სასჯელაღსრულების დეპარტამენტი

სად-ის ხელმძღვანელმა ლალი მოროშკინა თანამდებობიდან გაათავისუფლა

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარემ დიმიტრი დარბაისელმა თავისი მრჩეველი ლალი მოროშკინა თანამდებობიდან გაათავისუფლა. ამის შესახებ ჟურნალისტებს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსმა სოციალურმა მუშაკმა ავთანდილ ჟღენტმა განუცხადა. მისი თქმით, ლალი მოროშკინას მიერ ბოლო დროს გაკეთებული განცხადებები სტრუქტურის ღია დისკრედიტაციისკენ არის მიმართული.

„აღნიშნული განცხადებები და ბრალდებები ზოგიერთი პოლიტიკური პარტიის მიერ გამოთქმულ ბრალდებებს სრულად ემთხვევა“, - აღნიშნავს ჟღენტი.

როგორც სამინისტროს უფროსი სოციალური მუშაკი ამბობს, ლალი მოროშკინას მიერ გაკეთებულ დესტრუქციულ განცხადებებს წინ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსთან მისი შეხვედრა უძღოდა, სადაც მან ყოველთვიურად 10 000 ლარის ოდენობით პრემია და ახალი ავტომანქანა მოითხოვა, რაზეც უარი მიიღო.

„ამის შემდეგ მოროშკინამ სხვადასხვა ცრუ და აბსურდული განცხადებების გაკეთება დაიწყო“, - ამბობს ჟღენტი.

ავთანდილ ჟღენტის ინფორმაციით, შრომითი ხელშეკრულების მიხედვით, მოროშკინა სასჯელაღსრულების დეპარტამენტში 2013 წლის 1 იანვრიდან შტატგარეშე თანამშრომლად ირიცხება. მას შრომით ხელშეკრულებას ვადა 2014 წლის 30 ივნისს ეწურება.

„მოროშკინა მაშინაც ცრუობს, როდესაც ამბობს, რომ აღნიშნულ სამსახურში თითქოს პრემია არ აუღია. მას თანამდებობრივ სარგოსთან ერთად პრემიის სახით 30 000 ლარი აქვს მიღებული“, - დასძენს ღლონტი. 

ცნობისთვის, ბოლო დღეებში ლალი მოროშკინა სად-ის ხელმძღვანელს ღიად დაუპირისპირდა. მისი განცხადებით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი ციხიდან ნამდვილად გაიყვანეს და "ეს დიმიტრი დარბაისელის დამსახურება იყო".

კომენტარები