პანდემია

COVID–19–ის გავლენით, აზიაში უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრებთა რაოდენობა 68 მილიონით გაიზარდა

Eloisa Lopez/Reuters

აზიის განვითარების ბანკის (ADB) ანგარიშით, აზიის განვითარებად ქვეყნებში 2022 წელს COVID-19-ის პანდემიისა და ცხოვრების ხარჯების გაზრდის გამო თითქმის 70 მილიონი ადამიანი უკიდურეს სიღარიბეში აღმოჩნდა.  

24 აგვისტოს გამოქვეყნებულ ანგარიშში მითითებულია, რომ აზიის განვითარებად ქვეყნებში 2022 წელს უკიდურესი სიღარიბეში მცხოვრებთა რაოდენობა 155 მილიონზე მეტს შეადგენდა, რაც, ADB-ს შეფასებით, 67.8 მილიონით მეტია, ვიდრე კოვიდპანდემიის არარსებობის შემთხვევაში იქნებოდა.

მსოფლიო ბანკის განმარტებით, უკიდურესი სიღარიბე გულისხმობს ეკონომიკური სიდუხჭირის მდგომარეობის უმაღლესი ხარისხს, როცა ადამიანი საცხოვრებლად დღეში $2.15-ზე ნაკლებს ხარჯავს. თანხა 2017 წლის ფასების გათვალისწინებით არის მითითებული და ინფლაციის დონის მიხედვით ცვლილებას ექვემდებარება.

ADB-ს მითითებით, სიღარიბის შემცირების მოლოდინების მიუხედავად, რეგიონის მოსახლეობის დაახლოებით 30.3%, ანუ დაახლოებით 1.26 მილიარდი ადამიანი, მოსალოდნელია, რომ 2030 წლამდე დღეში $3.65-6.85-ით იცხოვრებს.

ფილიპინებში დაფუძნებულმა აზიის განვითარების ბანკმა რეგიონის განვითარებადი ქვეყნების მთავრობებს რეკომენდაცია მისცა, გააძლიერონ სოციალური კეთილდღეობა, გააუმჯობესონ ფინანსური სერვისების ხელმისაწვდომობა, განახორციელონ ინვესტიციები ინფრასტრუქტურაში და მხარი დაუჭირონ ტექნოლოგიურ ინოვაციებს. ეს ყოველივე დამატებითი დასაქმებისა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

"აზია და წყნარი ოკეანე სტაბილურად დაძლევს COVID-19-ის პანდემიას, მაგრამ გაზრდილი ცხოვრების ხარჯებისაგან გამოწვეული კრიზისი სიღარიბის აღმოფხვრისკენ წინასვლას ძირს უთხრის". - თქვა ADB-ის მთავარმა ეკონომისტმა, ალბერტ პარკმა.

კომენტარები