კაპიტოლიუმში შეჭრა

კონგრესის შენობაში იარაღით დაჭრის შედეგად გარდაცვლილი ქალი ომის ვეტერანი იყო

ეშლი ბაბიტი
Facebook

ქალი, რომელიც გუშინ, 6 იანვარს, კონგრესის შენობაში ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრის შედეგად გარდაიცვალა 35 წლის ეშლი ბაბიტი იყო. ბაბიტი ომის ვეტერანი იყო, ის აშშ-ს საჰაერო სამხედრო ძალებში 14 წელს მსახურობდა. ბაბიტი ერაყსა და ავღანეთში მონაწილეობდა სამხედრო მისიებში.

ეშლი ბაბიტის ქმრის თქმით ის დონალდ ტრამპის აქტიური მხარდამჭერი იყო და ვაშინგტონში სან-დიეგოდან ჩავიდა.

ბაბიტი პოლიციამ მაშინ დაჭრა, როცა ის დონალდ ტრამპის სხვა მხარდამჭერებთან ერთად კონგრესის შენობაში ბარიკადების გარღვევას ცდილობდა. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

ვაშინგტონში გამართულ დემონსტრაციებში მონაწილეობის მიღებამდე ეშლი ბაბიტი აქტიურად წერდა Twitter-ზე დონალდ ტრამპის მხარდამჭერ პოსტებს.

6 იანვარს აშშ-ს კონგრესში საარჩევნო კოლეგიის ხმების დამტკიცებისას დონალდ ტრამპის მხარდამჭერი აქციის მონაწილეთა ნაწილი შეიჭრა.

პოლიციას მათი შენობიდან გასაყვანად და წესრიგის აღსადგენად რამდენიმე საათი დასჭირდა. კანონმდებლები შენობიდან დაცვის თანხლებით გაიყვანეს. დედაქალაქში არეულობის აღსაკვეთად კომენდანტის საათი დაწესდა და მობილიზებული იყო ეროვნული გვარდია.

პოლიციის ინფორმაციით ეშლი ბაბიტის გარდა დაიღუპა კიდევ 3 ადამიანი. მათ დაზიანებები არეულობის დროს მიიღეს. დააკავეს სულ მცირე 52 ადამიანი.

კომენტარები