21 მარტის აქცია

ბაქრაძე: ქართულმა ოცნებამ თითოეულ ოჯახს მხოლოდ უარესობა მოუტანა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ორწელიწადნახევრის მანძილზე ქართულმა ოცნებამ მოახერხა ის, რომ თითოეულ ოჯახში უარესობა შეიტანა - ამის შესახებ თავისუფლების მოედანზე გამართულ აქციაზე საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა.

ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის თქმით, ნაციონალური მოძრაობა ორწელიწადნახევარი იყო ოპოზიციაში და მთავრობის გადადგომა არ მოუთხოვია, რადგან ქართული ოცნება ხალხმა აირჩია.

„მე ვამბობდი ვაკონტროლოთ მთავრობა და მეკითხებოდნენ რატომ არ გავუშვათ? იმიტომ რომ ის ხალხმა აირჩია. მე არ მომწონს ეს მთავრობა, მაგრამ პატივს ვცემ ხალხის არჩევანს, ამიტომ მოდი ვაკონტროლოთ და ვაიძულოთ საქმე გააკეთონ და დავაცადოთ საქმის გაკეთება. ამას ვამბობდით ორწელიწადნახევარი“ - განაცხადა ბაქრაძემ.  

ბაქრაძის განცხადებით, ამ პერიოდის გასვლის შემდეგ ნათელი გახდა, რომ ამ მთავრობისთვის დაცდა ნიშნავს საქართველოს უარესობისკენ დაცდას.

მისი განცხადებით, ერთადერთი რაც ქართულმა ოცნებამ მოახერხა არის ის, რომ თითოეულ ოჯახში უარესობა შეიტანა.

„გაუფასურებული ლარი, გაზრდილი ფასი პროდუქტებზე და წამლებზე, გაზრდილი უმუშევრობა და სიღარიბე, გაჩერების პირას მყოფი მაღაზიები, დახურვის პირას მყოფი ბაზრობები ეს ყველაფერი არის თითოეულ ოჯახში შესული უარესობა“. - განაცხადა ბაქრაძემ.

ბაქრაძის განცხადებით, აქციაზე შეკრებილი ხალხი ნაციონალური მოძრაობის გამო არ მოსულა, არამედ იმიტომ რომ ქვეყანა გაჭირვებაშია და ეს გაჭირვება საქართველოს მთავრობამ მოუტანა, რომელიც ახლა ქვეყანას მართავს.

„აქ ძალით დგომა არ ჭირდება პენსიონერს, რომელსაც 10 ლარით უზრდიან პენსიას 9 თვის მერე და მანამდე ინფლაციის გამო, 10 კი არა 25 ლარი დააკლდა მის პენსიას და ის ყოველ დღე გაძვირებულ წამალს უყურებს აფთიაქში. ძალით მოყვანა არ ჭირდება პატარა მაღაზიის მფლობელს ან გამყიდველს, რომელიც ვეღარ ყიდის ვერაფერს, რომელიც მაღაზიას ხურავს და უმუშევარი რჩება. ძალით მოყვანა არ ჭირდება ბაზრობის გამყიდველს, რომელსაც ერთი სული აქვს რაც ჩამოტანილი აქვს ის გაყიდოს, კრედიტი გაისტუმროს როგორმე და ფიქრობს რომ მერე უნდა დახუროს საერთოდ თავისი მაღაზია. ძალით მოყვანა არ ჭირდებათ იმ ადამიანებს, ვინც ყოველ დღე ღარიბდება. ამ გაჭირვების გამო ვამბობთ, რომ ეს მთავრობა უნდა წავიდეს“ - განაცხადა ბაქრაძემ.

ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის თქმით, რაც უფრო სწრაფად წავა მთავრობა, უფრო სწრაფად დადგება ქვეყანა ფეხზე.  მისი თქმით, ეს არ არის პარტიული ბრძოლა, ეს არ არის სკამებისთვის ბრძოლა, თანამდებობებისთვის ბრძოლა, არამედ ესაა ბრძოლა საქართველოს გადარჩენისთვის.

ბაქრაძის თქმით, ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, პირადად მისი პირველი ორი ინციატივა იქნება პოლიტიკური შერიგება და ეკონომიკური ამნისტია.

კომენტარები