აშშ

აშშ-ს სენატში ერთჯერადი ფულადი დახმარების $2 000-მდე გაზრდის განხილვა გადაიდო

მიტჩ მაკკონელი
axios

აშშ-ს სენატის უმრავლესობის ლიდერმა, მიტჩ მაკკონელმა კორონავირუსის პანდემიისგან გამოწვეული ზარალის ასანაზღაურებლად გაცემული ერთჯერადი ფულადი დახმარების $600-დან $2 000-მდე გაზრდაზე დონალდ ტრამპის ინიციატივის განხილვა დროებით გადადო. სენატის რესპუბლიკელთა ნაწილი ამბობს, რომ ინიციატივას მხარს დაუჭერენ. მათ შორის არის 2 სენატორი, რომელთა მანდატის გაგრძელების ბედი 5 იანვარს ჯორჯიაში დანიშნულ მეორე ტურებში გადაწყდება.

ინიციატივას მხარი უკვე დაუჭირა აშშ-ს კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ. გარდა ამისა, სენატმა უნდა განიხილოს ტრამპის მიერ 2021 წლის თავდაცვის ბიუჯეტზე დადებული ვეტოს დაძლევის საკითხიც, თუმცა სენატორების, ბერნი სანდერის მეთაურობით, ვეტოს საკითხის განხილვას ბლოკავენ მანამ, სანამ არ გადაწყდება ერთჯერადი ფულადი დახმარების ზრდის საკითხი.

აშშ-ს სახაზინო მდივანმა, სტივენ მნუჩინმა განაცხადა, რომ სენატის მიერ ინიციატივის განხილვამდე დაიწყება ამერიკელთა ნაწილისათვის კონგრესის მიერ დამტკიცებული და ტრამპის მიერ ხელმოწერილი დახმარების პაკეტით გათვალისწინებული 600-დოლარიანი დახმარების დარიგება.

კონგრესის მიერ დამტკიცებული 900 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების დახმარების პაკეტში შედის 600 აშშ დოლარის ოდენობის ერთჯერადი დახმარება, რომელსაც ამერიკელების უმეტესობა მიიღებს. ასევე, კვირაში დამატებით 300 აშშ დოლარის ოდენობის დახმარება მათთვის, ვინც სამსახურის გარეშე დარჩა.

სუბსიდიებს მიიღებს პანდემიისგან დაზარალებული ბიზნესი. პაკეტში გათვალისწინებულია დამატებითი დაფინანსება სკოლების, კოლეჯებისა და უნივერსიტეტების ($82 მილიარდი), თეატრებისა და სხვა მსგავსი დაწესებულებების ($15 მილიარდი) და იმ პირებისათვის, ვისაც ქირის გადაუხდელობის გამო გასახლება ემუქრება ($25 მილიარდი). დახმარების პაკეტი 11 კვირაზეა გათვლილი.

პაკეტს კონგრესის წარმომადგენელთა პალატა და სენატი რამდენიმე თვის განმავლობაში განიხილავდა. დემოკრატიულ პარტიას სურდა, დახმარების პაკეტი თითქმის ორჯერ დიდი ყოფილიყო, თუმცა მათ პროექტს რესპუბლიკელებმა მხარი არ დაუჭირეს.

დახმარების პაკეტი გააკრიტიკა დონალდ ტრამპმა და ერთჯერადი ფულადი დახმარების გაზრდასთან ერთად, სხვა ქვეყნების დასახმარებლად, ასევე მუზეუმებისა და თეატრებისათვის გამოყოფილი ხარჯების შემცირება მოითხოვა. მან თქვა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში კანონს ვეტოს დაადებდა, თუმცა საბოლოოდ მას ხელი მაინც მოაწერა.

ტრამპმა ვეტო დაადო აშშ-ს 2021 წლის თავდაცვის ბიუჯეტს. იმისათვის, რომ კანონი ძალაში ტრამპის ვეტოს გვერდის ავლით შევიდეს, საჭიროა სენატის 2/3-ის მხარდაჭერაც. წარმომადგენელთა პალატამ უკვე დაუჭირა მხარი ვეტოს დაძლევას. დემოკრატ კონგრესმენებს რესპუბლიკელების ნაწილიც შეუერთდა.

ვეტოს მიზეზად ტრამპმა დაასახელა პუნქტები, რომლითაც იზღუდება ავღანეთიდან და ევროპიდან ამერიკელი სამხედროების გამოყვანა და ასევე, ჩნდება ამერიკული სამხედრო ბაზებისათვის კონფედერაციული შტატების ლიდერების სახელების შეცვლის შესაძლებლობა.

ტრამპს ასევე სურს, კანონპროექტში მოხსენიებული იყოს სოციალური მედიის კომპანიები, კერძოდ, მათ მოეხსნათ გარკვეული პასუხისმგებლობისგან დაცვის მექანიზმები.

დოკუმენტის მიხედვით, 2021 წელს აშშ-ს ბიუჯეტიდან თავდაცვაზე 740 მილიარდი აშშ დოლარი გამოიყოფა.

მასში საუბარია გერმანიაში აშშ-ს სამხედრო ძალების შემცირებაზე და აშშ-ში სამხედრო ბაზებისათვის კონფედერაციული შტატების გენერლების სახელის გადარქმევაზე.

დოკუმენტში კანონმდებლები მხარს უჭერენ გერმანიაში აშშ-ს ძალების დარჩენას. გარდა ამისა, თავდაცვის დეპარტამენტს არ შეეძლება სამხედრო ძალის შემცირება 34 500 ჯარისკაცზე ნაკლებ რაოდენობამდე სპეციალური ანგარიშის წარუდგენლად, სადაც შეფასებული უნდა იყოს შესაძლო შედეგები. ეს ეწინააღმდეგება ივლისში პენტაგონის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ გერმანიაში მყოფი 36 000 ჯარისკაციდან 12 000-ის გამოყვანა იგეგმებოდა.

რაც შეეხება სამხედრო ბაზებისათვის სახელების შეცვლას, ტრამპმა აშშ-ში მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს თქვა, რომ ეს საკითხი არც კი განიხილებოდა, თუმცა თავდაცვის ავტორიზიის აქტი ამის საშუალებას იძლევა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ შეიქმნება სპეციალური კომისია, რომელიც ამ საკითხს განიხილავს.

გარდა ამისა, დოკუმენტში არ არის ტრამპის მიერ მოთხოვნილი პუნქტი სოციალური მედიის კომპანიების თაობაზე, ვინაიდან, კანონმდებლებს მიაჩნიათ, რომ ამ საკითხს თავდაცვის ბიუჯეტთან საერთო არა აქვს.

კომენტარები