საქართველო-სომხეთის ურთიერთობა

გიორგი გახარია ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა

საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი გახარია, სომეხ კოლეგას ნოკოლ ფაშინიანს შეხვდა. 

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გიორგი გახარიას პატივსაცემად, სომხეთის მთავრობის სახლში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. მათი ცნობით, მხარეებმა ყურადღება ორმხრივ კეთილმეზობლურ ურთიერთობასა და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებაზე გაამახვილეს.

"ჩვენ დიდი პასუხისმგებლობა გვაქვს – ეს არის ჩვენი ისტორია და ჩვენი წინაპრები, რომლებმაც საფუძველი ჩაუყარეს ჩვენს ორ ხალხს შორის მეგობრობას. დარწმუნებული ვარ, ღირსეულად გავართმევთ თავს ჩვენზე დაკისრებულ ამ ვალდებულებას. მინდა დაგიდასტუროთ, რომ საქართველოს მთავრობა მზად არის, მეტი იმუშაოს იმისათვის, რომ ქართულ-სომხური ურთიერთობები გახდეს კიდევ უფრო ეფექტური, ჩვენი თითოეული მოქალაქის საკეთილდღეოდ. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობები გვაქვს, ვთანხმდებით, რომ შეგვიძლია ის კიდევ უფრო განვავითაროთ, რათა მეტი სარგებელი მოვუტანოთ ჩვენს ხალხს, მათ შორის ეკონომიკაში, მშენებლობაში, ინფრასტრუქტურაში, კულტურაში, სპორტში და ყველა მიმართულებით"– თქვა გახარიამ ადმინისიტრაციის ცნობით. 

მათივე ინფორმაციით, ფაშინიანმა გახარიას ოფიციალური ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა. მან საკუთარი პრემიერმინისტრობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიღწევად საქართველოსთან მეგობრული ურთიერთობების კიდევ უფრო მაღალ დონეზე აყვანა დაასახელა.

"მოხარული ვარ, აღვნიშნო, რომ ორი ქვეყნის ურთიერთობა კიდევ უფრო უმჯობესდება ყველა სფეროში. პრემიერ-მინისტრად ჩემი წელიწადნახევრიანი მუშაობის პერიოდში ყველაზე კარგ მიღწევად აღვნიშნავდი სომხურ-ქართული ურთიერთობების მაღალ დონეზე აყვანას, რაც, ვფიქრობ, ჩვენი ერთობლივი მუშაობის შედეგად, კიდევ უფრო გაუმჯობესდება"- თქვა ფაშინიანმა

ადმინისტრაციის ინფორმაციით, პირისპირ შეხვედრის შემდეგ, მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდა, რომელშიც ორი ქვეყნის მთავრობის წევრები მონაწილეობდნენ.

კომენტარები