კაპიტოლიუმში შეჭრა

დააკავეს კაცი, რომელიც 6 იანვარს წარმომადგენელთა პალატის სპიკერის კაბინეტში შეიჭრა

AFP

დააკავეს კაცი, რომელმაც 6 იანვარს კაპიტოლიუმის შენობაში ტრამპის მხარდამჭერების შეჭრის შემდეგ წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის კაბინეტში ფოტოები გადაიღო. ის პელოსის სავარძელში ჩაჯდა და მაგიდაზე დაუტოვა ფურცელი წარწერით "უკან არ დავიხევთ".

დაკავებული არკანზასელი რიჩარდ ბარნეტია. მას ბრალად ედება შეგნებულად შესვლა და დარჩენა შენობაში, სადაც აკრძალულია შესვლა სპეციალური ნებართვის გარეშე, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა კაპიტოლიუმის ტერიტორიაზე და საჯარო საკუთრების მოპარვა.

ბარნეტი დაკავებამდე ადგილობრივ ტელეარხს ესაუბრა და თქვა, რომ პელოსის კაბინეტში შემთხვევით მოხვდა, თუმცა იქ ყოფნის უფლება ჰქონდა:

"მე კარი არ შემიტეხავს. იქ შესვლა არ მნდომია, ხალხის მოწოლის შედეგად მოვხვდი. საპირფარეშოს ვეძებდი...

...ეს ჩემი მაგიდაა. მე გადასახადების გადამხდელი ვარ. მე პატრიოტი ვარ. ეს მისი [პელოსი] მაგიდა არ არის. ჩვენ მას ეს მაგიდა ვათხოვეთ".

KFSM 5News-თან საუბრისას მან თქვა, რომ კონვერტი მოიპარა და პელოსის დაუტოვა ფურცელი წარწერით "ძუკნა".

დაკავებულია ალაბამის შტატის მკვიდრიც. მას ბრალად ედება კაპიტოლიუმის შენობის სამხრეთ ნაწილში ნაპოვნი ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობის განთავსება. მის ავტომობილში აღმოაჩინეს 11 ე.წ. "მოლოტოვის კოქტეილი" და სამხედრო ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი.

საქმე აღიძრა დასავლეთ ვირჯინიის შტატის საკანონმდებლო ორგანოს წევრის წინააღმდეგ. დერიკ ევანსი კაპიტოლიუმის შენობაში შეჭრაში მონაწილეობდა და ამის ამსახველი ვიდეო თავად გადაიღო. მას აკრძალულ ტერიტორიაზე, კაპიტოლიუმის შენობაში შესვლა ედება ბრალად.

სოციალურ ქსელებსა და მედიაში გავრცელებულ ფოტოებსა და ვიდეოებზე დაყრდნობით ამოიცნეს კაპიტოლიუმში შეჭრაში მონაწილე არაერთი პირი. ამის გამო ზოგიერთმა მათგანმა სამსახური დაკარგა.

მათ შორის არის კაცი, რომელსაც შეჭრის დროს ეკეთა თავისი დამსაქმებელი კომპანიის საიდენტიფიკაციო ბარათი. ის მერილენდში მოქმედ მარკეტინგულ კომპანია Navistar-ში მუშაობდა. კომპანიაში განაცხადეს, რომ მხარს უჭერენ თანამშრომლების უფლებას, მშვიდობიანად გამოხატონ პროტესტი და საკუთარი აზრი, მაგრამ  ყველა თანამშრომელი, რომელიც საშიშ ქმედებას ჩაიდენს და საფრთხეს შეუქმნის სხვების ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას, სამსახურიდან გათავისუფლდება.

დროებით დაითხოვეს პენსილვანიის შტატის ქალაქ ალენთაუნის ერთ-ერთი სკოლის მასწავლებელი. სკოლაში განაცხადეს, რომ გამოიძიებენ მის მონაწილეობას ვაშინგტონში გამართულ საპროტესტო აქციაში და საბოლოო გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მიიღებენ.

სამსახური დაკარგა ტეხასელმა ადვოკატმა პოლ დეივისმაც. ის სადაზღვეო კომპანია Goosehead-ში მუშაობდა. გავრცელდა ვიდეო, რომელშიც დეივისი ამბობს: "ჩვენ ვცდილობთ კაპიტოლიუმში შეღწევას, რათა ეს შევაჩეროთ". სამსახურის დაკარგვის შემდეგ დეივისმა თქვა, რომ მშვიდობიან პროტესში მონაწილეობდა და "კაპიტოლიუმში შეღწევაში" გულისხმობდა კანონმდებლებისათვის ხმის მიწვდენას და არა ძალადობრივი მეთოდით შეჭრას.

სენტ ვინსენტის კოლეჯის მასწავლებლის პოსტი დატოვა პენსილვანიის შტატის საკანონმდებლო ორგანოს ყოფილმა წარმომადგენელმა რიკ სეკონმა. მას შემდეგ, რაც გავრცელდა მისი ფოტო აქციიდან, კოლეჯმა გამოძიება დაიწყო. მან გადადგომის წერილი თავად დაწერა.

6 იანვარს წარმომადგენელთა პალატისა და სენატის ერთობლივი სხდომა მას შემდეგ შეწყდა, რაც ტრამპის მხარდამჭერი აქციის მონაწილეთა ნაწილი კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრა.

პოლიციას მათი შენობიდან გასაყვანად და წესრიგის აღსადგენად რამდენიმე საათი დასჭირდა. კანონმდებლები შენობიდან დაცვის თანხლებით გაიყვანეს. დედაქალაქში არეულობის აღსაკვეთად კომენდანტის საათი დაწესდა და მობილიზებული იყო ეროვნული გვარდია.

გარდაცვლილებს შორისაა ქალი, რომელიც კონგრესის შენობაში სროლისას დაიჭრა და პოლიციელი, რომელიც აქციის მონაწილეების შეკავებისას დაშავდა. სამმა პირმა კი დაზიანებები არეულობის დროს მიიღო. დააკავეს, სულ მცირე, 52 ადამიანი.

მოგვიანებით სხდომა განახლდა. რესპუბლიკელ კანონმდებელთა ნაწილმა სცადა, ხელი შეეშალა ბაიდენის გამარჯვების დამტკიცებისათვის. მათ გააპროტესტეს საარჩევნო კოლეგიის მიერ მიცემული ხმები რამდენიმე შტატში. ესენია ჯორჯია, პენსილვანია, არიზონა, ნევადა და მიჩიგანი. არიზონის, ნევადისა და მიჩიგანის შემთხვევაში პროცედურა დებატებამდე არ მისულა. დებატები კონგრესის ორივე პალატაში გაიმართა ჯორჯიისა და პენსილვანიის ხმების თაობაზე, თუმცა არცერთმა პალატამ ამ პროტესტს მხარი არ დაუჭირა.

შედეგად, კონგრესმა საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვება ოფიციალურად დაამტკიცა და ის მოვალეობის შესრულებას 20 იანვრიდან შეუდგება.

კომენტარები