აშშ-საქართველო

აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი საქართველოში ჩამოვიდა

კელი დეგნანი
dvidshub.net

ამერიკის ელჩი საქართველოში თბილისში ჩამოვიდა. ინფორმაციას ამერიკის საელჩო ავრცელებს.

"საელჩო მოხარულია, გაცნობოთ ელჩი კელი დეგნანის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩამოსვლის შესახებ.

მოგესალმებით საქართველოში, ქალბატონო ელჩო! ჩვენ მოუთმენლად ველით შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის პარტნიორობის გასამტკიცებლად ერთად მუშაობას" - წერია საელჩოს განცხადებაში.

ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა საქართველოში აშშ-ის ელჩის თანამდებობაზე კელი დეგნანი 20 დეკემბერს დანიშნა.

სენატმა კელი დეგნანს 29 ოქტომბერს მოუსმინა. მან თავის სიტყვაში რამდენიმე საკითხზე გაამახვილა ყურადღება - საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია, თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფა, რუსული აგრესიის პირისპირ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა, აშშ-ის მიერ საქართველოს ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა, საზიანო რუსულ და მზარდ ჩინურ გავლენასთან გამკლავება და სხვა.

კელი დეგნანი კარიერული დიპლომატია, რომელიც ამ დრომდე ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ხელმძღვანელის პოლიტიკური მრჩეველი და კოსოვოში აშშ-ის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის მოადგილე იყო. მას 25-წლიანი დიპლომატიური კარიერა აქვს, რომლის განმავლობაშიც ის მუშაობდა, როგორც ნატო-ში აშშ-ის წარმომადგენლობაში, ისე თურქეთში აშშ-ის საელჩოს პოლიტიკური მრჩევლის მოადგილედ. ამასთან, დეგნანი ავღანეთში ამერიკული საბრძოლო ბრიგადის სამოქალაქო წარმომადგენელიც იყო. 

დეგნანი საქართველოში აშშ-ის ელჩობის კანდიდატი სახელმწიფო მდივნის თანაშემწედაც მუშაობდა პოლიტიკურ საკითხებში.

საქართველოში აშშ-ის ელჩს, იან კელის, უფლებამოსილების ვადა 2018 წლის მარტის ბოლოს ამოეწურა. სწორედ ამ პერიოდიდან არ ჰყავს აშშ-ის საქართველოში საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი. მის მოვალეობას ამ დრომდე ელიზაბეტ რუდი ასრულებდა.

კომენტარები