სასჯელაღსრულების დეპარტამენტი

თარგამაძე: ჩვენ მივიღეთ კიდევ ერთი ფარცხალაძე დარბაისელის სახით

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის შეფასებით, "სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ახალი უფროსი გოგი გახარია დიმიტრი დარბაისელის გაგრძელებაა". როგორც გივი თარგამაძემ დღევანდელ ბრიფინგზე თქვა, გახარია დღესაც დარბაისელის ქვეშევრდომია.

"რეალურად, ჩვენ მივიღეთ კიდევ ერთი ფარცხალაძე დარბაისელის სახით, რომელიც სისტემის გარედან ყოველგვარი პასუხისმგებლობის გარეშე გააკონტროლებს მის ქვემდებარე სისტემას, ისევე როგორც ბიძინა ივანიშვილი ყოველგვარი პასუხისმგებლობის გარეშე აკონტროლებს მთელი ქვეყნის ხელისუფლებას და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს", - განაცხადა თარგამაძემ.

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად გოგი გახარია დაინიშნა - ამის შესახებ ტაბულას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პრესსამსახურში უთხრეს. გოგი გახარიას სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა ეკავა. მან გასული წლის დეკემბერში სად-ში ყველაზე მაღალი პრემია -  39,130.34 ლარი მიიღო.

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსი დიმიტრი დარბაისელი თანამდებობიდან 23 მაისს გადადგა.

"თავდაპირველად, მოვალეობის შემსრულებლად დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დაინიშნა, ახლა ცვლილება განაპირობა იმან, რომ მან თავმჯდომარის მოვალეობის შესრულება არ ისურვა. სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატურის შესახებ კონსულტაციებს კი უახლოეს მომავალში პრემიერთან ერთად გავმართავთ", - თქვა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა სოზარ სუბარმა.

კომენტარები