ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უშიშროების პოლიტიკის უმაღლესმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ გასულ კვირას ვაშინგტონში კაპიტოლიუმში შეჭრა წარმოაჩენს, რა შედეგები შეიძლება მოიტანოს დემოკრატიის შესუსტებამ და დეზინფორმაციის გავრცელებამ.
"ის, რაც ვნახეთ ოთხშაბათს, იყო ბოლო წლებში გლობალურად განვითარებული შემაშფოთებელი მოვლენების კულმინაცია. ეს უნდა იყოს გაფრთხილება დემოკრატიის ყველა დამცველისთვის... ყველამ უნდა გაიგოს, რომ თუ ყოველ უკუსვლას, თუნდაც მცირეს, დავუშვებთ, დემოკრატია, მისი ფასეულობები და ინსტიტუტები ბოლოს შეიძლება განადგურდეს". – თქვა ბორელმა.
ჯოზეფ ბორელმა ასევე ისაუბრა დეზინფორმაციის საფრთხეებზე.
"თუ ვინმეს ეჭვი ეპარებოდა, მოვლენები ვაშინგტონში გვაჩვენებს, რომ დეზინფორმაცია ნამდვილ საფრთხეს შეიცავს დემოკრატიებისთვის. თუ ზოგ ადამიანს სჯერა, რომ არჩევნები გაყალბდა, იმის გამო, რომ მათი ლიდერი ამას ეუბნებათ, ისინი შესაბამისად მოიქცევიან" . – თქვა ჯოზეფ ბორელმა.
6 იანვარს, კონგრესის წარმომადგენელთა პალატისა და სენატის ერთობლივი სხდომის დროს ტრამპის მხარდამჭერი აქციის მონაწილეთა ნაწილი კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრა. დონალდ ტრამპის მხარდამჭერები საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებდნენ.
პოლიციას მათი შენობიდან გასაყვანად და წესრიგის აღსადგენად რამდენიმე საათი დასჭირდა. კანონმდებლები შენობიდან დაცვის თანხლებით გაიყვანეს. დედაქალაქში არეულობის აღსაკვეთად კომენდანტის საათი დაწესდა და მობილიზებული იყო ეროვნული გვარდია. პოლიციის ინფორმაციით, დაიღუპა 5 ადამიანი. მათ შორისაა ქალი, რომელიც კონგრესის შენობაში სროლისას დაიჭრა და ერთი პოლიციელი. სამმა პირმა კი დაზიანებები არეულობის დროს მიიღო. დააკავეს, სულ მცირე, 52 ადამიანი.