იუსტიციის მინისტრი

წულუკიანი NDI-ში: კუბლაშვილი განაჩენების სტატისტიკას არ მაძლევს

საქართველოს იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი, ვაშინგტონში ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტში (NDI) სიტყვით გამოვიდა. წულუკიანმა საქართველოში იუსტიციის სფეროში მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრა და აუდიტორიის შეკითხვებს უპასუხა. შეხვედრას ასევე ესწრებოდა საქართველოს ელჩი, არჩილ გეგეშიძე და მკვლევარი ტომას დე ვაალი კარნეგის ცენტრიდან. 

ტომ დე ვაალის შეკითხვა შეეხო გამამართლებელი განაჩენების სტატისტიკას. წულუკიანის თქმით წინა მთავრობის პირობებში პროკურორის ოფისი ყველაფერს აკონტროლებდა, რაც გამამართლებელი განაჩენების სიმცირეს ხსნის. წულუკიანმა განაცხადა, რომ მან ადეიშვილის ფაილი აღმოაჩინა, რომლის მიხედვითაც მოსამართლე პროკურატურასთან ახდენდა განაჩენის შეთანხმებას. 

"მე მაქვს ფაილი, რომელიც ჩემს წინამორბედს დარჩა. ეს არის მოსამართლის ანგარიში ჩემი წინამორბედისადმი, რომელიც ამბობს რომ მე [მოსამართლემ] განვიხილე ყველა სისხლის სამართლის საქმე რათა დამედასტურებინა, რომ ყველა მოსამართლე ჩემს სასამართლოში ისეთ განაჩენს გამოიტანს, რომელიც შეესაბამება პროკურატურის მოთხოვნებს", - განაცხადა წულუკიანმა.  

წულუკიანმა ტაბულას შეკითხვაზე, რომ მისი მთავრობის პირობებში გამამართლებელი განაჩენების სტატისტიკა 2013 წელს 2012 წელთან შედარებით დაახლოებით სამჯერ შემცირდა და ეს გრძელდება 2014 წელსაც, განაცხადა რომ მას ამ სტატისტიკაზე ხელი არ მიუწვდება, ვინაიდად უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე უარს აცხადებს ამ სტატისტიკის იუსტიციის სამინისტროსთვის მიწოდებაზე. აღსანიშნავია, რომ  2014, 2013 და 2012 წლის სტასისტიკა სასამართლოს ვებგვერდზეა განთავსებული და ყველასათვის ხელმისაწვდომია. 

წულუკიანმა კითხვაზე თუ რატომ გადავადდა ორი წლით ცვლილება მოწმეთა დაკითხვის წესის შესახებ, განაცხადა რომ მიუხედავად იმისა რომ წინა მთავრობა აპირებდა აღნიშნული ნორმის ამოქმედებას, ახალი მთავრობა თვლის, რომ საჭიროა ამ ნორმის დამატებით განხილვა. 

წულუკიანი ასევე შეეხო აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრობლემას და განაცხადა, რომ წინა მთავრობისგან განსხვავებით რომელიც უარყოფდა აფხაზებთან და ოსებთან საუბრის აუცილებლობას და მხოლოდ რუსეთს აღიარებდა კონფლიქტის მხარედ,  ახალმა მთავრობამ ეს შეცვალა და მზადაა ესაუბროს სეპარატისტ რეჟიმებს. 

განხილვა ასევე შეეხო NDI გამოკითხვების მიმართ მთავრობის უნდობლობას და პრემიერის განცხადებებს ამ კუთხით, წულუკიანის მიხედვით ის არ იზიარებს ამ აზრს და წინაასარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას აქტიურად ეყრდნობოდა NDI-ის გამოკითხვებს. 

კომენტარები