იუსტიციის მინისტრი

წულუკიანი დარბევაზე: სამართალდამცველებს აქვთ უფლებამოსილება, თავად მიიღონ გადაწყვეტილება

ტვ. პირველი

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი 20-21 ივნისს მშვიდობიანი ანტირუსული აქციის დარბევაზე საუბრობს.

მისი შეფასებით, სახელწმიფოს სამართალდამცველი სტრუქტურები ჯგუფურ ძალადობას იგერიებდნენ და ამ შემთხვევაში ცალკეულ სამართალდამცველებს ჰქონდათ უფლებამოსილება, თავად მიეღოთ გადაწყვეტილება.

"როგორც ამ კონკრეტულ შემთხვევაში, როდესაც სახელმწიფოს სამართალდამცველი სტრუქტურები იგერიებენ ჯგუფურ ძალადობას, იგერიებენ სახელმწიფო ინსტიტუტზე თავდასხმას, რა თქმა უნდა, გაიცემა ბრძანებები ან კიდევ, ბრძანებებთან ერთად, კონკრეტული სამართალდამცველები უფლებამოსილები არიან, რომ საფრთხის ხარისხიდან გამომდინარე, თავადაც მიიღონ გადაწყვეტილება. თუ ვინ გასცა ბრძანება ამა თუ იმ სპეციალური საშუალებების გამოყენებაზე, როდის, ხოლო ადგილზე იქნებოდა ეს პოლიციელი თუ სპეციალური ჯგუფის წარმომადგენელი, რა გადაწყვეტილება მიიღო და რა საფრთხე დაინახა ამა თუ იმ ადამიანში, ეს უნდა იყოს გამოძიების თემა,"- თქვა წულუკიანმა.  

იუსტიციის მინისტრის თქმით, შესაძლოა, იმ ღამით არა ერთი, არამედ რამდენიმე ბრძანება გაცემულიყო. 

"გვარები და სახელები, ვინ რა ბრძანება გასცა, ეს მე არ ვიცი და ამაზე გამოძიება უნდა ჩატარდეს. სავარაუდოდ, ეს არ იყო ერთი ბრძანება, ეს იყო რამდენიმე ბრძანება ან ხანდახან, რისი უფლებაც აქვს საქმესთან მებრძოლ ადამიანს, ინდივიდუალური გადაწყვეტილება,"- თქვა თეა წულუკიანმა. 

20 ივნისის მშვიდობიანი, ანტირუსული აქცია სპეცრაზმმა ძალადობრივად დაშალა. დაშავდა 160 ადამიანი, მათ შორის, ორმა თვალი დაკარგა. მათ გარდა, სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს 80 პოლიციელი. ერთი კვირაა, პარლამენტთან მრავალათასიანი აქცია მიმდინარეობს, სადაც დემონსტრანტები შს მინისტრის, გიორგი გახარიას თანამდებობიდან წასვლას ითხოვენ. მმართველი გუნდი გიორგი გახარიას პასუხისმგებლობას ვერ ხედავს - ქართული ოცნება, ერთი მხრივ "პროვოკატორი ოპოზიციონერების", მეორე მხრივ კი, იმ სპეცრაზმელების დასჯას აპირებს, ვინც ძალას გადაამეტა. შსს-მ უფლებამოსილება შეუჩერა ათ სამართალდამცველს, მათგან ორის ქმედებებში კი, სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ნიშნები დაინახა.

კომენტარები