საქართველო-სომხეთის ურთიერთობა

რურუა: აფხაზეთის რკინიგზის გახსნა დაუშვებელია

ტაბულა

ენმ-ის წევრ ნიკა რურუას თქმით, საქართველოში სომხეთის პრემიერის ვიზიტის შემდეგ, საფუძვლიანი ეჭვი გაჩნდა, რომ მან და კვირიკაშვილმა აფხაზეთის რკინიგზის აღდგენაზე ისაუბრეს - ამის შესახებ რურუამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ეჭვს საფუძვლიანს ხდის აღნიშნულთან დაკავშირებით კარაპეტიანის მკაფიო განცხადებაც, რაც შემდგომ სომხურმა და რუსულმა მედიამაც დაადასტურა და აღნიშნა, რომ ლარსის ალტერნატიული ეკონომიკური გზა გაიხსნება.

"იმ შემთხვევაში, თუ აფხაზეთის რკინიგზა გაიხსნება, რისი საფუძვლიანი ეჭვიც არსებობს, ეს გამორიცხავს როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, ასევე დევნილების დაბრუნებას და არაღიარების პოლიტიკის შენარჩუნებას", - თქვა რურუამ.

ვიცეპრემიერმა კახა კალაძემ უარყო ინფორმაცია, რომ სომხეთის პრემიერმინისტრთან აფხაზეთის რკინიგზის აღდგენაზე ისაუბრეს.

"პირველად მესმის, ეს არ არის სწორი ინფორმაცია. თუ ამაზე რაიმე გადაწყვეტილება იქნება მიღებული... მსჯელობაც კი არ ყოფილა მთავრობაში. ასე რომ, ეს არის სიცრუე. ოპოზიცია ძალიან ბევრს რამეს ამბობს, ძალიან ბევრ სიცრუეს", - თქვა ვიცეპრემიერმა.

კომენტარები