ახალი კორონავირუსი საქართველოში

ტაქსის მძღოლებისთვის ახალ კორონავირუსზე ტესტირება უფასოა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის ცნობით, ტაქსის მძღოლებისთვის ახალ კორონავირუსზე ტესტირება უფასოა და ეს დღეს ოფიციალურად გაჟღერდება. ამის შესახებ იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

"დღეს გაჟღერდება ოფიციალურად, რომ ტაქსის მძღოლები, რომლებსაც ყველაზე მეტი შეხება აქვთ მოსახლეობასთან, მათთვისაც ტესტირება იქნება აბსოლიტურად უფასო და მიბრძანდნენ ჩაიტარონ". – ამბობს იმნაძე.

მისივე თქმით, ჯანდაცვის სისტემა მზადაა, რომ ახალ კორონავირუსზე, დღეში 20 000 პირი გატესტოს, ამიტომ, იმნაძის განმარტებით, მიმართვიანობა, სიმპტომების არარსებობის შემთხვევაშიც, უნდა გაიზარდოს, თუ "ოდნავი ეჭვი მაინც არსებობს".

"გუშინდელი ტესტების რაოდენობა 14 000 იყო, პიკზე ყველაზე მეტი მიმართვიანობა 21 000-იც იყო. ყოველ შემთხვევაში, სისტემა მზად არის, რომ დღეში 20 000 ტესტი აკეთოს. მინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდო ჩვენს თანამოქალაქეებს, მიბრძანდნენ და თუ ოდნავი ეჭვი აქვთ, რომ შეიძლება კოვიდი იყოს, შეუძლიათ, ნებისმიერ დაწესებულებაში ჩაიტარონ ტესტირება". – ამბობს პაატა იმნაძე.

გასულ დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსით კიდევ 25 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში დადასტურდა ინფიცირების 2 012 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 2 638 პაციენტი. 

მეოთხე თვეა, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა იზრდება. ქვეყანაში აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება. პირბადის ტარება როგორც ღია, ასევე დახურულ სივრცეში სავალდებულოა. 21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე ქვეყანაში კომენდანტის საათი მოქმედებს. ასევე, დიდ ქალაქებში არ მუშაობს მუნიციპალური ტრანსპორტი. არ მუშაობს ღია და დახურული ბაზრობები. რესტორნები და კვების ობიექტები მხოლოდ გატანის სერვისებზე გადავიდნენ. 28 ნოემბრიდან დაიკეტა ფიტნეს დარბაზები და საცურაო აუზები. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა. 

რა შეზღუდვები მოიხსნა 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით  - წაიკითხეთ აქ.

კომენტარები