დახმარების პაკეტი

აშშ-ს კონგრესი პანდემიით გამოწვეული ზარალის ასანაზღაურებლად $900 მილიარდს დაამტკიცებს

აშშ-ს კონგრესი პანდემიით გამოწვეული ზარალის ასანაზღაურებლად 900 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პაკეტს დაამტკიცებს. წარმომადგენელთა პალატისა და სენატის ლიდერებმა განაცხადეს, რომ მათ შეთანხმებას მიაღწიეს და დახმარების პროექტს კენჭს 21 დეკემბერს უყრიან. მასში შედის 600 აშშ დოლარის ოდენობის ერთჯერადი დახმარება, რომელსაც ამერიკელების უმეტესობა მიიღებს. ასევე, კვირაში დამატებით 300 აშშ დოლარის ოდენობის დახმარება მათთვის, ვინც სამსახურის გარეშე დარჩა.

სუბსიდიებს მიიღებს პანდემიისგან დაზარალებული ბიზნესი. პაკეტში გათვალისწინებულია დამატებითი დაფინანსება სკოლების, კოლეჯებისა და უნივერსიტეტების ($82 მილიარდი), თეატრებისა და სხვა მსგავსი დაწესებულებების ($15 მილიარდი) და იმ პირებისათვის, ვისაც ქირის გადაუხდელობის გამო გასახლება ემუქრება ($25 მილიარდი). დახმარების პაკეტი 11 კვირაზეა გათვლილი.

პაკეტს კონგრესის წარმომადგენელთა პალატა და სენატი რამდენიმე თვის განმავლობაში განიხილავდა. დემოკრატიულ პარტიას სურდა, დახმარების პაკეტი თითქმის ორჯერ დიდი ყოფილიყო, თუმცა მათ პროქტს რესპუბლიკელებმა მხარი არ დაუჭირეს.

დახმარების პაკეტის დამტკიცებას გამოეხმაურა აშშ-ს პრეზიდენტად არჩეული ჯო ბაიდენი. მან თქვა, რომ მოხარულია, რომ კონგრესმა შეძლო ორპარტიული პროექტის დამტკიცება და ეს მხოლოდ დასაწყისია პანდემიის შემდგომ ეკონომიკის აღდგენის გზაზე.

წარმომადგენელთა პალატის ლიდერმა, დემოკრატმა ნენსი პელოსიმ თქვა, რომ მას შემდეგ, რაც ჯო ბაიდენი პრეზიდენტის პოსტს ოფიციალურად დაიკავებს, დახმარების სხვა პროექტებიც დამტკიცდება.

"ეს პირველი ნაბიჯია. მეტი უნდა გავაკეთოთ". – თქვა მან.

პანდემიის დაწყების შემდეგ კონგრესმა უკვე არაერთი მსგავსი დახმარების პაკეტი მიიღო. მათ შორის იყო მარტში CARES აქტის ფარგლებში გამოყოფილი 1.8 მილიარდი აშშ დოლარი.

დახმარების პაკეტი აშშ-ს ახალი ბიუჯეტის ნაწილია, რომელშიც ასევე გათვალისწინებულია 4 მილიარდი აშშ დოლარის გამოყოფა სხვა ქვეყნებისათვის, მათი მოსახლეობის ვაქცინაციაში დასახმარებლად.

კომენტარები