დონალდ ტრამპის იმპიჩმენტი

აშშ-ს სენატმა ტრამპის მსჯავრდებას მეორედ არ დაუჭირა მხარი

დონალდ ტრამპი

აშშ-ს სენატმა ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მსჯავრდებას მეორედ არ დაუჭირა მხარი. დონალდ ტრამპი აშშ-ს ისტორიაში ერთადერთი პრეზიდენტია, რომელსაც იმპიჩმენტი ორჯერ გამოუცხადეს. 

ამჯერად ტრამპს კაპიტოლიუმში შეჭრის წახალისებას ედავებოდნენ. იმისათვის, რომ ტრამპისთვის მსჯავრი დაედოთ, დემოკრატებს 17 რესპუბლიკელი სენატორის ხმა სჭირდებოდათ, თუმცა, მათგან მხოლოდ 7-მა დაუჭირა მხარი 45-ე პრეზიდენტის გასამართლებას. მათ შორის არიან, რიჩარდ ბარი, სიუზან კოლისი, ბილ კესიდი, ლისა მარკოვსკი, ბენ სასე, პეტ ტუმი და მიტ რომნი, რომელიც ერთადერთი რესპუბლიკელი სენატორი იყო, რომელმაც ორჯერ მისცა ხმა ტრამპის წინააღმდეგ .  

ხმების გამოცხადების წამსვე აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა განცხადება გამოაქვეყნა, სადაც შეაქო თავისი იურიდიული გუნდი და მადლობა გადაუხადა სენატორებსა და კონგრესის სხვა წევრებს, რომლებიც, მისი თქმით, "ამაყად დადგნენ კონსტიტუციის მხარეს". 

"ეს კუდიანთა დიდი დევნის კიდევ ერთი ფაზა იყო ჩვენი ქვეყნისთვის. არცერთ პრეზიდენტს არაფერი მსგავსი არ გამოუვლია". – დაწერა დონალდ ტრამპმა. 

სენატის უმცირესობის ლიდერმა, რესპუბლიკელმა მიტჩ მაკ-კონელმა დონალდ ტრამპის გასამართლების შესაძლებლობა არ გამორიცხა. მისი აზრით, ყოფილი პრეზიდენტი კაპიტოლიუმში 6 იანვრს მოწყობილ არეულობაში დამნაშავე და პასუხისმგებელია. 

“მას ჯერ არაფერი შერჩენია. ამ ქვეყანაში ჩვენ გვაქვს სისხლის სამართლის სისტემა. გვაქვს სამოქალაქო სამართალი. ყოფილი პრეზიდენტები არც ერთისგან არ არიან დაცული”. - თქვა მაკ-კონელმა.

სენატის უმცირესობის ლიდერი ამ სიტყვით მას შემდეგ გამოვიდა, რაც იმპიჩმენტის პროცესის დროს ტრამპის გამართლებას დაუჭირა მხარი, რადგან იგი მიიჩნევს, რომ სენატს ყოფილი პრეზიდენტისთვის იმპიჩენტის მოწყობის სამართლებრივი უფლება არა აქვს.

 

 

კომენტარები