კელი დეგნანი

დეგნანი არჩევნებში რუსეთის ჩარევაზე: საქართველო აშკარა სამიზნეა

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი ამბობს, რომ საქართველო "აშკარა სამიზნეა" რუსეთისთვის არჩევნებში ჩარევის თვალსაზრისით.

კელი დეგნანის თქმით, უცხო ქვეყნების არჩევნებში ჩარევა რუსეთისთვის შაბლონური ქცევაა.

"რომ წავიკითხოთ ახალი ამბები გასულ კვირებში, გამოდის სარწმუნო ცნობები არაერთი ქვეყნის არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ, იქნება ეს გაერთიანებულ სამეფოში, შეერთებულ შტატებში... დღეს კიდევ ახლებია - შოტლანდიის რეფერენდუმი, შესაძლოა, ბრექსიტიც. ნათელია, რომ ეს შაბლონია. როგორც აქამდე გვითქვამს, საქართველო აშკარა სამიზნეა ამგვარი ჩარევისთვის. ვგრძნობ, რომ ქართული საზოგადოება საკმარისად გათვითცნობიერებულია რუსული დეზინფორმაციის ამოსაცნობად. თუმცა ის ძალიან დახვეწილია და უფრო და უფრო იხვეწება". - ამბობს აშშ-ს ელჩი.

დეგნანის თანახმად, "აშშ მხარს უჭერს პროგრამებს და ინიციატივებს, რომლებიც ეხმარება საზოგადოებაში იმ უნარის განვითარებას, რითაც ნამდვილი და შეთხზული ამბები ერთმანეთისგან განირჩევა".

როგორც კელი დეგნანი ამბობს, საქართველოში არსებული პოლარიზებული გარემო ხელსაყრელია იმათთვის, ვისაც ქვეყანაში დესტაბილიზაცია აწყობს:

"ცხადია, ძალიან პოლარიზებული გარემოა ამჟამად საქართველოში და დარწმუნებული ვარ, ვისაც ამ ქვეყნის დესტაბილიზაცია ან არჩევნების გარშემო დაბნეულობის შექმნა სურს, ამას ბოლომდე გამოიყენებს".

დღეს დიდი ბრიტანეთის პარლამენტის სადაზვერვო და უშიშროების კომიტეტმა რუსეთის საკითხზე ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც არსებობს ღია მტკიცებულებები, რომ რუსეთმა შოტლანდიის 2014 წლის რეფერენდუმზე გავლენის მოხდენის მიზნით კამპანია ჩაატარა.

კომენტარები