სასჯელაღსრულების დეპარტამენტი

ნანუაშვილი: სასჯელაღსრულების დეპარტამენტში სისტემური ცვლილებებია საჭირო

უჩა ნანუაშვილი

საქართველოს სახალხო დამცველის ოფისი სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის დიმიტრი დარბაისელის მიერ თანამდებობიდან გადადგომის ფაქტს გამოეხმაურა. უჩა ნანუაშვილის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ახალი თავმჯდომარის დანიშვნა პენიტენციარულ სისტემაში მდგომარეობას რადიკალურად ვერ შეცვლის. 

”სასჯელაღსრულების სისტემაში ბოლო პერიოდში მრავალი პრობლემა დაგროვდა და მრავალი კითხვა კვლავაც პასუხგაუცემელი რჩება. მე დაგისახელებთ მხოლოდ რამდენიმეს. კერძოდ, დღემდე ვერ მოვისმინეთ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის პასუხი, თუ რატომ მოხდა სასჯელაღსრულების N6 დაწესებულებაში განთავსებული სამი მსჯავრდებულის გადაყვანა სასჯელაღსრულების N14 დაწესებულებაში და მათი განთავსება აწ გარდაცვლილ გიგა ფარტენაძის საკანში. ასევე გაურკვეველია, მოხდა თუ არა რისკების შეფასება, როდესაც ამ პირთა გადაყვანის შესახებ იქნა გადაწვეტილება მიღებული. აღნიშნულთან დაკავშირებით, ვერც საქართველოს მთავარი პროკურატურიდან მივიღეთ ინფორმაცია. საქართველოს პროკურატურამ ოფიციალური წერილით მხოლოდ იმ მოცულობის ინფორმაცია მოგვაწოდა, რაც მის ოფიციალურ ვებგვერდზე იყო გამოქვეყნებული და საზოგადოებას ისედაც მიუწვდებოდა ხელი”, - აღნიშნულია სახალხო დამცველის განცხადებაში.

უჩა ნანუაშვილის აზრით, სასჯელაღსრულების სისტემაში პატიმართა შორის ძალადობის რისკის თვალსაზრისით არაკეთილსაიმედო ვითარებაა, რასაც ერთვის სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომელთა მხრიდან პატიმართა მიმართ არასათანადო მოპყრობის შესახებ არაერთი შეტყობინება.

"სამწუხაროდ, დღემდე ამ თანამშრომელთა მიმართ შესაბამისი ზომები არ გატარებულა, ან აღნიშნულის თაობაზე ინფორმაცია არ მიგვიღია.
დაუსჯელობის სინდრომმა გარკვეულწილად განაპირობა სასჯელაღსრულების სისტემის ცალკეული პირების მხრიდან ჩემი რწმუნებულებისთვის მონიტორინგის განხორციელებისას საქმიანობაში, აშკარად გამოკვეთილ ფორმებში, ხელის შეშლა, რაც ყოვლად დაუშვებელია და არღვევს საქართველოს მიერ ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს. საგანგაშოა ის ფაქტიც, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტი, მიუხედავად იმისა, რომ სწორედ ის უნდა იყოს დაინტერესებული ჰქონდეს დაწესებულებაში არსებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერები არასათანადო მოპყრობის შესახებ ბრალდების გასაბათილებლად, ჩანაწერების შენახვის ვადის შესახებ ინფორმაციასაც კი არ გვაწვდის. აღნიშნული გვაძლევს ეჭვის საფუძველს ვივარაუდოთ, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტი შეგნებულად თავს არიდებს კითხვებზე პასუხის გაცემას, რითაც სერიოზულად აფერხებს პრევენციის ეროვნული მექანიზმის საქმიანობას”, - აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები