დონალდ ტრამპის იმპიჩმენტი

ტრამპი სენატში დანიშნულ იმპიჩმენტის პროცესზე ჩვენების მიცემაზე უარს ამბობს

დონალდ ტრამპი

აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მის წინააღმდეგ სენატში დანიშულ იმპიჩმენტის სასამართლო პროცესზე ფიცის ქვეშ ჩვენების მიცემაზე უარს ამბობს. ამის შესახებ მისმა მრჩეველმა ჯეისონ მილერმა განაცხადა.

დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლებს სურდათ, ტრამპს წარმომადგენელთა პალატის მიერ წაყენებულ ბრალდებებზე პასუხი სენატში გაეცა.

ტრამპის დაცვის მხარეს და რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელთა ნაწილს მიაჩნიათ, რომ იმპიჩმენტის პროცესი არაკონსტიტუციურია, რადგან ტრამპი პრეზდენტის პოსტს აღარ იკავებს.

მიუხედავად იმისა, რომ მან პრეზიდენტის თანამდებობა უკვე დატოვა, სენატი შეძლებს იმპიჩმენტის პროცესი გამოიყენოს იმისათვის, რომ ტრამპს მომავალში საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრა აეკრძალოს. მან უკვე გამოთქვა 2024 წლის არჩევნებში კენჭისყრის სურვილი.

სასამართლო პროცესი 9 თებერვლიდან დაიწყება. ტრამპი პირველი ყოფილი პრეზიდენტი იქნება, რომლის იმპიჩმენტის საკითხზე სენატში სასამართლო პროცესი გაიმართება.

ის უკვე გახდა პირველი პრეზიდენტი, რომელსაც წარმომადგენელთა პალატამ იმპიჩმენტი ორჯერ გამოუცხადა.

ამბოხებისაკენ მოწოდების ბრალდებით, ტრამპის იმპიჩმენტის მომხრე იყო ყველა დემოკრატი კანონმდებელი, ასევე 10 რესპუბლიკელი კონგრესმენი, ჯამში - 232 კონგრესმენი. წინააღმდეგ წავიდა რესპუბლიკური პარტიის 197 წარმომადგენელი. იმპიჩმენტის რეზოლუციის მისაღებად საჭირო იყო, სულ მცირე, 218 კანონმდებლის მხარდაჭერა.

25 იანვარს წარმომადგენელთა პალატის 9 ბრალმდებელმა დონალდ ტრამპის წინააღმდეგ წაყენებული ამბოხებისაკენ მოწოდების ბრალი სენატს წარუდგინეს.

აშშ-ს სენატში, წარმომადგენელთა პალატიდან დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის საქმის გადაცემის შემდეგ პროცედურული კენჭისყრა გაიმართა. კენჭისყრაზე 50 რესპუბლიკელი სენატორიდან 45-მა იმპიჩმენტის პროცესის გაგრძელებას და სასამართლოს გამართვას მხარი არ დაუჭირა.

იმ 55 სენატორს შორის, რომლებიც სასამართლო პროცესის გამართვას მხარს უჭერენ, 50 დემოკრატი და 5 რესპუბლიკელი სენატორია. რესპუბლიკელი სენატორები, რომლებმაც პროცესს მხარი დაუჭირეს, არიან სიუზენ კოლინზი, ლიზა მარკოვსკი, მიტ რომნი, ბენ სასი და პატ ტუმი. რომნი ერთადერთი რესპუბლიკელი სენატორია, რომელმაც ტრამპის პირველ იმპიჩმენტს დაუჭირა მხარი.

მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე რესპუბლიკელების წინააღმდეგობა იმპიჩმენტის პროცესს ვერ შეაჩერებს, ცხადი გახდა, რომ ტრამპის გამამტყუნებელი განაჩენის დადგომა, რასაც 67 სენატორის მხარდაჭერა სჭირდება, ნაკლებად მოსალოდნელია.

კომენტარები