საქართველო-სომხეთის ურთიერთობა

საქართველოსა და სომხეთის მოქალაქეები საზღვარს პირადობის მოწმობით გადაკვეთენ

12 იანვარს საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და სომხეთის პრემიერმინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ერევანში, მთავრობათაშორის ეკონომიკური კომისიის სხდომაზე შეხვდნენ. სხდომაზე ხელი მოეწერა დოკუმენტს, რომლის თანახმადაც საქართველოსა და სომხეთის მოქალაქეები საზღვარს პასპორტის გარეშე, ბიომეტრიული პირადობის მოწმობებით გადაკვეთენ.

“დღევანდელი დღის წესრიგი ძალიან ფართოა და მოიცავს სხვადასხვა სფეროებს, ტრანსპორტი, კომუნიკაციები, ტექნოლოგიები, ჯანდაცვა, სოფლის მეურნეობა და სხვა სფეროები. დარწმუნებული ვარ, რომ სხდომის ფარგლებში მიღებული შეთანხმებები სომხურ-ქართულ ურთიერთობებს ახალ შინაარსს შესძენენ.” - თქვა ნიკოლ ფაშინიანმა.

პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ 2022 წელს იანვარ-ნოემბრის პერიოდში სავაჭრო ბრუნვა დაახლოებით 70%-ით გაიზარდა. ბრუნვამ მილიარდ დოლარს გადააჭარბა და სომხეთმა ტოპ ათეულში მე-6 სავაჭრო პოზიცია დაიკავა.

სხდომას ირაკლი ღარიბაშვილი Twitter-ზე გამოეხმაურა. მისი თქმით, ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრაზე რეგიონალური მშვიდობისკენ მიმართული ინიციატივები და ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაფართოების შესაძლებლობები განიხილეს.

კომენტარები