სასჯელაღსრულების დეპარტამენტი

პრემიერი: დარბაისელმა ძალიან ვაჟკაცური ნაბიჯი გადადგა და ეს დასაფასებელია

Reuters

საქართველოს პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, დიმიტრი დარბაისელმა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის პოსტიდან გადადგომით სწორი და სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება მიიღო. ამასთან, ღარიბაშვილის თქმით, სად-ში გამოწერილი მაღალი პრემიები მიუღებელი იყო და დარბაისელს გარკვეული შეცდომა მოუვიდა.

"თუმცა ღირსეული საქციელი იყო მისი მხრიდან, როდესაც თქვა, რომ მიიღო გადადგომის გადაწყვეტილება. ძალიან ვაჟკაცური ნაბიჯი გადადგა და ეს დასაფასებელია. ჩვენ შეცდომების და ხარვეზების არ გვეშინია, თუ ყურადღებას მიაქცევთ, ჩვენ თუ ოდესმე რაღაც შეცდომა მოგვდის, ამ შეცდომას მაშინვე ვასწორებთ. ეს არის ყველაზე მთავარი მონაპოვარი. ჩვენი ხელისუფლების მუშაობის სტილი დაფუძნებულია გამჭვირვალობაზე და სამართლიანობაზე. ჩვენ მხარეს არის სიმართლე და ამას ჩვენ ძალიან ვუფრთხილდებით", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერის თქმით, "ის, რომ რაღაც პატარა გადაცდომა იყო, ამაზე ტრაგედია არ უნდა შევქმნათ". ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა დარბაისელს და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გუნდს, რადგან პრემიერის თქმით, მათ ურთულესი საქმე შეასრულეს.

"მართლაც ურთულესი საქმე დაალაგეს, ციხე დაალაგეს და იქ რა პრობლემებიც არსებობდა ბოლო წლებში, აღმოფხვრეს აბსოლუტურად ცივილიზებული მეთოდებით. ამას დიდი შრომა სჭირდებოდა, ეს იყო 24-საათიანი მუშაობის შედეგი. ვიცი, რომ ისინი კვირების განმავლობაში არ მიდიოდნენ სახლში და საკუთარ ოჯახის წევრებს ვერ ნახულობდნენ. ამას სჭირდება დაფასება. ის, რომ დარბაისელი თავისი სურვილით გადადგა, მიმაჩნია, რომ სწორი, საღი, სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებაა", - განაცხადა პრემიერმა და დასძინა, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტში დარჩენილი გუნდი მუშაობას ჩვეულებრივ გააგრძელებს.

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსი დიმიტრი დარბაისელი თანამდებობიდან დღეს გადადგა. დარბაისელმა საგანგებო განცხადება გაავრცელა. მისი თქმით, "სრული აბსურდია ყველა ის ბრალდება, რომელიც გაისმა ჩემი და ჩემი თანამშრომლების მიმართ". დარბაისელი აღნიშნავს, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტს რთულ პირობებში მოუწია მუშაობა და სწორედ ამიტომ მიიღო თანამშრომლებისთვის მაღალი პრემიების გამოწერის გადაწყვეტილება.

შეგახსენებთ, რომ დიმიტრი დარბაისელს მისი უკვე ყოფილი მრჩეველი ლალი მოროშკინა დაუპირისპირდა და განაცხადა, რომ ყოფილი პრემიერი ვანო მერაბიშვილი ციხიდან სწორედ დარბაისელმა გაიყვანა. ამასთან, ბოლო კვირების მანძილზე, განხილვის თემა გახდა 2013 წლის დეკემბერში სად-ის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ მიღებული მაღალი პრემიები. სასჯელაღსრულების მინისტრის სოზარ სუბარის თქმით, დიმიტრი დარბაისელს მაღალი ხელფასების გაცემა მისთვის არ შეუთანხმებია. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა კი მიიჩნევს, რომ სად-ის თანამშრომლებს მაღალი პრემიები ვანო მერაბიშვილის ციხიდან გაყვანაზე დუმილისთვის დაურიგეს.

ასევე ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, დიმიტრი დარბაისელის გადაწყვეტილებით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტიდან გაათავისუფლეს ლალი მოროშკინა. 

კომენტარები