ებრაელმა ექიმმა, ტეილორ ნიკოლსმა, რომელიც ნაცისტური ტატუების მქონე პაციენტს მკურნალობდა თქვა, რომ პანდემიამ მისი თანაგრძნობა გამოსცადა.
კალიფორნიაში სავარაუდო Covid პაციენტი, კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაში მყოფი, სასწრაფო დახმარების მანქანით მიიყვანეს საავადმყოფოში. ის ნიკოლსს სთხოვდა, გადამარჩინეო. პაციენტს სხეულზე ნაცისტური ტატუები ჰქონდა, მათ შორის გულმკერდზე - დიდი სვასტიკა.
ნიკოლსი და მისი კოლეგები პაციენტს მილს უდგამდნენ, რაც ინფიცირების თვალსაზრისით ექიმებისთვის დიდ ხიფათს წარმოადგენს, რადგან მედიკოსები შესაძლოა, ვირუსის შემცველი წვეთებით დაინფიცირდნენ. ის შეყოყმანდა, ფიქრობდა, ნეტა როლები რომ გაგვეცვალა, ნაცისტური ტატუების მქონე კაცს ჩემი სიცოცხლე ააღელვებდა თუ არაო.
გასულ კვირას მან დაწერა, რომ პანდემიამ ძალიან გადაღალა. "მთელი ამ ხნის განმავლობაში ზურგის ქარის წინააღმდეგ ვიბრძოდი, ნამდვილი გლადიატორი ვიყავი. მერე ვიფიქრე, რომ იქნებ კარგად არა ვარ".
მასზე ამან დიდი გავლენა მოახდინა. მისი თქმით, უწინ ასე არასდროს უყოყმანია - "თუმცა, მივხვდი, რომ გადავიღალე და შეიძლება ისე კარგად ვეღარ ვმუშაობ, როგორც სხვა დროს..."
ექიმი ტეილორი ეთიკური დილემის წინაშე ადრეც დამდგარა, მაგრამ ცდილობდა ამაზე არ ეფიქრა და მაქსიმალურად პაციენტის მკურნალობაზე, მის მიმართ თანაგრძნობაზე ჰქონოდა ყურადღება გამახვილებული.
"ამ პაციენტს არც კი გამოვლაპარაკებივარ. ჩემზე მხოლოდ ნაცისტურმა სიმბოლომ მოახდინა შთაბეჭდილება. ეს სიძულვილის სიმბოლოა. ამან მოულოდნელად ძალიან ამაღელვა".
მისი თქმით, ამის მიზეზი ნაწილობრივ ის სტრესია, რომელიც მისი გუნდის სხვა წევრებსაც აქვთ.
"როცა ჩვენ ამ საქმეს ვემსახურებით, ჩვენ ვიცით, რომ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ გავაკეთოთ მაქსიმალურად ყველაფერი, რაც კი შეგვიძლია და უნდა ვუმკურნალოთ ყველას, ვინც კარს მოგვადგება. ჩვენ მათზე ვიზრუნებთ... და ჩვენ ამას გავაკეთებთ, რაც არ უნდა იყოს". - დასძნა მან.