აშშ-ს თავდაცვის აქტი

ამერიკელმა კანონმდებლებმა 2021 წლის თავდაცვის ბიუჯეტის საბოლოო დოკუმენტი წარმოადგინეს

Time

აშშ-ს კონგრესმა 2021 წლის თავდაცვის ბიუჯეტის საბოლოო დოკუმენტი წარმოადგინა. თავდაცვის ავტორიზაციის აქტი აშშ-ს კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ და სენატმა გასულ თვეებში დაამტკიცა. ამის შემდეგ კონგრესის ორივე პალატის კომიტეტებში განხილვა გრძელდებოდა.

დოკუმენტის მიხედვით 2021 წელს აშშ-ს ბიუჯეტიდან თავდაცვაზე 740 მილიარდი აშშ დოლარი გამოიყოფა. მასში საუბარია რუსეთიდან და ჩინეთიდან მომავალი საფრთხეების წინააღმდეგ ნაბიჯების გადადგმაზე, მათ შორის შავი ზღვის რეგიონში მოკავშირე ქვეყნებთან თანამშრომლობის გაძლიერებაზე.

"იმისათვის, რომ გავაძლიეროთ რუსეთის აგრესიის შეკავება, თავდაცვის დეპარტამენტმა უნდა გაზადროს ფოკუსი და რესურსები შავ ზღვაში სამხედრო ბალანსის ცვლილებასთან გასამკლავებლად და უნდა გაიზარდოს ნატოს ჩართულობით და სხვა საერთაშორისო წვრთნების სიხშირე და მასშტაბი შავი ზღვის რეგიონში, მათ შორის საქართველოს და უკრაინის მონაწილეობით". - ნათქვამია დოკუმენტში.

წარმომადგენელთა პალატის და სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტების კონფერენციის შემაჯამებელ დოკუმენტში ნათქვამია, რომ 2021 წლის პირველ მარტამდე აშშ-ს თავდაცვის მდივანმა კომიტეტებს უნდა წარუდგინოს ანგარიში შავი ზღვის რეგიონში მოკავშირეებთან თანამშრომლობის გაძლიერების მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე, მათ შორის საქართველოს შესახებ. ანგარიში უნდა მოიცავდეს რუსეთის აგრესიის შეკავების წინააღმდეგ მედეგობის გამომუშავების, რეგიონული სტაბილურობის, ნატოს ძალებთან გაუმჯობესებული თავსებადობის, უსაფრთხოების კუთხით თანამშრომლობის გაზრდის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს.

დოკუმენტში აღარ არის საუბარი საქართველოში დემოკრატიული რეფორმების შეფასებაზე.

კომიტეტებში განხილვის დასრულების შემდეგ, კანონპროექტს კვლავ კონგრესის წარმომადგენელთა პალატას და სენატს გაუგზავნიან, საიდანაც საბოლოო დოკუმენტი დასამტკიცებლად პრეზიდენტს გაეგზავნება, თუმცა, შესაძლოა, დონალდ ტრამპმა ვეტოს უფლება გამოიყენოს. მიზეზი რამდენიმე პუნქტია, რომელიც ტრამპის მიერ გამოცხადებულ გადაწყვეტილებებს ეწინააღმდეგება.

საუბარია გერმანიაში აშშ-ს სამხედრო ძალების შემცირებაზე და აშშ-ში სამხედრო ბაზებისათვის კონფედერაციული შტატების გენერლების სახელის გადარქმევაზე.

დოკუმენტში კანონმდებლები მხარს უჭერენ გერმანიაში აშშ-ს ძალების დარჩენას. გარდა ამისა, თავდაცვის დეპარტამენტს არ შეეძლება სამხედრო ძალის შემცირება 34 500 ჯარისკაცზე ნაკლებ რაოდენობამდე სპეციალური ანგარიშის წარდგენის გარეშე, სადაც შეფასებული უნდა იყოს შესაძლო შედეგები. ეს ეწინააღმდეგება ივლისში პენტაგონის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ გერმანიაში მყოფი 36 000 ჯარისკაციდან 12 000-ის გამოყვანა იგეგმებოდა.

რაც შეეხება სამხედრო ბაზებისათვის სახელების შეცვლას, ტრამპმა აშშ-ში მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს თქვა, რომ ეს საკითხი არც კი განიხილებოდა, თუმცა თავდაცვის ავტორიზიის აქტი ამის საშუალებას იძლევა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ შეიქმნება სპეციალური კომისია, რომელიც ამ საკითხს განიხილავს.

გარდა ამისა, დოკუმენტში არ არის ტრამპის მიერ მოთხოვნილი პუნქტი სოციალური მედიის კომპანიების თაობაზე, ვინაიდან, კანონმდებლებს მიაჩნიათ, რომ ამ საკითხს თავდაცვის ბიუჯეტთან საერთო არა აქვს.

კანონში გათვალისწინებულია თურქეთისათვის სანქციების დაწესება რუსეთისაგან S-400 ტიპის სარაკეტო სისტემის შეძენის გამო.

ის ასევე მოიცავს Nord Stream 2-ის და TURKSTREAM-ის გაზსადენების მშენებლობის გამო დაწესებულ სანქციებს. სანქციები დაუწესდებათ გაზსადენის მშენებლობაში ჩართულ კომპანიებს და ყველა სხვა კომპანიას, რომელიც ამ პროექტებთან არის დაკავშირებული.

კომენტარები