართვას მხარი არ დაუჭირა.

55 სენატორს შორის, რომლებიც სასამართლო პროცესის გამართვას მხარს უჭერენ, 50 დემოკრატი და 5 რესპუბლიკელი სენატორია. რესპუბლიკელი სენატორები, რომლებმაც პროცესს მხარი დაუჭირეს არიან სიუზენ კოლინზი, ლიზა მარკოვსკი, მიტ რომნი, ბენ სასი და პატ ტუმი. რომნი ერთადერთი რესპუბლიკელი სენატორია, რომელმაც ტრამპის პირველ იმპიჩმენტს დაუჭირა მხარი.

მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე რესპუბლიკელების წინააღმდეგობა იმპიჩმენტის პროცესს ვერ შეაჩერებს, ცხადი გახდა, რომ ტრამპის გამამტყუვნებელი განაჩენის დადგომა, რასაც 67 სენატორის მხარდაჭერა სჭირდება, ნაკლებად მოსალოდნელია.

იმპიჩმენტის პროცესის ლეგიტიმურობა კითხვის ნიშნის ქვეშ კენტუკის სენატორმა რენდ პოლმა დააყენა. მას მიაჩნია, რომ ვინაიდან ტრამპი პრეზიდენტის პოსტს აღარ იკავებს, მისი იმპიჩმენტი კონსტიტუციას არღვევს.

ტრამპი პირველი ყოფილი პრეზიდენტი იქნება, რომლის იმპიჩმენტის საკითხზე სენატში სასამართლო პროცესი გაიმართება. მიუხედავად იმისა, რომ მან პრეზიდენტის თანამდებობა უკვე დატოვა, სენატი შეძლებს იმპიჩმენტის პროცესი გამოიყენოს იმისათვის, რომ ტრამპს მომავალში საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრა აეკრძალოს. მან უკვე გამოთქვა 2024 წლის არჩევნებში კენჭისყრის სურვილი.

სენატის უმრავლესობის ლიდერმა ჩაკ შუმერმა განაცხადა, რომ რენდ პოლის თეორია არაერთმა კონსტიტუციონალისტმა უარყო.

ტრამპი უკვე გახდა პირველი პრეზიდენტი, რომელსაც წარმომადგენელთა პალატამ იმპიჩმენტი ორჯერ გამოუცხადა.

ამბოხებისაკენ მოწოდების ბრალდებით, ტრამპის იმპიჩმენტის მომხრე იყო ყველა დემოკრატი კანონმდებელი, ასევე 10 რესპუბლიკელი კონგრესმენი, ჯამში - 232 კონგრესმენი. წინააღმდეგ წავიდა რესპუბლიკური პარტიის 197 წარმომადგენელი. იმპიჩმენტის რეზოლუციის მისაღებად საჭირო იყო, სულ მცირე, 218 კანონმდებლის მხარდაჭერა.

ორშაბათს, 25 იანვარს წარმომადგენელთა პალატის 9 ბრალმდებელმა დონალდ ტრამპის წინააღმდეგ წაყენებული ამბოხებისაკენ მოწოდების ბრალი სენატს წარუდგინეს. სენატში საქმის განხილვა 8 თებერვლიდან დაიწყება.

პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თქვა, რომ მისი აზრით, იმპიჩმენტს საკმარისი რაოდენობის რესპუბლიკელი სენატორები არ დაუჭერენ მხარს, თუმცა მიაჩნია, რომ შედეგი განსხვავებული იქნებოდა, ტრამპს პრეზიდენტის პოსტზე მეტი დრო რომ ჰქონოდა დარჩენილი.

კომენტარები